შინაარსზე გადასვლა

მკლავჭიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მკლავჭიდი
უმაღლესი ორგანო World Armwrestling Federation
პირველი თამაში VIII საუკუნე
მახასიათებლები
ტიპი sports discipline
შერეული სქესი არა
ოლიმპიადა არა

მკლავჭიდი, არმრესლინგი (ინგლ. Arm wrestling) — სპორტული ორთაბრძოლის სახეობა. მონაწილეთა მიზანია მეტოქისთვის მკლავის გადაწევა. სპორტსმენები დგებიან მაგიდასთან პირისპირ, სალტეებით გადაიბამენ მკლავებს (მარჯვენას ან მარცხენას) და, მაგიდას დაყრდნობილები, მსაჯის ნიშანზე იწყებენ ერთმანეთისათვის მკლავის გადაწევას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. იმარჯვებს ის, ვინც მეტოქეს აიძულებს ხელის მტევანი მაგიდის ზედაპირს შეახოს. მასობრივ კულტურაში მკლავჭიდი ჩვეულებრივ, ინტერპრეტირებულია როგორც ფიზიკური უპირატესობის, ძალის გამოხატულებისა და ორ ადამიანს შორის არსებული გამძლეობის გამოვლინება.[1]

მკლავჭიდის ისტორია დაფუძნებულია ჩვენამდე არმოღწეულ წერილობით და ვიზუალურ წყაროებზე. შესაძლოა იგი არსებულიყო ანტიკურ ან შუა საუკუნეების კულტურაში, თუმცა ცნობა ამის თაობაზე არ მოგვეპოვება. მეტად გავრცელებული მტკიცება მკლავჭიდის არსებობისა ძველ ეგვიპტესა და ძველ საბერძნეთში ეფუძნება არასწორად გაგებულ წყაროებს.[2]

მკლავჭიდის თანამედროვე პრაქტიკა და აღწერა ფართოდ იყო გავრცელებული ედოს პერიოდის იაპონიაში და ხელოვნებაში აისახებოდა 1700-იანი წლებიდან, ხოლო წერილობით წყაროებში დაფიქსირებული იყო ჯერ კიდევ კოჯიკიში VIII საუკუნეში. ილუსტრაცია არაორაზროვნად გვიჩვენებს, რომ ეს იგივე იყო რაც თანამედროვე მკლავჭიდი. შესაძლოა, რომ მკლავჭიდის თანამედროვე პოპულარობა იაპონიის სახელთან იყოს დაკავშირებული.[2]

IX საუკუნეში მკლავჭიდის პრაქტიკა გავრცელებული იყო აგრეთვე ესპანელებსა და კუბელებში იაპონელებთან არსებული შესაძლო კონტაქტების გამო. მაშინდელ მკლავჭიდელებს იდაყვის ქვეშ ამოდებული ქონდათ მონეტა.[3]

აშშ-ში ძველად მკლავჭიდს ეწოდებოდა „ინდიური არმრესლინგი“; ზოგიერთი წყაროს თანახმად, სპორტის ეს სახეობა გავრცელებული იყო ამერიკის მკვიდრ მოსახლეობაში, კერძოდ, ლენაპელთა შორის. მსგავსი სპორტი „ინდიური ხელის რესლინგი“, რომელიც დადასტურებულია XX საუკუნის დასაწყისში და რომელიც ჩვეულებრივ, მიეწერება მკვიდრ ამერიკელებს, ფეხზე დგომით ტარდებოდა.[4][5]

„ინდიური არმრესლინგი“ ანუ უბრალოდ „არმრესლინგი“ და „ინდიური ხელის რესლინგი“ პოპულარული იყო ბოისკაუტებსა და სხვა ამერიკელ ახალგაზრდებს შორის XX საუკუნის დასაწყისსა და შუა პერიოდში.[6][7][8][9]

1950-იანი წლებიდან დაიწყო მკლავჭიდის პროფესიონალური ღონისძიებების ჩატარება. 1954 წლის ბოლოს კალიფორნიის შტატში, ქალაქ პეტალუმაში, ჯეკ ჰომელმა „მაიკ ჯილარდის ბარში“ შეჯიბრება გამართა მკლავჭიდში, რითაც ადგილობრივთა ყურადღება დაიმსახურა და შეიქმნა ღონისძიების ორგანიზების კომიტეტი „ათცენტიანელთა მარშის“ ფარგლებში.[10]

