მოგვთაკარის სამაროვანი და ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოგვთაკარის სამაროვანი და ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე მხარეს, მთაქართლის ჩრდილო კალთის ძირას.

წერილობითი წყროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით მოგვთაკარი მცხეთის დედაქალაქობის ხანაში მისი ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანი იყო. ამ უბნის გაჩენა დაკავშირებულია ქართველთა მეოთხე მეფის ფარნაჯომის სახელთან. მან „მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლის მსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქვან მოგუთა“.

არქეოლოგიური გათხრები მოგვთაკარში 40-იანი წლებიდან დაიწყო. 1977 წელს მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ა. აფაქიძის ხელმძღვანელობით, გათხარა სამაროვანი და ნამოსახლარი, სამაროვანი თარიღდება I-III საუკუნით, ხოლო ნამოსახლარი — III-IV საუკუნით. მოპოვებული მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში.

სამაროვანზე გათხრილ სამარხთა უმეტესობა წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის კრამიტყუთებია, ნაგებია ბრტყელი, გვერდებაკეცილი და ღარიანი კრამიტებით, სახურავი ბანური ან ორფერდაა. ძირი თიხატკეპნილი ან ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტითაა მოგებული. ხელფეხმოკეცილი მიცვალებულები მარჯვენა გვერდზე ესვენა, მარჯვენა ხელი თავქვეშ ჰქონდათ ამოდებული, მარცხენა კი მუცელზე ედოთ. სამარხებში აღმოჩნდა: თიხის თხელკეციანი, ვარდისფრად ან ჩალისფრად გამომწვარი, კოპებით შემკული თუ სადაგვერდებიანი, ცალყურა, ყელწიბოიანი, გვერდებშეზნექილი ან ნაჭდევებიანი სამტუჩა სასმისები და კოჭობები, ავგუსტუსისა და გოტარზის მონეტები, ოქროს საყურეები, ვერცხლისა და ბრინჯაოს რგოლები, სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მასალის მძივები, რკინის დანები, სამფრთიანი ისრისწვერი, ბრინჯაოს ზარაკები და მძივსაკიდები, ირმის სახის საკიდები, რკინის ძეწკვი, ბრინჯაოს სარკე, ფერ-უმარილის სასრესი ნიჟარა ძვლის კოვზითურთ, ავგაროზი, რკინისა და ბრინჯაოს ბეჭდები. ერთი რკინის ბეჭდის სარდიონის თვალზე ამოკვეთილია ორსიტყვიანი ბერძენი ასომთავრული წარწერა. სამარხი ნაგებობები, სამარხეული ინვენტარი და დაკრძალვის წესი (ქარონისათვის განკუთვნილი მონეტები მიცვალებულებს პირსა და ხელში ედოთ) გვიჩვენებს, რომ მოგვთაკარის სამაროვანზე დაკრძალულები უცხოელები (ბერძნები) ან ელინიზებული იბერიელები იყვნენ.

ნამოსახლარი უშუალოდ სამაროვანის სამხრეთითაა. გაიწმინდა ნაგებობათა ნაშთები. კედელის ზღუდე (შემორჩენილი სიმაღლე 1,2 მეტრი, სიგრძე 80 მეტრი, სისქე 1,05 მეტრი) ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით და ტალახით. მის აღმოსავლეთით გამოვლინდა ნაგებობის ნაშთი (სახლი 1), რომელშიც აღმოჩნდა დამსხვრეული, გარუჯული თიხის ხელადები და ქოთნები, დანახშირებული ძვლები და ბათქაშის გამომწვარი ნატეხები, სახლის გარეთ 4 მოზრდილი ქვევრი იყო, სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს — კერა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]