მომხმარებელი:ბაბილინა ბულისკერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი მიზანია, მსოფლიო საზოგადოებრიობას ვუთხრათ, რომ აფხაზეთი - საქართველოა, საქართველოს ძირძველი კუთხე, ქართველების სამკვიდრო, მამა-პაპათგან მემკვიდრეობით გადმოცემული მამული. შესაბამისად, შინ თუ გარეთ, ყველას ავუხსნათ, რომ აფხაზეთი ერქვა და ჰქვია ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ერთ კუთხეს, აფხაზები კი ამ კუთხის მკვიდრთ. და, რომ ისტორიული აფხაზები ისეთივე კოლხები (ლაზები, ჭანები, მეგრელები...) ანუ ქართველები არიან, როგორც სვანები, კახელები, იმერლები, ქართლელები, გურულები და სხვ. ყველანი ერთად კი ქმნიდნენ ქართულ კულტურას, რომელშიც მათი წვლილის განცალკევება შეუძლებელია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ანტიკური ხანის კოლხეთის გულში (ვანში) გამოვლენილ ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ძეგლებს ერთნაირად ეძებნება წინამორბედები იმერეთშიც (ფარცხანაყანევი), ქართლშიც (ცხინვალი), სამეგრელოშიც (ნოსირი) და აფხაზეთშიც (ჭუბურხინჯი). გარდა ამისა, ქართველი ერის თემების, მათ შორის, რა თქმა უნდა, აფხაზების მატერიალური და სულიერი კულტურის ერთიანობას განსაკუთრებით თვალსაჩინოს ხდის ეთნოლოგიური კვლევა, რომელმაც დაადასტურა უახლოეს წარსულში მათი ყოფა-ცხოვრების, სამეურნეო საქმიანობისა და რწმენა-წარმოდგენების თითქმის აბსოლუტური ერთგვაროვნება. მათ ისტორიაც საერთო აქვთ და შუა საუკუნეებში ერთიანი საქართველოს სახელმწიფოსაც ერთად ქმნიდნენ. აფხაზეთში IX საუკუნიდან XIX საუკუნემდე როგორც სახელმწიფო და საეკლესიო, ისე დამწერლობის ენა ქართული იყო. აფხაზთა პირველი მეფეები საკუთარ თავს ქართველ სუვერენებად, ხოლო თავიანთ სამფლობელოს იმ ერთობის ნაწილად მიიჩნევდნენ, რომლის სახელი საქართველო იყო და არის. ამის უტყუარი საბუთია ის მრავალრიცხოვანი ქართული (მხოლოდ და მხოლოდ ქართული) წარწერები, რომლებიც აფხაზთა მეფეებმა დაგვიტოვეს არა მარტო ქართლსა და იმერეთში, არამედ საკუთრივ აფხაზეთში (გუდაუთის რაიონის სოფ. სიგხუას წარწერა). XV საუკუნის ბოლოდან, ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლას აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასიიდან აფსუა-ადიღეური ხალხის შემოდინება მოჰყვა. ამ პროცესმა მასობრივი ხასიათი XVII საუკუნიდან მიიღო. საქართველომ ისინი შეიფარა. საბოლოოდ, მოსულთ დამხვდურებთან ერთად ეწოდათ აფხაზები-მთელი კუთხის, ადრე კი მთელი დასავლეთ საქართველოს მკვიდრთა სახელი. მოგვიანებით, ამ „ახალი აფხაზებისა“ და ქართველების ურთიერთობები უკიდურესად გართულდა. მათ დაპირისპირებაში მთავარი როლი რუსულმა იმპერიალისტურმა პოლიტიკამ შეასრულა. ის ამაზე მრავალი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ (1801წ.) კი მის უმთავრეს მიზნად იქცა ქართული სახელმწიფოებრიობის ყველა ნაშთის გაცამტვერება. ამისთვის რუსეთი ძალზე ეფექტურად იყენებდა ეთნიკურ ერთობათა დაპირისპირების ნაცად ხერხს - ისტორიული რეალობის გაყალბებას, ავტოქტონური მოსახლეობის უფლებების სრულ უარყოფას და ჩამოსახლებულთა წაქეზებას აქ უკვე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მისათვისებლად. