მიხეილ ხელთუფლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი (დ. 1869 — გ. 23 აპრილი, 1895, დაკრძალულია ქუთაისში) — ქართველი პუბლიცისტი, სტუდენტური მოძრაობის აქტიური მონაწილე.

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის აზნაურის ოჯახში. მისი ძმები იყვნენ დავით და პლატონ ხელთუფლიშვილები, დეიდაშვილი — ნიკო ნიკოლაძე. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. შეისწავლა რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიის საკითხები და რუსულ ენაზე გამოაქვეყნა „საქართველოს შესვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“ (ჟურნ. „იურიდიჩესკი ვესტნიკ“, №7‑8, 1891; წიგნად — ქუთაისი, 1901). ასევე ცნობილია მის მიერ დაბეჭდილი კრიტიკული წერილი «რამდენიმე შენიშვნა შესახებ ილ. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივისა“» (გაზ. „ივერია“, №58, 1888). ხელთუფლიშვილი მონაწილეობდა რუსეთის უნივერსიტეტებში მოსწავლე ქართველი სტუდენტების მიერ 1892-1893 წლებში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციის „საქართველოს თავისუფლების ლიგის“ საქმიანობაში. მის სახლში ქუთაისში ჩატარდა სტუდენტთა პირველი ყრილობა. 1895 წელს დაპატიმრებული იყო ჟანდარმერიის მიერ. ტუბერკულოზით დაავადებული, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა საპატიმროში „ლიგის“ საქმის გამოძიების დამთავრებამდე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]