მომსახურება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასტუმროს პორტიე

მომსახურება — ნებისმიერი სახის საქმიანობა, ან სარგებელი, რომელსაც ერთი მხარე სთავაზობს მეორეს. მომსახურება თავისი არსით არანივთობრივი, არათვალსაჩინოა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეუძლებელია მისი დანახვა, მოსმენა, ხელით შეხება. იგი არ გულისხმობს მფლობელობასა და საკუთრების გადაცემას.

მომსახურების წარმოება მოიცავს ინფორმაციას, განათლებას, საქონლის რემონტს, პირად მომსახურებას და სხვა. მისთვის დამახასიათებელია:

  • შენახვის შეუძლებლობა -მისი არამატერიალური ბუნებიდან გამომდინარე.
  • წყაროსთან განუყოფელობა-რაც ნიშნავს წარმოებისა და მომსახურების ერთდროულობას. მხოლოდ გარკვეული საქონლის შეძენის ან გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული მომსახურების მიღება.
  • ხანმოკლეობა - განსაზღვრული დროის შემდეგ ის აუცილებლად დამთავრდება;
  • ცვალებადობა - აღნიშნავს მომსახურების ხასიათის არამდგრადობას, რამდენადაც ის დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც აწარმოებენ მას. ადამიანი კი, უფრო მეტად ცვალებადია, ვიდრე საქონელი;
  • მისი შეფასება შესაძლებელია მხოლოდ მისი შესრულების შემდეგ.
  • შეუძლებელია მომსახურების ხარისხის კონტროლი .

საგადასახადო კოდექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი 14-ში აღწერილია მომსახურების განსაზღვრება და ჩამოთვლილია კოდექსით განსაზღვრული სახეები:

1. მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა:

ა) სამშენებლო-სამონტაჟო;

ბ) სარემონტო;

გ) სარესტავრაციო;

დ) საცდელ-საკონსტრუქტორო;

ე) გეოლოგიურ-საძიებო;

ვ) სატრანსპორტო, მათ შორის, გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ელექტრო- და თბოენერგიის ტრანსპორტირება;

ზ) ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით;

თ) საშუამავლო;

ი) პერსონალის შერჩევა;

კ) პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლების გამოყენებაზე უფლების გადაცემა;

ლ) ვალდებულების შესრულება – მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება;

მ) კავშირგაბმულობის მომსახურება, საყოფაცხოვრებო და საბინაო-კომუნალური მომსახურება;

ნ) სარეკლამო მომსახურება;

ო) ინოვაციური მომსახურება;

პ) ფინანსური ოპერაციები ან/და ფინანსური მომსახურება;

ჟ) სადაზღვევო მომსახურება;

რ) საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება;

ს) მონაცემთა დამუშავებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის მომსახურება;

ტ) საქონლის სარეალიზაციოდ მომზადების მომსახურება, მათ შორის, პარტიის დანაწილება, გასაგზავნად ფორმირება, დახარისხება, შეფუთვა, გადაფუთვა, ჩამოსხმა;

უ) საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება;

ფ) დაცვის მომსახურება;

ქ) დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება;

ღ) სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება, მათ შორის, საექსპედიტორო, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის მომსახურება;

ყ) საზღვაო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საპორტო მომსახურება, საპორტო ფლოტის გემების მომსახურება;

შ) საჰაერო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო სივრცესა და კოსმოსურ სივრცეში გაწეული აერონავიგაციის მომსახურება;

ჩ) სხვა მომსახურება.

2. დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებად ითვლება საქონლის ნებისმიერი წარმოება, მათ შორის, მისი დამზადება, გადამუშავება, დამუშავება, ან აღნიშნული ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი ტრანსფორმაცია, რომლის პროცესშიც როგორც ნედლეულის (მასალის), ისე საბოლოო პროდუქტის მესაკუთრე არის პირი, რომელმაც მიაწოდა ნედლეული (მასალა) და ფულადი ან ნატურალური ფორმით აანაზღაურა ამ ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება (მიუხედავად იმისა, წარმოებისას მწარმოებელმა გამოიყენა თუ არა საკუთარი ნედლეული (მასალა), მაკომპლექტებლები ან სხვა კომპონენტები, რომელთა ღირებულებაც ჩაითვალა ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულებაში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Солодков М. В., Крылов Л. С. Методология исследования производительного труда при капитализме, М., 1974.