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ამა თუ იმ ძეგლის ქართული წარმომავლობის დამადასტურებელი კვალის წაშლა ვერ ხერხდებოდა, მათ მიზანმიმართულად ანადგურებდნენ. რუსეთმა აფხაზთა საერთო ქართული ცნობიერების გადასაგვარებლად და ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრობის დასათესად აფხაზეთის ეთნიკური რუკაც კი შეცვალა: აფხაზთა დიდი ნაწილი თურქეთში გადაასახლა, ეგრეთ წოდებულ, მოჰაჯირებად აქცია და მათ ადგილას რუსული და სომხური დასახლებები შექმნა. საბჭოთა პერიოდში (XX ს-ის 30-იან წლები) კი პირიქით, აფხაზთა რიცხვი ხელოვნურად გაზარდა ჩრდილოკავკასიელი, აფხაზების მონათესავე ენაზე მეტყველი, მაგრამ სრულიად განსხვავებული ეთნო-კულტურული ცნობიერების მატარებელი აბაზი მოსახლეობის ჩამოსახლების ხარჯზე. თანდათან საკმაოდ გაძნელდა ისტორიული აფხაზების და ამ ახლად ჩამოსახლებული ეთნიკური ჯგუფების ერთმანეთისგან განცალკევება, მით უმეტეს, რომ როგორც ზემოთ ვთქვით, აფხაზეთში მცხოვრებ დღევანდელ ადიღებს, ჩერქეზებს, აბაზებს აფხაზები დაერქვათ. ამასთანავე, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სულიერების ძეგლები - მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ისტორიული ფასეულობები ამ „ახალი აფხაზების“, ან რაც უფრო მეტად საოცარია, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პრეტენზიის საგანიც გახდა. აფხაზეთში ყველაზე დიდი დანაშაული ქართველი ერისა და კაცობრიობის წინაშე XX საუკუნის მიწურულს მოხდა, როდესაც დიდი ჩრდილოელი მეზობლის ხელშეწყობით, საკუთარი სამკვიდროდან საშინელი სისასტიკით გამოაძევეს აფხაზეთის ძირძველი ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. აფხაზეთის ქართული მოსახლეობისგან დროებითმა დაცლამ ამ ტერიტორიაზე ქართული სულიერების ერთ-ერთი მთავარი შენაკადის - აფხაზეთის კულტურული და ისტორიული ფასეულობების ხელყოფა გამოიწვია. ქართული კვალის წასაშლელად მიზანმიმართულად განადგურდა ან ნადგურდება მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები - უმთავრესად ადრინდელი შუა საუკუნეების დიდი ისტორიულ-მხატვრული ღირებულების, მათ შორის უნიკალური, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ქრისტიანული ეკლესიები, საერო ხუროთმოძღვრების ანსამბლები, კედლის მხატვრობის უიშვიათესი ნიმუშები და ისტორიული ინფორმაციის შემცველი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები. მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებრიობამ უნდა შეძლოს ამ ვანდალიზმის დანახვა, გაცნობიერება და საქართველოსთან ერთად მისი დროზე შეჩერება. ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობების სავალალო მდგომარეობისა და მათი გადარჩენის მიზნით შედგენილი სახელმწიფო პროგრამის ჯეროვანი პრეზენტაცია მოხდება მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე. ეს კი ახალი კუთხით წარმოაჩენს რუსეთის არა მარტო სამხედრო, არამედ რელიგიურ-კულტურულ ექსპანსიას აფხაზეთში და ახალ სტიმულს შესძენს აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესს.

