მიხეილ ქვლივიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ქვლივიძე
დაბადების თარიღი 22 თებერვალი, 1925(1925-02-22)[1]
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 25 ივლისი, 2005(2005-07-25)[1] (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია საბურთალოს სასაფლაო
საქმიანობა პოეტი[1] , ლიტერატორი და მთარგმნელი[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია და საპატიო ნიშნის ორდენი
მეუღლე ლილი გრომეკო და მედეა შალამბერიძე

მიხეილ ქვლივიძე (დ. 22 თებერვალი, 1925, თბილისი — გ. 25 ივლისი, 2005, თბილისი) — ქართველი პოეტი, ლიტერატორი და მთარგმნელი.

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1925 წლის 22 თებერვალს, თბილისში (დაბადების მოწმობაში 22 ივნისია ჩაწერილი, ამის მიზეზი მისი უფროსი ძმა, ორი წლის სანდრო იყო, რომელიც 23 ივნისს იყო დაბადებული და დედამ ჩათვალა, რომ უფრო მოსახერხებელი იქნებოდა დაბადების დღის ორივესთვის ერთად გადახდა).

პოეტის მამა იყო ქართველი ინჟინერი გიორგი ქვლივიძე, რომელსაც განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. პოეტის დედა, თამარ ჯინჭარაძე, დიასახლისი იყო. თამარის ძმა, ალექსანდრე, გერმანიაში წავიდა სასწავლებლად და საქართველოში გასაბჭოების შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი ბედი ოჯახისათვის სამოციანი წლების დასაწყისამდე არ იყო ცნობილი.

მიხეილს ორი ბებია ზრდიდა: ანა თურქესტანიშვილი (თამარის დედა) და მარო ნახუცრიშვილი (გიორგის დედა). ექვსი წლის ასაკში, მიხეილი თბილისის №4 რკინიგზის სკოლაში შეიყვანეს. ეს სასწავლებელი ბევრმა გამოჩენილმა ქართველმა (გია ყანჩელი, ზურაბ წერეთელი, ოთარ ლითანიშვილი და სხვ.) დაამთავრა. სკოლის დირექტორი, ალიოშა ცინცაძე, ძალიან ამაყობდა თავისი სახელოვანი მოწაფეებით. მას ძალიან უყვარდა მიხეილი და სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია მასთან კავშირი. 1941 წელს მიხეილ ქვლივიძემ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და იმავე ზაფხულს თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

დიდი სამამულო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მამა და უფროსი ძმა ფრონტზე გაიწვიეს. სახლში დედა, 8 წლის და მაია და მიშა დარჩნენ. წერილებში ყველა ერთმანეთს ამხნევებდა და იმედი ჰქონდათ, რომ ოჯახი მალე ისევ ერთად იქნებოდა, სამწუხაროდ, მალე ფრონტიდან უფროსი ძმის დაღუპვის ამბავი მოვიდა. გიორგი ქვლივიძე ქერჩში იბრძოდა. მიშა ერთ-ერთ წერილში მას სწერდა:

იქნებ სამედიცინოზე გადავიდე და თანაც ვიმუშაო, რომ ოჯახს უფრო გამოვადგე

. პასუხად ზედიზედ რამდენიმე წერილი მიიღო, სადაც შეშფოთებული მამა წერდა:

ჩემო საყვარელო და ძვირფასო ბიჭიკო! გუშინ გამოგიგზავნე წერილი და დღეს კიდევ ვუბრუნდები საკითხს: შენს სამედიცინო-საექიმო დარგზედ გადასვლას და სამსახურს. ყველაზე საშინელი ცხოვრებაში ის არის, რომ კაცმა აკეთოს ის, რაზედაც გული არ უდევს და არ აინტერესებს - მთელი თავისი სიცოცხლე უნდა იყოს უბედური და დაჩაგრული. შენ ვიცი,რომ სულ სხვა საგნები გაინტერესებს, შენი გულის წადილიც ვიცი. შენ გიყვარს ბუნება, სილამაზე მისი და აბა როგორ შესძლებემსახურო იმას, რაც ბუნებამ გამოჰყო თავისი ნაძირალი: სიმახინჯე, სნეულება და სხვა. ამიტომ , შენგან არ იქნება კარგი მკურნალი. სამსახურის შესახებ - არ გინდა, იმიტომ, რომ არ შეიძლება ,,ორ ღმერთს’’ ემსახუროს კაცი - ისწავლოს და იმსახუროს იმ დროს, როდესაც არ გაქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება. თუ შენ დარგში - სამხატვროში, სადაც ტვინს ძალას არ დაატან, მაშინ შეგიძლიან - საკანცელარიოდ კი შენ არ ვარგიხარ!

