მონადირე ძაღლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონადირე ძაღლები, ნადირობისათვის განკუთვნილი სპეციალიზებული ძაღლების ჯიშური ჯგუფი. მსოფლიოში მონადირე ძაღლების 100—მდე ჯიშია ცნობილი. მონადირე ძაღლების საშუალებით მოიპოვებენ ძვირფასი ბეწვეულის 60%-ზე მეტს და დიდი რაოდენობით ხორცის მომცემ ნადირ-ფრინველს. განასხვავებენ თანამედროვე მონადირე ძაღლების რამდენიმე ჯგუფს:

  • ყეფიები (რუსულ-ევროპული, დასავლეთციმბირული, აღმოსავლეთციმბირული, კარელიურ-ფინური), რომლებსაც იყენებენ ტყიან და ტყე-ველიან ზონებში ნადირ-ფრინველის მოსაპოვებლად. მოძებნის შემდეგ ისინი ყეფით აჩერებენ ნადირს მონადირის მისვლამდე. საქართველოს დასავლეთ რაიონებში (აჭარა, გურია) არსებობს ყეფიას მსგავსი ძაღლი - „მეკვერნე“ ანუ „ჩაქირი“, იგი ტანად პატარაა, ყურებაცქვეტილი, აქვს მოწითალო თვალები. უხეში წაბლისფერი ბეწვი, თეთრი კისერი, ყელი, კიდურები და კუდის ბოლო. გამოირჩევა უნდობლობით, სიავითა და შეუპოვრობით, საკავშირო სტანდარტს არ განეკუთვნება მცირერიცხოვრების გამო;
  • მადევრები (რუსული, ინგლისურ-რუსული, ანუ ჭრელი, ესტონური, ჰანოვერული, ბავარიული, ფიქსჰაუნდი, ბიგლი, ბასეტი და სხვა), რომლებსაც იყენებენ ტყიან და ტყე-ველიან ზონებში კურდღეზე, მელაზე, მგელზე, ტურასა და ჩლიქოსნებზე სანადიროდ. ისინი ყეფით სდევენ ნადირს კვალზე, სანამ მონადირე არ გადაუჭრის გზას;
  • მწევრები (რუსული გრძელბანჯგვლიანები, რუსული ველის, მოკლებეწვიანი, შუაზიური თაზი, ყირგიზული თაირანი, ინგლისური, ავღანური, ირანული და სხვა), რომლებსაც იყენებენ კურდღელზე, მელაზე, მგელზე, წვრილფეხა ჩლიქოსნებზე სანადიროდ ღია, გაშლილ ადგილებში. სპეციფიკური აღნაგობა, სწრაფი სირბილი (დაახლოებით 20 მ/წმ) , მახვილი მხედველობა საშუალებას აძლევს ადვილად დაეწიოს და შეიპყროს ნადირი (ეს ძაღლი საქართველოში გადაშენდა);
  • სოროს ძაღლები (ტაქსა, ტერიერი, ფოქსტერიერი), რომლებსაც იყენებენ მელაზე, მაჩვზე, ენოტისებურ ძაღლზე სანადიროდ, სოროში ებრძვიან ნადირს, გარეთ დევნიან ან სოროშივე ახრჩობენ (საქართველოში მცირერიცხოვანია);
  • მეძებრები (სეტერი, პოინტერი, კურცჰაარი, დრატჰაარი და სხვა), იყენებენ ჭაობის, ტყის, ველისა და წყალში მცურავ ფრინველზე სანადიროდ, ეძებენ ყნოსვით, აქვთ დამახასიათებელი ნაბული, უჩვენებენ ფრინველის ადგილსამყოფელს (საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ და ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია);
  • სპანიელები (ინგლისური კოკერი და სხვა), ანუ ფრინველების მადევრები. ეძებენ ყნოსვით, ამოაფრენენ ნაბულის გარეშე, მოკლული ფრინველი თვითონვე მიაქვთ პატრონთან. საქართველოში საკმაოდ გავრცელებული ძაღლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუნიავა ლ., სააკაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 89, თბ., 1984