მოკლე ისტორიული მიმოხილვა

აფხაზეთში ქართული სულიერების დასაცავად
„ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ქართველი ერის ეთნარქებს – ქართლოსს, ეგროსს და ჰეროსს მიეცათ

საუფლებო ქვეყნები – „ხოლო ეგროსს მიეცა ქვეყანა ზღვის ყურისა და უჩინა საზღვარი. აღმოსავლეთით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი, დასავლეთ ზღვა, ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადაც წარწვდების წვერი კავკასიისა, ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი, აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია“ („ქართლის ცხოვრება“, I, 1995, გვ. 5). უძველეს დროს ისტორიული ეგრისი გაიყო ორ ნაწილად, შემდგომ ერთ ნაწილს ეწოდა ოდიში (სამეგრელო), ხოლო მეორე ნაწილს – აფხაზეთი. საზღვარი ოდიშსა და აფხაზეთს შორის გადიოდა ანაკოფიასთან, ანუ თანამედროვე ახალ ათონთან. ვახუშტი წერს, რომ ქალაქი ანაკოფია ბაგრატიონ მეფეებს აუშენებიათ: „არამედ აწ ოხერ არს, და საზღვარი ოდიშისა და აფხაზეთისა; ამ ანაკოფიის აღმოსავლით ზღვიდამ მთამდე შეავლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმან, აფხაზთა გამოუსვლელობისათვის, გარნა აწ უქმად არს“ („ქართლის ცხოვრება“, IV. თბ., 1973, გვ. 781 - 782).

აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა, რომ აფხაზეთი ისეთივე საქართველო, ხოლო აფხაზი ისეთივე

ქართველი იყო, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი. თანახმად ნ. ბერძენიშვილისა, იმის შემდგომაც კი, რაც დასავლეთ საქართველო აფხაზთა სამეფომ მოიცვა (VIII ს.) და შეიქმნა ახალი სახელმწიფო, იქ ახალი ეთნიკური ერთობა „აფხაზი ხალხი“ არ ჩამოყალიბებულა. აფხაზთა სამეფო ქართველთა სახელმწიფო იყო, ხოლო „აფხაზნი“ ქართველები იყვნენ. არავითარი აფხაზი ეროვნების კონსოლიდაცია არ მომხდარა. მან თავისი ადგილი ქართულ ეროვნებაში იპოვა. აფხაზთა დინასტია სათავეში ჩაუდგა ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შენებას, ქართული კულტურის სამსახურს. ქრისტიანობას დასავლეთ საქართველოში, მოციქულთა გარდა, I-III საუკუნეებში რომის იმპერიიდან ლტოლვილი ქრისტიანებიც ავრცელებდნენ. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოში მძლავრი ქრისტიანული კერები შექმნილა, იმდენად მძლავრი, რომ IV საუკუნის დასაწყისში, 325 წელს, ჩვენი ქვეყნის ორი ეპისკოპოსი - ბიჭვინთელი და ტრაპეზუნტელი I მსოფლიო საეკლესიო კრებაში (ნიკეაში) მონაწილეობდა. პ. ინგოროყვას მიხედვით, მე-13 საუკუნის ბოლომდე აფხაზეთი ქვეყნის - საქართველოს, რომელიც თითქმის მთელ კავკასიას მოიცავდა, პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრის მისიას ასრულებდა. აფხაზეთის სამეფო მხოლოდ ქართულ მიწებს მოიცავდა, რაც კარგად ჩანს მის ადმინისტრაციულ მოწყობაში. აფხაზთა სამეფო დაყოფილი იყო რვა საერისთავოდ. აქედან ისტორიული აფხაზებით (ქართველებით) დასახლებული აფხაზეთის საერისთავოც, დანარჩენი საერისთავოები - ცხუმის, ეგრისის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, არგვეთის, ვაკე-იმერეთის (ცენტრი - ქუთაისი), მით უმეტეს, ქართველებით იყო დასახლებული. ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ მთელ აფხაზთა სამეფოში ქართული სალიტერატურო ენა იქცა სახელმწიფო და საეკლესიო ენად. ამ სახელმწიფოს ქართულმა შინაარსმა განსაზღვრა ის გარემოება, რომ აფხაზეთის დედაქალაქი გახდა ქ. ქუთაისი, ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აფხაზეთის მეფეებმა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან გამოყოფასაც მიაღწიეს და ეგრის-აფხაზეთის ეკლესია მცხეთის კათალიკოსს დაუქვემდებარეს. დაიწყო (Xს) ძველი (ბიზანტიური) საეპისკოპოსო კათედრების მოშლა და ახალი ქართული კათედრების დაარსება. სწორედ ამ პერიოდში აიგო არაერთი ეკლესია ქართული ასომთავრული წარწერებით. ამრიგად, X საუკუნისთვის მთელი დასავლეთ საქართველო, აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ჩათვლით, ერთიან ქართულ ქრისტიანულ სამყაროს წარმოადგენდა. აფხაზეთის სამეფოს შექმნის შემდეგ მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორია აფხაზეთად იწოდება. ახალ მნიშვნელობას იძენს ტერმინი „აფხაზი“. თუ წინათ ის აღნიშნავდა მხოლოდ ერთი - აფხაზეთის საერისთავოს მოსახლეობას, ამჯერად ის მთელ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას მოიცავს. X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის დასაწყისში საქართველო კვლავ ერთ სამეფოდ გაერთიანდა. აფხაზეთის სამეფო, რომელიც პირველობდა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლაში, ამიერიდან მისი შემადგენელი ნაწილი გახდა. გაერთიანებული სახელმწიფოს სათავეში დედის ხაზით აფხაზეთის ტახტის მემკვიდრე ბაგრატ III ბაგრატიონი მოექცა. შესაბამისად შეიცვალა ტერმინების „აფხაზეთის“ და „აფხაზის“ მნიშვნელობა. იმდროინდელ ისტორიულ წყაროებში, განსაკუთრებით აღმოსავლურ ლიტერატურაში აფხაზეთად იწოდებოდა ერთიანი ქართული სახელმწიფო, ქართველები კი - აფხაზებად. ეს აიხსნებოდა ბაგრატ მესამის ტიტულატურით, რომელიც იწყებოდა: „მეფე აფხაზთა... ტერმინი „აფხაზი“ ამიერიდან ნიშნავდა არა მხოლოდ დასავლეთელ ქართველს და აფხაზეთის საერისთავოს მკვიდრს, არამედ ზოგადად ქართველსაც. საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის პერიოდში აფხაზეთის ფეოდალები და მთელი მოსახლეობა აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ისინი ქართველ მეფეებს უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველთვის გვერდით ედგნენ. აფხაზეთის კულტურული ცხოვრების ერთიან ქართულ კულტურასთან განუყოფლობაზე ნათლად მეტყველებენ აფხაზეთში აგებული ქართული წარწერებით შემკული ეკლესიები და სხვა სამოქალაქო ნაგებობები. აქ ქართული ენა ფუნქციონირებდა როგორც დამწერლობის, ისე სახელმწიფო და საეკლესიო (ღმრთისმსახურების) ენა. ერთიანი ქართული სამეფოს კულტურამ დიდი გავლენა იქონია აფხაზეთის მოსახლეობის სულიერ სამყაროზე. აფხაზეთის ტერიტორიაზე აშენებული არაერთი ეკლესია ადასტურებს, რომ აქ მაშინ ფეოდალურ კულტურას მკვეთრად გამოხატული ქრისტიანული ხასიათი ჰქონდა. ბედიის ტაძარი, ილორის ეკლესია, ბზიფის ციხის ეკლესია მიეკუთვნება ქართული საკულტო არქიტექტურის ტიპიურ ძეგლებს. მათ ახასიათებთ იგივე ნიშნები, რაც XI-XII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. XV საუკუნის ბოლოს გარეშე მტრებთან განუწყვეტელ ბრძოლაში დაუძლურებული საქართველოს ერთიანი სამეფო დაიშალა. ამის შემდეგაც გრძელდებოდა შიდაფეოდალური დაპირისპირებები, მათ შორის ოდიშის (სამეგრელოს) მთავრებსა (დადიანები) და მათ დაქვემდებარებაში მყოფ აფხაზეთის ერისთავებს (შარვაშიძეები) შორის. ამ უკანასკნელთა ზურგს უკან ოსმალები და კავკასიელი მთიელები იდგნენ. XVI საუკუნეში აფხაზეთის საერისთავოში აბაზინელთა (აფსუათა) დამკვიდრებისა და იქ ქრისტიანობის განადგურების შემდეგ ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დადიანები იძულებული გახდნენ ადმინისტრაციული საზღვარი ანაკოფიიდან სოხუმის სამხრეთ-დასავლეთით მდინარე კელასურზე გადმოეტანათ და იქ მთიელთა