შინაარსზე გადასვლა

Apus pallidus

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მკრთალი ნამგალა)
Apus pallidus
მიფრინავს ქუვეითში მიგრაციისას
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
ოჯახი:  ნამგალასებრნი
გვარი:  Apus
სახეობა:  Apus pallidus
ლათინური სახელი
Apus pallidus
დაცვის სტატუსი
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22686815
Apus pallidus-ის კვერცხები

Apus pallidus — ნამგალასებრთა ოჯახის წარმომადგენელი. ნამგალებს აქვთ ძალიან მოკლე ფეხები, რომლებსაც მხოლოდ ვერტიკალურ ზედაპირებზე მოსაჭიდებლად იყენებენ. გვარის სახელწოდება Apus ლათინურია და ნიშნავს ნამგალას; ანტიკურ ხანაში მას მიიჩნევდნენ მერცხლის ტიპად, რომელსაც არ ჰქონდა ფეხები , ხოლო pallidus ლათინურად „ფერმკრთალს“ ნიშნავს.[1] სხვა ნამგალების მსგავსად, ისინი არასოდეს ჯდებიან მიწაზე ნებაყოფლობით, არამედ ცხოვრების უმეტეს ნაწილს ჰაერში ატარებენ და იკვებებიან მწერებით, რომლებსაც ნისკარტით იჭერენ. წყალსაც ფრენის დროს სვამენ.

Apus pallidus პირველად აღწერა ინგლისელმა ნატურალისტმა ჯორჯ ერნესტ შელიმ 1870 წელს.

ეს 16-17 -სმ სიგრძის სახეობა ძალიან ჰგავს შავ ნამგალას და მათი ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ კარგად დათვალიერების შემთხვევაშია შესაძლებელი. თავისი ნათესავის მსგავსად, მას აქვს მოკლე, ორად გაყოფილი კუდი და ძალიან გრძელი, უკან გადაწეული ფრთები, რომლებიც ნამგალს ან ბუმერანგს მოგვაგონებს.

Apus pallidus მთლიანად მუქი შეფერილობისაა, გარდა ყელის დიდი თეთრი ლაქისა, რომელიც ხშირად შორიდანაც ჩანს. იგი უფრო მასიური და ყავისფერია, ვიდრე შავი ნამგალა, ხოლო ოდნავ უფრო ფერმკრთალი მომქნევი ბუმბული, ქვედა ნაწილი და კუდზედა მიდამო უფრო მეტ კონტრასტს ქმნის, ვიდრე სხვა სახეობებში. მას ასევე აქვს უფრო ქერცლიანი მუცელი და ფრენის სტილიც ოდნავ განსხვავებული. ხმა არის ხმამაღალი, მშრალი კივილი, რომელიც მისი ნათესავის ხმას ჰგავს, თუმცა, შესაძლოა, უფრო ორმარცვლიანი იყოს.

გავრცელება და ჰაბიტატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Apus pallidus ბუდობს კლდეებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო, კანარის კუნძულებსა და მადეირაზე, სადაც ორ კვერცხს დებს. ისინი იშვიათად გვხვდებიან თავიანთი გამრავლების არეალის ჩრდილოეთით, თუმცა შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს იდენტიფიკაციის სირთულეებით. უფრო სამხრეთული გავრცელების გამო, Apus pallidus უფრო ადრე ჩამოდის და უფრო გვიან მიფრინავს, ვიდრე მასთან მჭიდროდ დაკავშირებული შავი ნამგალა.

მკრთალი ნამგალას ზრდასრული ბარტყის დეტალი.

მერცხლების მსგავსად, ისინი მიგრირებადი ფრინველები არიან და ზამთარს ატარებენ სამხრეთ აფრიკაში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

Apus pallidus-ის პოპულაციები, რომლებიც გიბრალტარში მრავლდებიან, შესწავლილ იქნა GPS ტექნოლოგიის გამოყენებით. კვლევამ აჩვენა, რომ მათ აქვთ აფრიკის რამდენიმე გამოსაზამთრებელი ადგილი საჰარის სამხრეთით, წელიწადის სხვადასხვა დროს. ერთმა ფრინველმა, რომელსაც ზედიზედ ორი ზამთრის განმავლობაში აკვირდებოდნენ, აჩვენა გასაოცარი ერთგულება იმ ტერიტორიების მიმართ, რომლებსაც ის აფრიკაში სტუმრობდა. კვლევა ასევე ადასტურებს ადრინდელ მიგნებებს ნამგალების საჰაერო არსებობის შესახებ გამრავლების სეზონის მიღმა ორი შესწავლილი მკრთალი ნამგალა საერთოდ არ იძლეოდა მიწაზე დაჯდომის ნიშნებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Jobling, James A (2010). The Helm Dictionary of Scientific Bird Names. London: Christopher Helm, გვ. 52, 289. ISBN 978-1-4081-2501-4. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Apus_pallidus&oldid=5387425“-დან