მოირა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მოირა“
რეჟისორი ლევან თუთბერიძე
პროდიუსერი ლევან თუთბერიძე
ნიკოლოზ აბრამიშვილი
სცენარისტი დავით ფირცხალავა, გიორგი ქობალია, ლევან თუთბერიძე
კომპოზიტორი ნუკრი აბაშიძე
ხანგრძლივობა 95 წუთი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ბიუჯეტი $500,000

მოირალევან თუთბერიძის 2015 წლის დრამატული ფილმი. ამავე წელს „მოირა“ აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ფილმად დაასახელა.[1] ეროვნულმა კინოცენტრმა ოსკარის უცხოენოვან კატეგორიისთვის მასსა და მოჰსენ მაჰმალბაფის პრეზიდენტს შორის მოირა არჩია და წარადგინა ჯილდოზე. ფილმზე ახალგაზრდა სამსახიობო გუნდი და ბასკი ოპერატორები მუშაობდნენ.[2] ახალგაზრდა მსახიობებს შორის არიან ფოთის დრამატული თეატრის მსახიობებიც. კინო პროექტის ერთ-ერთი მიზანს სწორედ რეგიონალური კინოს განვითარება წარმოადგენს.[3]

ფილმის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან თუთბერიძის „მოირა“ არის ძმების შესახებ, რომელთაც პატარა თევზსაჭერი გემი ჰყავთ და ბედისწერის ქალღმერთის, მოირას სახელი ჰქვია. მეთევზე ძმები საარსებო ფულის შოვნას აპირებენ, მაგრამ ბედისწერა მოულოდნელი და დაუნდობელია.[4]

საქართველომ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდეობაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში კანდიდატ ფილმად ლევან თუთბერიძის “მოირა” წარადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა კომისიამ დღეს მიიღო, რომელსაც არჩევანი “მოირასა” და მოჰსენ მახმალბაფის ფილმ „პრეზიდენტს” შორის უნდა გაეკეთებინა.

ეს გადაწყვეტილება სპეციალურმა ჟიურიმ მიიღო. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რეჟისორები ნანა ჯორჯაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ასევე მსახიობი ნატო მურვანიძე, სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური და პროდიუსერი ნოშრე ჩხაიძე.[3]

ნანა ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საუკეთესო ფილმების "შორტ ლისტი" ამერიკის კინოაკადემიის მიერ იანვარში გამოცხადდება, ოსკარების დაჯილდოება კი აპრილში გაიმართება.

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი 18-26 სექტემბერს გაიმართა, სადაც მოირამაც მიიღო მონაწილეობა. ფილმმა ჟიურის სპეციალური – სიგნის პრიზი მოიპოვა. მსახიობებმა და რეჟისორმა აღნიშნეს, რომ ფილმმა ეს პრიზი იმისთვის დაიმსახურა, რომ ჟიურის წევრების აზრით ის ყველასათვის გასაგები იყო.[5]

ლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა” პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში Tiantan Awards იღებდა მონაწილეობას. ფილმში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის კი ქართველი მსახიობი ქეთი ცხაკაია საუკეთესო ქალი მსახიობი გახდა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოირას მოქმედება საქართველოს ერთ–ერთ ზღვისპირა ქალაქში ვითარდება და ჩვეულებრივ ოჯახზე მოგვითხრობს. დედა საბერძნეთში მომღერლად მუშაობს. მამა კი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. ციხიდან გამოსული უფროსი ძმა მამუკა ცდილობს ოჯახი სიღარიბისგან დაიხსნას. ის და მისი ძმა, შოთა სახლს ბანკში ჩადებენ და გამოტანილი ფულით თევზსაჭერი კატერის ყიდვას გადაწყვეტენ. თუმცა ფული დააკლდებათ. ამ დროს დედაც ჩამოდის საბერძნეთიდან.

შოთას ახლობელი თენგო მათ შავ ფულს მიუტანს და ძმები საქმეს დაიწყებენ. თენგო შოთას ადგილობრივ მაფიასთან დააკავშირებს, რომელთაც სოხუმში ტყვეების გადაყვანა სჭირდებათ. პირველი გარიგების შემდეგ შოთა ფულს აიღებს და საქმე წინ წაიწევს. მეორე გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბიჭებმა საქმე მკვლელებთან დაიჭირეს. შოთა მამუკას ყველაფერს მოუყვება. მამუკა კი თენგოს მოკვლით დაემუქრება და თავის ძმასთან ურთიერთობას აუკრძალავს. დრო გადის. ბიჭები ერთ დღესაც უზარმაზარ თევზს დაიჭერენ, რომელსაც 3000 ლარად გაყიდიან. მამუკა დედას სარეცხ მანქანას უყიდის.

