მომხმარებელი:სოფი მილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წიგნიერების განვითარება (Literacy Development)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ტერმინი წიგნიერება მოიაზრებდა განსხვავებულ შინაარსებს. ძველად წიგნიერება გულისხმობდა მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნას, მათემატიკურ და ვერბალურ უნარებს. მე-20 საუკუნიდან, საზოგადოების ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, შეიცვალა და გაფართოვდა წიგნიერების, როგორც ცნების მნიშვნელობა. საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და გლობალური საზოგადოების ზრდამ სათავე დაუდო წიგნიერების ახალ, მოდერნისტულ სახეებს, რომელთა განსაზღვრებაც შემდგომ ამგვარად ჩამოყალიბდა: კულტურული, მულტიკულტურული და ბილინგვური წიგნიერება. ტერმინი კულტურული წიგნიერება შეიმუშავა ჰირშმა (Hirsch) 1983 წელს და გულისხმობს კულტურათაშორისი მსგავსებებისა და განსხვავებების, ღირებულებების, ტრადიციების, სხვადასხვა წეს-ჩვეულებების გაცნობიერებასა და დაფასებას. მულტიკულტურული წიგნიერება მოიაზრებს არა მხოლოდ სხვისი კულტურისა და ტრადიციების დაფასებას, არამედ ამგვარ გარემოში ადეკვატური და სრულფასოვანი ფუნქციონირების უნარ-ჩვევებს. ბილინგვური წიგნიერება მოიაზრებს ყველა შემთხვევას, როდესაც კომუნიკაცია მყარდება ორ (ან მეტ) ენაზე წერილობით, ან მის გარშემო (Hornberger, 1990, p. 213). ბილინგვური წიგნიერება დღეისათვის მსოფლიოში ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც მშობლიური ენისა და სხვა საბაზისო კომპეტენციების ფლობა. საინფორმაციო ხანაში, 21-ე საუკუნეში, გაჩნდა წიგნიერების კიდევ რამდენიმე ახალი ფორმა: საინფორმაციო წიგნიერება, მედიაწიგნიერება და ვიზუალური წიგნიერება.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ტერმინი წიგნიერება, ვიწრო განმარტებით, გულისხმობს ბგერების, სიტყვებისა და ენის ცოდნას. წიგნიერება არის ბავშვის წერა-კითხვის, კომუნიკაციისა და სოციალიზაციის საფუძველი. Matthew Lynch-ი ბავშვის მიერ წერა-კითხვის ათვისების პროცესს ყოფს 5 ეტაპად: 1. განვითარებადი მკითხველი (ეს ეტაპი მოიცავს 6 თვიდან 6 წლამდე პერიოდს) ამ ეტაპზე ბავშვები აგროვებენ ინფორმაციას და სწავლობენ სიტყვებს, განარჩევენ ერთმანეთისაგან ხმის ტემბრსა და ცნებებს, ითვისებენ წიგნიერების იმ ელემენტარულ საწყისებს, რაც მათ შემდგომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდებათ. 2. ახალბედა მკითხველი ( 6-დან 7 წლამდე) მეორე ეტაპზე ბავშვები სწავლობენ ასოებსა და ბგერებს შორის, დაბეჭდილ და სათქმელ სიტყვებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას; იწყებენ მოკლე მოთხრობების კითხვას და პირველ ეტაპზე შეძენილ ცოდნას იყენებენ ახალი სიტყვების გასაგებად. 3. გამშიფვრელი მკითხველი (7-დან 9 წლამდე) მესამე ეტაპზე ბავშვები ნაცნობ ამბებსა და ტექსტებს კითხულობენ უფრო და უფრო მეტი სიმკვირცხლითა და შეუფერხებლობით. 4. დინამიური მკითხველი (9-დან 15 წლამდე) წიგნიერების განვითარების ამ ეტაპზე მოზარდი ეცნობა ახალ იდეებს, ითვისებს ახალ ცოდნასა და საკითხის სხვადასხვა პერსპექტივებიდან განხილვის უნარებს. 5. ექსპერტი მკითხველი (16 წლიდან ზემოთ) მეხუთე ეტაპზე მოსწავლეს შეუძლია გაეცნოს მასალათა ფართო სპექტრს, სხვადასხვა დისციპლინებს, მათ შორის, ბიოლოგიურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. წიგნიერება ფართო მნიშვნელობით მოიაზრებს სამ ძირითად კომპონენტს. ესაა ცოდნის შეძენის, გააზრებისა და გამოყენების ერთობლიობა.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევები და მათი მნიშვნელობა.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნიერების საერთაშორისო კვლევები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ თუ როგორ ზრუნავენ მოსწავლეთა განვითარებაზე სხვადასხვა ქვეყნებში. წიგნიერების განვითარებასთან დაკავშირებულ კვლევებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვთ და ამ კვლევათა შორის უდიდესი ადგილი PIRLS (The Progress in International Reading Literacy Study) უჭირავს. ის ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს შეაფასონ სწავლა-სწავლების მეთოდების ეფექტურობა, პროგრესი, დაინახონ პრობლემები და დაგეგმონ ცვლილებები განათლების სისტემაში. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) საქართველოში 2006 წელს ჩატარდა და მიზნად ისახავდა 9-10 წლის ბავშვებში კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარების შეფასებას. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა მიერ წაკითხულის გააზრების უნარი საშუალოზე დაბალი მაჩვენებლით განისაზღვრა. მდგომარეობა არც 2016 წლის PIRLS-ის შედეგების მიხედვით გაუმჯობესებულა. ქალაქის სკოლებში მოსწავლეთა 11%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური კომპეტენციაც არ აქვს, სოფლის სკოლებში კი ეს რიცხვი 18%-ს აღწევს.

