მიხეილ ჩიკოიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ჩიკოიძე
დაბადების თარიღი 1853 ან 1851[1]
დაბადების ადგილი პატარა მეჯვრისხევი
გარდაცვალების თარიღი 24 ნოემბერი (6 დეკემბერი), 1897
გარდაცვალების ადგილი კურგანი
საქმიანობა რევოლუციონერი, ხალხოსანი

მიხეილ ჩიკოიძე (დ. მეჯვრისხევი, 1851 — გ. კურგანი, ტობოლსკის გუბერნია, 1897) — ქართველი რევოლუციონერ-ხალხოსანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ნიკოლოზის ძე ჩიკოიძე 1851 წელს დაიბადა გორის მაზრის სოფელ მეჯვრისხევში, ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. ჯერ სწავლობდა კავკასიის პირველ მესანგრეთა ბატალიონის სამხედრო სკოლაში, ხოლო 1869 წელს შევიდა თბილისის მიწათმომწყობთა სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1872 წელს. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა თბილისის გიმნაზიის მოსწავლეთა რევოლუციურ წრეში.

1872 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის საარტილერიო სასწავლებელში, რომელიც ერთი წლის შემდეგ მიატოვა და სწავლის გასაგრძელებლად ივანე ჯაბადართან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა. ცხოვრობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. შვეიცარიაში იგი დაუახლოვდა საზოგადოება „უღელის“ ხალხოსნურ ფრთას.

რუსეთში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად მონაწილეობდაა „სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციური ორგანიზაციის“ საქმიანობაში. ცნობილი იყო მეტსახელით „თევდორე“. კავშირი ჰქონდა ქართველ ხალხოსნებთან. ეხმარებოდა მათ რჩევა-დარიგებით, ამარაგებდა საჭირო ლიტერატურით და სხვა. 1874-1875 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, გაზეთ „ვპერიოდის“ აგენტი რანგში.

დააპატიმრეს მოსკოვში 1875 წლის 4 აპრილს. ბრალად დასდეს კანონის საწინააღმდეგო საზოგადოების შედგენა არსებული წესწყობილების დამხობის მიზნით. სხვა ამხანაგებთან ერთდ ისიც გაასამართლეს „50-ის პროცესზე“. 1877 წლის 14 მარტის განჩინებით მიესაჯა სამუდამო გადასახლება ციმბირში. გაგზავნეს ირკუტსკის ოლქის ქალაქ |კირენსკში, საიდანაც 1881 წელს გაიქცა მოსკოვში და შეუერთდა ორგანიზაცია „ნაროდნაია ვოლიას“.

1882 წლის აპრილში კვლავ დააპატიმრეს და უკანვე გააგზავნეს. გადასახლებიდან გამოქცევისთვის მიესაჯა 3 წლით საკატორღო მუშაობა, ხოლო შემდეგ 10 წლით ციმბირში გადასახლება. საკატორღო ვადის დამთავრების შემდეგ, 1886 წლის მარტში ხელისუფლების განკარგულებით იაკუტიის ოლქში დასახლდა. აქ მან ხელი მიჰყო სოფლის მეურნეობას და ადგილობრივ მოსახლეობასაც ეხმარებოდა კულტურული მიწათმოქმედების განვითარების საქმეში. 1897 წელს გადაიყვანეს კურგანში, სადაც გარდაიცვალა ჭლექით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფერაძე ვ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები (X-XXI სს ). – თბ., 2008. – გვ. 177.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 118.
  • შველიძე ზ., ამიერკავკასიელები "სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციურ ორგანიზაციაში" (1874-1876 წწ.). – თბ., 1974. – გვ. 114-119.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]