ამავდროულად შოთა თავის შეყვარებულის, თინას მშობლებს ოჯახში დაპატიჟებს. თუმცა ყველაფერი მალევე შეიცვლება. თენგოს მაფიოზები არ ასვენებენ და მოკვლით ემუქრებიან. თენგო ძმებთან მივა და ყველაფერს მოუყვება. მამუკა სხვა გამოსავალს ვერ ნახავს და მაფიოზებს საქმის მსვლელობის დროს პოლიციაში დაასმენს. სახლში ყველაფერი აირევა. ბიჭების დედას საბერძნეთიდან გამუდმებით მეგობარი ურეკავს. მამა ანერვიულდება და ეტლიდან გადმოვარდება. ამ დროს თინას მშობლებიც გამოჩნდებიან და უხერხული სიტუაცია წარმოიქმნება. გავა ხანი და თითქოს ყველაფერი ლაგდება. შოთა თინასთან და მშობლებთან ერთად ზღვაზე გასეირნებას გადაწყვეტს. მამუკა კი ხვდება, რომ უთვალთვალებენ და ნაპირზე დარჩება, სადაც დანით სასიკვდილოთ დაჭრიან.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოხმაურება და კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"The Wrap" (Thewrap.com) : "მოირა" არის ფილმი, რომელიც საშუალებას გვძლევს კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ რა შეუძლია კინოს. ეს ფილმი პირდაპირ და უხეშად კი არ გვეუბნება სათქმელს, არამედ თანდათან შევყავართ თხრობაში გასაოცარი კინემატოგრაფიული ხელოვნებით, მასშტაბით, ძლიერებით და სილამაზით. ეს არის ამბავი ძმობასა და ოჯახურ ურთიერთობაზე, რომელიც ვითარდება საქართველოს საზღვაო პორტის მკაცრ პირობებში. ფილმი ეხება ისეთ უნივერსალურ თემებს, რომლებიც არტურ მილერის შემოქმედებას მოგვაგონებს.” - აზიური ყვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იოკო ნარაჰაში.[6]

Filmneweurope.com : "მოირა არის შესანიშნავად მოქსოვილი მარტივი ამბავი – ქართული ფილმი მწირი საშუალებებით შექმნილი ხატოვანი ატმოსფეროთი, რომელიც დიდხანს რჩება მეხსიერებაში და მრავალ შეკითხვას ბადებს მაყურებლის გონებაში.

შესაძლოა ფილმში დასმულიყო შეკითხვა: ვართ თუ არა თავისუფლები ჩვენი ბედის არჩევაში, წყვეტს თუ არა ბერძენი ქალღმერთი მოირა ან რაიმე სხვა ღვთაება ჩვენს ბედს იმ მომენტში, როდესაც ვიბადებით, მაგრამ ფილმი არ სვამს ასეთ შეკითხვებს. ფილოსოფია ეკრანს მიღმა რჩება.

ფილმის მინიმალისტური სიუჟეტი საშუალებას გვაძლევს ამ კითხვებზე დავფიქრდეთ. შუქ-ჩრდილების გასაოცარი თამაში, ინტერიერისა და ქუჩების კონტრასტი, სასტიკი ცხოვრება სახლის კედლებს მიღმა...

გორკა გომეს ანდრეუს საოპერატორო ნამუშევარი სტატიკურ კამერას და ხანგრძლივ კადრებს ემყარება. შესანიშნავი რეჟისორული ხედვით შექმნილ მიზანსცენებთან ერთად, ყოველივე ეს ქმნის ფილმს, რომლის ყოველი კადრიც ცალკე აღებული ნახატია.

ზოგჯერ „მოირა" ჩეხოვის პიესებს მოგვაგონებს. ერთ სცენაში პერსონაჟები სახლს ალაგებენ, რადგან სტუმრების მოსვლისთვის ემზადებიან. თითქოს ისეთი არაფერი ხდება და მაინც, ცხადად ჩანს, რომ მათი ცხოვრება უკიდურესად მძიმეა და აღსავსეა პრობლემებით.

მსახიობების შესრულება უბადლოა, პაუზების გამოყენება ზუსტი, ჟესტები მინიმალისტური და მრავლისმეტყველი, მოქმედებაში არ არის არაფერი უსარგებლო და ზედმეტი, რაც მაყურებელს ხელს შეუშლიდა პერსონაჟის განვითარების სწორ აღქმაში.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მეორეხარისხოვანი პერსონაჟები: ეს არის ფილმი, სადაც უკანა პლანზე მოსიარულე ხალხი ცოცხალია, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ყოველივე მოკლედ, მაგრამ დამაჯერებლად აისახება ეკრანზე."

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]