შემაკავებელი კედელი აეშენებინათ. XVII საუკუნის 80-იან წლებში აფხაზეთის ერისთავებმა ოსმალეთისა და კავკასიელ მთიელთა გადამწყვეტი მხარდაჭერით სამეგრელოში რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს და მდინარე ენგურამდე არსებული ტერიტორია დაიკავეს. მითვისებულ ტერიტორიაზე წარმართულმაჰმადიანური აღმსარებლობის კავკასიელი მთიელები ჩამოსახლდნენ. დაკავებულ ტერიტორიაზე, გარდა თანამედროვე გალის რაიონისა, რომელიც მთიელებმა ეთნიკურად ვერ აითვისეს და რომელზეც მალე კვლავ ოდიშის იურისდიქცია გავრცელდა, ქრისტიანობა აღიგავა პირისაგან მიწისა. მალე აფხაზეთის საერისთავო სამ სამფლობელოდ დაიშალა: ჩრდილოეთი ნაწილი - ბზიფსა და კოდორს შორის ტერიტორია („ბზიფის აფხაზეთი“), კოდორსა და ღალიძგას შორის ტერიტორია („შუა სოფელი“) და ღალიძგასა და ენგურს შორის მდებარე ტერიტორია (შემდეგ ამ ტერიტორიას, სადაც ქართველები ჭარბობდნენ, სამურზაყანო ეწოდა). მთიელთა ჩამოსახლებამ მხარის ეკონომიკურ-კულტურული დონის დაცემა გამოიწვია. მიუხედავად რეგიონში მომხდარი დემოგრაფიული და პოლიტიკური ცვლილებებისა, აფხაზეთი, რომლის სათავეში შარვაშიძეები იდგნენ, კვლავაც რჩებოდა ქართული სამყაროს განუყოფელ ნაწილად. შარვაშიძეთა მიერ ორგანიზებული ლაშქრობები არ შეიძლება მივიჩნიოთ ეთნო-პოლიტიკურ კონფლიქტად. იგი წმინდა შიდა ფეოდალური დაპირისპირების ხასიათს ატარებდა, რაც იმ დროს სხვა ქართულ სამეფოსამთავროებს შორისაც შეინიშნებოდა. ამავე დროს, აფხაზეთში გაიზარდა თურქული გავლენა, რის შედეგად, აფხაზურ-ქართული ურთიერთობები უკიდურესად შესუსტდა.

XIX საუკუნის დამდეგს, სრულიად საქართველო, მათ შორის აფხაზეთი რუსეთმა დაიპყრო. 1810 – 1864

წლებში აფხაზეთი ფორმალურად ინარჩუნებდა რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფი თვითმმართველი სამთავროს სტატუსს. XIX საუკუნის 60-70-იანი წლები აფხაზეთის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ პერიოდად არის მიჩნეული. რუსეთმა კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ, 1864 წელს, აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და იქ უშუალო რუსული მმართველობა დაამყარა. აფხაზეთს სოხუმის სამხედრო განყოფილება ეწოდა და ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დაექვემდებარა. რუსეთის მთავრობა აფხაზეთში თანმიმდევრული კოლონიზატორული პოლიტიკის გატარებას შეუდგა, რომლის მიზანი მხარის გარუსება იყო. აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ვერ შეეგუა იმპერიის რეჟიმს, გადასახლებულ იქნა თურქეთში (მუჰაჯირობა). 1880 – 1907 წლებში რუსეთის იმპერიაში აფხაზები ოფიციალურად, იმპერატორის ბრძანებულების შესაბამისად, დამნაშავე ერის სახელს ატარებდნენ, პოლიტიკური და სოციალური უფლებების შესაბამისი შეზღუდვებით. მუჰაჯირობის შედეგად ნახევრად დაცარიელებულ აფხაზეთში კი სხვადასხვა ეროვნების ხალხთა ჩამოსახლება დაიწყო. ამით რუსეთი ჯერ კიდევ მაშინ შეუდგა აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოშორებას. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ აფხაზ ხალხს, ბუნებრივია, გვერდით დაუდგა თავად ცარიზმის კოლონიური პოლიტიკით საკმაოდ შევიწროებული ქართული საზოგადოება. საერთოდაც, ქართველ სასულიერო და საზოგადო მოღვაწეებს დიდი წვლილი მიუძღვით აფხაზეთში ჯერ კიდევ XVII საუკუნეში განადგურებული ქრისტიანობის აღდგენის, დაცარიელებული უძველესი ქრისტიანული ტაძრების განახლების, სკოლების დაფუძნებისა და სახალხო განათლების მთელი სისტემის განვითარების საქმეში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921 წ.