შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ხანანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხანანაშვილი.
მიხეილ ხანანაშვილი
დაბ. თარიღი 18 სექტემბერი, 1928(1928-09-18)[1]
გარდ. თარიღი 21 დეკემბერი, 2018(2018-12-21) (90 წლის) ან 20 დეკემბერი, 2018(2018-12-20)[1] (90 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა მეცნიერი, ფიზიოლოგი[2] , ნეიროფიზიოლოგი[2] და ექიმი[1]
მუშაობის ადგილი Institute of Medicobiological Problems of the Russian Academy of Sciences
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, Pavlov Gold Medal და საიუბილეო მედალი „ლენინგრადის 250 წლისთავის აღსანიშნავად“

მიხეილ მიხეილის ძე ხანანაშვილი (დ. 19 სექტემბერი, 1928, თბილისი — გ. 20 დეკემბერი, 2018, იქვე) — ქართველი ფიზიოლოგი.

აკდემიკოსი მიხეილ ხანანაშვილი დაიბადა 1928 წლის 19 სექტემბერს ქალაქ თბილისში. 1945 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 1 საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1946 წელს მეორე კურსის სტუდენტმა მიხეილ ხანანაშვილმა ი. ბერიტაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, შეასრულა პირველი ექსპერიმენტული ნაშრომი და 1947 წელს ამ ნაშრომისთვის კიევში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე პირველი პრიზი და სიგელი დაიმსახურა. მესამე კურსიდან მოყოლებული სწავლის დამთავრებამდე თავისუფალ დროს იგი აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრაზე ატარებდა. აქ მან შეისწავლა ფიზიოლოგიური კვლევის მეთოდები და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სამეცნიერო კვლევაში. 1951 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ აკადემიკოს ი.ბერიტაშვილის რეკომენდაციით ლენინგრადში გაემგზავრა, სადაც სწავლა განაგრძო ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში ი. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის განყოფილებაში, რომელსაც აკადემიკოსი კუპალოვი ხელმძღვანელობდა. აქ მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. ი. პავლოვის განყოფილებაში მან განვლო გზა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან განყოფილების გამგის თანამდებობამდე. ეს განყოფილება ცნობილია იმით, რომ დაარსებულია ი. პავლოვის მიერ, მას 45 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თვით ი. პავლოვი და აქვე მიიღო მან ნობელის პრემია. 1962 წელს მ. ხანანაშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1971 წელს არჩეულ იქნა საკავშირო მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 1984 წელს ამავე აკადემიის აკადემიკოსად. 1996 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსია. პეტერბურგში მოღვაწეობისას ბატონ მიხეილს არ გაუწყვეტია კავშირი აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილთან და ქართველ ფიზიოლოგებთან. იგი სისტემატურად გამოდიოდა მოხსენებებით, მონაწილეობას ღებულობდა ქართველი მეცნიერების მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ყრილობებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, მათ შორის მსოფლიოში განთქმულ „გაგრის საუბრებში“.

1975 წელს ი.ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ მ. ხანანაშვილი მოიწვია ქცევის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგედ (აკადემიკოს ი. ბერიტაშვილის გარდაცვალების შემდეგ). მ. ხანანაშვილი დაბრუნდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ცხოველთა ქცევის შემსწავლელ ლაბორატორიას. 1980 წელს მ. თარხნიშვილი დაინიშნა ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი იმ დროს განლაგებული იყო მოძველებულ სამსართულიანი შენობაში და მ. ხანანაშვილმა მიზნად დაისახა ინსტიტუტის ახალი შენობის აშენება. მისი და ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თანაშრომლების ძალისხმევით რეკორდულ დროში, 3 წელიწადში მოხერხდა 12-სართულიანი, უნიკალური დანადგარებით და საექსპერიმენტო ხელსაწყოებით დაკომპლექტებული შენობის აშენება, რომლის გახსნაც მიეძღვნა ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დაარსების 50 წლისთავს. შენობა გაიხსნა ვრცელი საერთაშორისო კონფერენციით, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად ამერიკისა და ევროპის ქვეყნების 80 ცნობილი მეცნიერი მონაწილეობდა. კონფერენციამ მაღალი შეფასება მიიღო და საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, რაც აისახა რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის დადებით რეცენზიებში.

2010 წლიდან მ. ხანანაშვილი იყო ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო კონსულტანტი.

აკადემიკოსი მიხეილ ხანანაშვილი გარდაიცვალა 2018 წლის 20 დეკემბერს.

მ. ხანანაშვილის პირველი სამეცნიერო შრომა შესრულებული იყო ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში. ორიგინალური მეთოდიკების შექმნის საფუძველზე შეასრულა არაერთი უნიკალური გამოკვლევა, პრესტიჟულ საერთაშორისო ჟურნალებში გამოაქვეყნა მრავალი ღირსშესანიშნავი სამეცნიერო ნაშრომი. მისი ძირითადი კვლევის საკითხები იყო – უმაღლესი ნერვული მოქმედებისა და ქცევის კანონზომიერება ნორმაში და პათოლოგიაში, მეხსიერების, ემოციის მექანიზმების, რეგულაციის პრობლემა. მას ეკუთვნის ორიგინალური კონცეფცია ინფორმაციული ნევროზის და ინფორმაციული სტრესის შესახებ. ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად მუშაობის წლებში მან ჩამოაყალიბა ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის ზოგადი მიმართულება „ნორმალური და პათოლოგიური ქცევის ორგანიზაციის და რეგულაციის ცენტრალური მექანიზმების შესწავლა”. ამ ზოგადი პრობლემის ფარგლებში, ჩამოაყალიბა ინსტიტუტის ახალი მიმართულება – ექსპერიმენტული ფსიქოპათოლოგია, რომელსაც პირადად ავითარებდა ცხოველთა ქცევის შემსწავლელ ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად. მას ეკუთვნის 350-დე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 16 მონოგრაფია გამოქვეყნებული, გარდა ქართულისა, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ბულგარულ და სხვა ენებზე. მ.ხანანაშვილის ბოლო მონოგრაფია „ინფორმაციული სტრესი“ გამოიცა 2008 წელს ქართულ ენაზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30 საკანდიდატო და 7 სადოქტორო დისერტაცია.

ჯილდოები და მედლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მ. ხანანაშვილს მინიჭებული აქვს სახელმწიფო პრემია, აგრეთვე საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ი. პავლოვის სახელობის პრემია და ოქროს მედალი, ივანე ბერიტაშვილის პრემია და სხვა. დაჯილდოვებულია პრესტიჟული საერთაშორისო პრემიებით (აშშ, გერმანია, იტალია, ინდოეთი და სხვა.). 1986 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება. იყო რამდენიმე საერთაშორისო აკადემიის წევრი და საპატიო წევრი, საპატიო დოქტორი (honoris causa). აშშ-ში სტუდენტ-მასწავლებელთათვის წაკითხული ლექციებისთვის არჩეული იყო ქ.კოლუმბოს საპატიო მოქალაქედ. აქვს მინიჭებული ჯილდო – საქართველოს „ღირსების ორდენი”. 1980-1990 წლებში არჩეული იყო მსოფლიო ფიზიოლოგთა კავშირის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  2. 1 2 Národní autority České republiky