2016 წელს, ცენტრალური კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ჯონ მილერის (Miller &McKenna 2016) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო წიგნიერების დონის მაჩვენებლით, 61 ქვეყანას შორის 51-ე ადგილს იკავებს. პროფესორ ჯონ მილერის ჯგუფი ქვეყნებში წიგნიერების მაჩვენებელს 5 სხვადასხვა კატეგორიის 15 ცვლადის მიხედვით განსაზღვრავდა. მკვლევართა გუნდი სწავლობდა კონკრეტულ ქვეყნებში ბიბლიოთეკების მდგომარეობას, გაზეთების რაოდენობას, ინტერნეტსა და კომპიუტერებზე ხელმისაწვდომობას. კვლევისას ასევე შეაფასეს PIRLS-ისა და PISA-ს (The Program for International Student Assessment) შედეგები და სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით დაიკავა საქართველომ 51-ე ადგილი.

საქართველო და წიგნიერების განვითარებაზე ზრუნვა.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნისა და საზოგადოების შიგნით ბავშვის წიგნიერების განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებს. „დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე“ (საქ. კანონი განათლების შესახებ, მუხლი 6,4). აუცილებელია, რომ განათლების სისტემის მიერ დანერგილი სწავლების მეთოდები ყველასათვის იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ქართველი ბავშვებისათვის, არამედ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის. 2012 წელს საქართველოში დაფუძნდა საგანმანათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმი, რომლის სულისჩამდგმელიც არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. ეკვილიბრიუმის მიზანია საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლება, რომლის ფარგლებშიც მოიაზრება სადისკუსიო სივრცეების შექმნა, სოფლის ბიბლიოთეკებში წიგნური ფონდების შევსება, საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა.


გამოყენებული ლიტერატურა:

ლეკიაშვილი, მარიამ „სტუდენტთა წიგნიერების ხარისხის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“, სამაგისტრო ნაშრომი, თბილისი, 2019. Hancy H. Hornberger “Bilingual Literacy”, (First published 05 November 2012) Mattew Lynch, “What are the five stages of Reading Development?” (March 13, 2019) „წიგნიერება - PIRLS 2006 საქართველოში“ - გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2008 წელი.

ბმულები: https://onlinelibrary.wiley.com/doi/abs/10.1002/9781405198431.wbeal0095 https://openscience.ge/bitstream/1/807/1/samagistro%20lekiashvili.pdf https://naec.ge/uploads/images/doc/SXVA/wigniereba_pirls_2006_2013.pdf https://www.theedadvocate.org/what-are-the-five-stages-of-reading-development/ http://mastsavlebeli.ge/?p=2360