წ.), ქართულ-აფხაზური ურთიერთობები მეტად მნიშვნელოვან ხასიათს იძენს. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნებით და მის მიერ პირველად ისტორიაში დემოკრატიული წესით არჩეული სახალხო საბჭოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთი ხდება დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენელი ავტონომიური ერთეული. ამით ახალ ისტორიულ რეალობაში საფუძველი ეყრება ერთიან ქართულ-აფხაზურ სახელმწიფოებრიობას. ბოლშევიკური რუსეთის პოლიტიკურ წრეებს მოსვენებას არ აძლევდა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ მის დასამხობად. მიზანსაც მალე მიაღწიეს და 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაცია მოახდინეს. რუსეთის მთავარ ამოცანად ამჯერად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, კერძოდ, მისგან აფხაზეთის მოწყვეტა იყო. ამ მიზნით, კომუნისტურმა რეჟიმმა 1921-1931 წლებში აფხაზეთს საქართველოს ფარგლებში სამოკავშირეო-სახელშეკრულებო რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭა. გასაბჭოებული საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებული ეს სტატუსი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგანაც უპირატესი მნიშვნელობის ძირითადი კანონის - საბჭოთა კავშირის პირველი კონსტიტუციის (1924 - 1936 წწ.) მიხედვით, აფხაზეთი მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკას წარმოადგენდა. ქართული და აფხაზი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ძალისხმევით, აფხაზეთი შენარჩუნებულ იქნა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით, რაც რუსეთის მიერ დასახული მიზნის მხოლოდ ნაწილობრივ მიღწევას ნიშნავდა. რუსული კომუნისტურ-შოვინისტური ძალები, საბჭოთა იმპერიის სადამსჯელო სტრუქტურები XX საუკუნის 80-იან წლებში სსრკ-ს გარდაუვალი დაშლის მოახლოების პარალელურად, საქართველოს წინააღმდეგ სულ უფრო აქტიურად ამოქმედდნენ. ამის შედეგი აფხაზეთში 1989 წელს პროვოცირებული შეტაკებები იყო, რის წყალობითაც მოსკოვმა ეთნიკური დაპირისპირების მისთვის სასურველ ესკალაციას მიაღწია. მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგობისა, 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. სამწუხაროდ, ამის გამო არ შეცვლილა უკვე რუსეთის ფედერაციად ტრანსფორმირებული მეზობელი ქვეყნის პოლიტიკა - ხელი შეეშალა ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენული, დემოკრატიული განვითარებისთვის. სარგებლობდა რა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური სისუსტით, რუსეთმა განაგრძო აფხაზი სეპარატისტების იდეოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა და შეიარაღებული კონფლიქტისკენ წაქეზება. 1992-1993 წლების ომის შედეგად, რომელშიც სეპარატისტთა უკანონო სამხედრო ფორმირებების გარდა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ქვეყნიდან დაქირავებული მებრძოლები და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებიც აქტიურად მონაწილეობდნენ, აფხაზეთი ოკუპირებულ იქნა. ეთნიკურ წმენდას ათასობით ქართველი ემსხვერპლა, ხოლო მშობლიური ადგილებიდან გაძევებულთა რიცხვმა სამას ათასს გადააჭარბა. იგივე ბედი ეწია ათასობით სხვა ეროვნების მოქალაქესაც. რუსეთმა, ფაქტობრივად, ას წელზე მეტი ხნის წინანდელი პოლიტიკა გაიმეორა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჯერად უკვე ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა. თუმცა, მე-19 საუკუნისგან განსხვავებით, ეს დანაშაული მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ამის დასტურია ეუთოს ბუდაპეშტის (1994), ლისაბონისა (1996) და სტამბულის (1999) სამიტებზე მიღებული

