მნის კოშკური სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მნის კოშკური სახლი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ მნის ცენტრში. აგებულია XVII-XVIII საუკუნეებში.

შენობა ოთხსართულიანია, გეგმით სწორკუთხა (10,3x8,2 მ). ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: თითქმის მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ კედელი (შემორჩენილია ორიოდე მეტრის სიმაღლეზე); ჩამოშლილია სართულშუა გადახურვები; მეოთხე სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები 1 მეტრის სიმაღლეზეღა დგას. სახლს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, მეორე სართულზე. კარი თაღოვანია. პირველი სართული დამხმარე სათავსია. აღმოსავლეთით ორი სარკმელი აქვს. სამხრეთით - ერთი. მეორე სართულზე აღმოსავლეთით სამი სარკმელია. განივ კედლებში - თითო-თითო. ჩრდილოეთ კედელში ოთხი სათოფურია. ორი განსხვავებული სიდიდის სათოფური სამხრეთითაა. აღმოსავლეთ კედელში ერთმანეთის გვერდით ორი მცირე ნიშანია. მესამე სართულის სამხრეთ კედელში ორი სარკმელი და ოთხი სათოფურია. აღმოსავლეთ კედლის კუთხეში - თითო დიდი და დახრილი სათოფური, ხოლო მათ შორის დაბლა - ორი პატარა სათოფური. ჩრდილოეთ კედელში სამი სათოფურია. სართულშუა გადახურვები ხის, კოჭოვანი იყო. შენობის ფასადები შემკულია თეთრი ქვის ჰორიზონტალური ზოლებით. სარკმელებისა და სათოფურების უმრავლესობა სწორკუთხაა, ნაწილი თაღოვანი. სამხრეთის ფასადებზე მეორე სართულის სარკმელი გარეთ სამი თაღოვანი ხვრელის სახით გამოდის. თაღებს შემოვლებული აქვს ლილვი. ჩრდილოეთის ფასადზე სათოფურის სამი ხვრელი ერთმანეთის გვერდითაა, მეოთხე - მათ თავზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]