პირველი შეჯიბრება გაიმართა 1955 წლის 27 იანვარს, რის შედეგადაც დაფუძნდა ყოველწლიური ღონისძიება, რომლის მასშტაბი და პოპულარობა სტაბილურად გაიზარდა. 1962 წელს მკლავჭიდი „World’s Wristwrestling Championship, Inc“.-ის შექმნით გაფორმდა, რომელმაც 1962 წლის 2 თებერვალს გამართა მკლავჭიდში მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი, რაც გულისხმობდა არაოფიციალური ადგილობრივი შეჯიბრებებიდან პროფესიონალურად ორგანიზებულ ტურნირებში გადასვლას.[11]

მკლავჭიდს პოპულარობა მოუტანა არაერთმა სახელოვანმა მკლავჭიდელმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა დროის უდიდეს მკლავჭიდელად ხშირად მიიჩნევა ამერიკელი ჯონ ბრზენკი,[12] რომელმაც 500-ზე მეტი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. 2023 წელს, კარიერის მიწურულს, ბრზენკი „East vs West 6“-ის ფარგლებში 3–2 დამარცხდა ქართველ მკლავჭიდელ ირაკლი ზირაქაშვილთან.[13] უფრო ადრე, 2012 წელს „PAL Armfight #41“-ის ფარგლებში ბრზენკი 4–2 დაამარცხა ქართველმა ვასილ დაუთაშვილმა.[14]

ამერიკელი მკლავჭიდელებიდან აღსანიშნავია: მაიკლ ტოდი, ჯერი კადორეტი, დეივ ჩაფი, ტოდ ჰატჩინგზი, კორი ვესტი და სხვა. სახელი გაითქვეს დენის ციპლენკოვმა, ვიტალი ლალეტინმა, ანდრიი პუშკარმა, გეორგი ცვეტკოვმა, ერმეს გასპარინიმ, არტიომ მოროზოვმა და სხვებმა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამოჩენილი მკლავჭიდელია კანადელი დევონ ლარატი, რომელმაც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი. მისი მეუღლე ჯოდი ლარატი, რომელიც შეჯიბრებების დროს ქმრის მხურვალე მხარდაჭერია მსახიობი და ყოფილი მკლავჭიდელია. დევონ ლარატი თავისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე არაერთ მეტოქეს შეხვდა, მათ შორის ორ-ორჯერ ლევან საგინაშვილსა და გენადი კვიკვინიას.[15]

დევონ ლარატსა და ლევან საგინაშვილს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა 2022 წელს დუბაიში „King of the Table 4“-ის ფარგლებში, სადაც ლარატი უშანსოდ და მშრალად დამარცხდა ქართველთან 6–0.[16]

2024 წელს „East vs West 12“-ის ფარგლებში გაიმართა მატჩი-რევანში ლარატსა და საგინაშვილს შორის. ლარატი ამჯერადაც უშანსოდ და მშრალად დამარცხდა 4–0.[17]

2023 წელს „East vs West 7“-ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ლარატსა და კვიკვინიას შორის, რომელიც ქართველის გამარჯვებით დასრულდა 3–2. 2025 წელს „East vs West 16“-ის ფარგლებში კვიკვინია დამარცხდა ლარატთან 4–1.[18]

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაცია (WAF), რომელიც თავიდან მხოლოდ ერთი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სპორტსმენებს აერთიანებდა, დროთა განმავლობაში ნამდვილ საერთაშორისო ორგანიზაციად იქცა და ამჟამად 82 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს. 1979 წლიდან ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი.[19]

საქართველოში მკლავჭიდელთა პირველი შეჯიბრება გაიმართა 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ საქმის თაოსანი იყო ვახტანგ მუსელიანი, რომელმაც შემდგომ ჩამოაყალიბა საქართველოს ნაკრები და მკლავჭიდის ფედერაცია (მსოფლიოს ფედერაციის წევრია 1991 წლიდან). [20]

ქართველი მკლავჭიდელებისთვის პირველი საერთაშორისო შეჯიბრება იყო მოსკოვის 1990 წლის ღია ჩემპიონატი. აბსოლუტურ პირველობაში გაიმარჯვა ზაურ ცხადაძემ. შეჯიბრებას ესწრებოდა მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ამერიკელი ბილ სობერანესი (1921–2003), რომელმაც ქართველთა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიწვია. აქედან იწყება ქართველ მკლავჭიდელთა წარმატებები დიდ სარბიელზე. მათ უმთავრეს საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებული აქვთ არაერთი მედალი.

მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები არიან ზაურ ცხადაძე, ერეკლე გურჩიანი, დავით ჭელიძე, ვახტანგ ჯავახაძე, ჯიმი მერაბიშვილი, გენადი კვიკვინია, ვილენ გაბრავა, ზურაბ თავბერიძე და სხვა.

არმრესლინგის არსებობის ისტორიაში უძლიერეს მკლავჭიდელად აღიარებულია მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ლევან საგინაშვილი.[21]

  1. Diffrient, David (2017). „(Arm) Wrestling with Masculinity: Television, Toughness, and the Touch of Another Man's Hand“. Men and Masculinities. 22 (5): 821–849. doi:10.1177/1097184X17730385. ციტირების თარიღი: 22 November 2024.
  2. 2.0 2.1 Stepanov, Oleg (trans. Eric Roussin). (2015) Early Origins of Armwrestling. ციტირების თარიღი: November 8, 2022
  3. Culin, Stewart (1899). „Hawaiian Games“. American Anthropologist. 1 (2): 210. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2022. ციტირების თარიღი: November 8, 2022. ციტატა: „Prof. Edward S. Morse informs me that wrist-wrestling is practiced also by Spaniards and Cubans, each contestant putting his elbow on a piece of money from which he may not remove it.“
  4. Pritchard, Evan T. (2002). Native New Yorkers: The Legacy of the Algonquin People of New York. San Francisco: Council Oak Books, გვ. 81. ISBN 1-57178-107-2. 
  5. Hillcourt, William (1957). „Indian Camping“. Boys' Life. Boy Scouts of America. ციტატა: „In Indian hand wrestling, the wrestlers place the outside edge of their feet together, grasp hands, attempt to throw each other off balance. […] In arm wrestling, the wrestlers kneel, place elbows of right arms on ground, grasp hands. Idea is to force opponent's forearm flat to the ground.“
  6. Roussin, Eric. (2019) Indian Arm Wrestling. Facebook. ციტატა: „'Indian Arm Wrestling' was a popular term for the sport up until around the 1960s. Here's a comic strip from 1965 that uses it. […] 'You can come in Mrs. Byrd, if there'll be no Indian-Arm Wrestling with my waiters!'“ ციტირების თარიღი: November 8, 2022
  7. (1914) „'Held in the Balance': Indian Hand Wrestling“, Annual Report of the Boy Scouts of America. U.S. Government Printing Office, გვ. 4. 
  8. Hillcourt, William (1936). „Hiking with Green Bar Bill“. Boys' Life. Boy Scouts of America: 20. ციტირების თარიღი: November 8, 2022. ციტატა: „Indian Hand Wrestling—One contestant places the outside of his right foot against the outside of the other's. Both brace themselves by placing their left feet a long step to the rear. They grasp right hands and attempt to throw each other. The one who first succeeds in making the other move his feet or lose his balance is the winner.“
  9. Forbush, William Byron (1925). The New Round Table: The Order of the Knights of King Arthur and Its Affiliated Societies. Boston, Massachusetts: The Knight of King Arthur, გვ. 158. „Talk on Indian life, followed by Indian games, Indian foot wrestling, Indian hand wrestling, Indian club wrestling.“ 
  10. Roussin, Eric. The History of the World's Wristwrestling Championship - Part One. ციტირების თარიღი: 22 November 2024
  11. Roussin, Eric. The History of the World's Wristwrestling Championship - Part Two. ციტირების თარიღი: 22 November 2024
  12. Records, Guinness World (2000-05-02). Guinness World Records 2000 (en). Bantam, გვ. 249. ISBN 9780553582680. „"Most Successful Arm Wrestler, John Brzenk (US), a middleweight, has dominated many weight classes in arm wrestling over the past 17 years. During the 1998 World Championships...Brzenk won championships at five different weights, three with his right arm, two with his left. In the same year, he was named the greatest arm wrestler in the history of the sport during the World Wristwrestling Championship“ 
  13. East vs. West Results (2021-Present). East vs. West 6 January 21, 2023 – Istanbul, Turkey
  14. Professional Armwrestling League Vendetta/Armfight Results (2010-2019)
  15. Canadian armwrestling legend wins championship after highly specialized surgery en-US. ციტირების თარიღი: 30 May 2021
  16. King of the Table Results (2021-Present)
  17. East vs. West Results (2021-Present)
  18. East vs. West Results (2021-Present)
  19. WAF MEMBERS. World Armwrestling Federation
  20. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  21. Levan Saginashvili | Actor en-US. ციტირების თარიღი: 10 February 2024