დოკუმენტები. მათში დაგმობილია აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდა, რამაც საქართველოს ამ რეგიონის დემოგრაფიული სურათი კარდინალურად შეცვალა. დღეს რუსეთი სრულად აკონტროლებს აფხაზეთს, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების სრული დარღვევით, „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოდ აღიარა. რეალურად აფხაზეთი წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას, რომელსაც მართავს ძირითადად რუსეთის მოქალაქეებად გამოცხადებული ადგილობრივი სეპარატისტებით დაკომპლექტებული საოკუპაციო რეჟიმი. მისი საქმიანობის პრიორიტეტებია: ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონება, ყოველგვარი ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობების განადგურება ან გაყალბება, უკანონო ფინანსურ- ეკონომიკური ოპერაციები, შავი ფულის გათეთრება, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობა, საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა, ტრეფიკინგი და ცივილიზებული მსოფლიოსთვის უაღრესად საშიში სხვა საქმიანობანი. 2014 წლის 24 ნოემბერს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული ე. წ. ხელშეკრულება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, საქართველოს შავიზღვისპირეთის 200 კილომეტრიანი აფხაზეთის მონაკვეთის რუსეთის მძლავრ სამხედრო პლაცდარმად გარდაქმნას ითვალისწინებს. ამით დამატებითი საფრთხე ექმნება მსოფლიო თანამეგობრობას, ევროატლანტიკურ სივრცეს. ამდენად, აფხაზეთში ჩადენილი და დღემდე განგრძობადი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგების მშვიდობიანი, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდებით აღმოფხვრა არა მარტო ქართველი ერის, არამედ დემოკრატიული მსოფლიოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის. ამ რეალობის გაცნობიერება და გამოსწორება ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის ევროპას, მთელ ევროატლანტიკურ სივრცეს, ასევე დააჩქარებს ამ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსაც.

აფხაზეთის სულიერი საგანძურები  ბიჭვინთის საეკლესიო ანსამბლი (IV-X ს.ს.)  ბიჭვინთის ბაზილიკა (IV ს.)  ბიჭვინთის საეპისკოპო ტაძარი (X ს.)  ანაკოფია – ახალი ათონის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი (IX-X ს.ს.)  ანაკოფიის წმ. სვიმონ კანანელის ეკლესია (IX-X ს.ს.)  ახალი ათონის წმ. პანტელეიმონის ტაძარი (XIX ს.)  ბედიის ტაძარი (X-XI ს.ს.)  განთიადის (ცანდრიფშის) ბაზილიკა (VI-VII ს.ს.)  აილაგა-აბიყუს ბაზილიკა (VIII-IX ს.ს.)  მიუსერის ტაძარი (VIII-IX ს.ს.)  ლიხნეს (ლიხნის) ეკლესია (X-XI ს. ს.)  მოქვის ტაძარი (X ს.)  თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე (X ს.)  დრანდის ტაძარი (VIII ს.)  ილორის წმ. გიორგის ეკლესია (XI ს.)  ბზიფის ციხის ეკლესია (IX ს.)  ძველი გაგრის ეკლესია (VI ს.)  კომანის წმ. იოანე ოქროპირის მონასტერი (X-XI ს.ს.)  ლაშქენდარის (ლაშქენდარას) საეკლესიო კომპლექსი (X-XI ს.ს.)  ანუხვის ეკლესია/ სვეტი (XI ს.)  წებელდის ციხე (VI ს.)  ბაგრატის ციხე (X-XI ს.ს.)  კელასურის არქიტექტურული კომპლექსი (XI-XIV ს.ს.)  ღუმურიშის ეკლესია (XI ს.)  ოქუმის ეკლესია ( XI, XIX ს.)  ჭუბურხინჯის ეკლესია (XI ს.)  ჩხორთოლის ეკლესია (XI, XIX ს.)