მამა ომიდან ხეიბარი დაბრუნდა. დედა მალე დასნეულდა და 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტუდენტური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ დროს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდნენ: შალვა ნუცუბიძე, ნიკო ბერძენიშვილი, მოსე გოგიბერიძე და კოტე ბაქრაძე. მიუხედავად იმისა, რომ მიშა ამ ფაკულტეტზე სულ ორი წელი სწავლობდა, თავის იქაურ მასწავლებლებს სიცოცხლის ბოლომდე იხსენებდა და ემადლიერებოდა, განსაკუთრებით კი კოტე ბაქრაძეს, რომელზედაც არაერთხელ უთქვამს: ,,იგი ლექტორი კი არა, მოძღვარი იყო, ის ჩვენ აზროვნებას გვასწავლიდა’’-ო. უნივერსიტეტში მიხეილ ქვლივიძე 2 წელი - 1941-1943 წ.წ. - სწავლობდა და სტალინის სტიპენდიანტი იყო. ამის მიუხედავად, იგი მეორე კურსის შემდეგ შრომითი მობილიზაციით საავიაციო ქარხანაში სამუშაოდ გაიწვიეს, სადაც მან წელიწადზე მეტი დაჰყო. შემდეგ კი ყველაფერს ხატვის სიყვარულმა სძლია და მან, 1944 წელს, სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1950 წელს დაამთავრა.

ამავე პერიოდში, პოეზიით გატაცებული ახალგაზრდა ყმაწვილი ხვდება პოეტ სიმონ ჩიქოვანს, დიდ პიროვნებასა და ადამიანს. მისმა ყურადღებამ და სითბომ მოხიბლა დამწყები პოეტი და მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია მის ცხოვრებას. ეს დიდებული ადამიანი ყოველთვის მხარში ედგა ახალგაზრდა პოეტს, ამხნევებდა და თანატოლივით ეპყრობოდა, ცდილობდა ფართო გზაზე გამოეყვანა და მისთვის მეგობართა საინტერესო წრე შეექმნა. მოგვიანებით სწორედ მან გააცნო მიშას ბორის პასტერნაკი. სიმონ ჩიქოვანის მეშვეობით დაიბეჭდა მიხეილ ქვლივიძის პირველი ლექსი და გამოქვეყნდა პირველი კრებული, მწერალთა კავშირშიც მისი რეკომენდაციით მიიღეს: 1947 წლის 16 იანვარს იგი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრობის კანდიდატი, ხოლო 1952 წლის 12 ივნისს მწერალთა კავშირის წევრი გახდა. მათი ურთიერთობა სიმონ ჩიქოვანის უკანასკნელ წუთებამდე გრძელდებოდა.

პარალელურად სტუდენტური ცხოვრება მიმდინარეობდა, - ახალგაზრდა პოეტი გრაფიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო.სადიპლომო ნაშრომისათვის მან თავისი ლექსების ილუსტრაციები შექმნა. ნაშრომი ფრიადზე შეაფასა პროფ. შარლემანმა, კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: უ. ჯაფარიძე, ს. ქობულაძე, შ. ამირანაშვილი. 1951-1954 წლებში მიხეილ ქვლივიძე სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტი გახდა. მან, შალვა ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობა დაიწყო სადისერტაციო თემაზე: ,,ქართული საბჭოთა გრაფიკა’’, ასპირანტურაში სწავლის მესამე წელს კი, თემა შეცვალა: ,,ვეფხისტყაოსნის დასურათების საკითხისათვის’’. დისერტაცია არ დაიცვა, თუმცა მისი ეს ნაშრომი ორჯერ გამოიცა წიგნად.

მწერალთა კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვში გადასვლიდან მალე, 1954 წელს, კონსტანტინე სიმონოვის რეკომენდაციით, მიხეილ ქვლივიძე საკავშირო მწერალთა კავშირში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა (1954-1959 წ.წ.). დაიწყო მისი ცხოვრების ,,მოსკოვური პერიოდი’’. 1958 წელს, სსრკ-ის დედაქალაქში, საქართველოს ლიტერატურული დეკადა ჩატარდა. პოეტი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის ორგანიზებაში და დასკვნით საღამოზე თავისი ლექსი ,,უშბა’’ ( თარგმ. ნ.ზაბოლოცკისა) წაიკითხა. მსმენელი აღფრთოვანებული შეხვდა ახალგაზრდა პოეტს, საკავშირო კულტურის მინისტრმა, ეკ. ფურცევამ, ქვლივიძე ,,საპატიო ნიშნის’’ ორდენით დააჯილდოვა. მოსკოვში ცხოვრების პერიოდში, მიხეილ ქვლივიძემ, ,,მწერალთა ბრიგადების’’ შემადგენლობაში, მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა: კამჩატკიდან კალინინგრადამდე და უამრავი მეგობარი შეიძინა. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის შემდეგ დაწერა ბულატ ოკუჯავამ თავისი ცნობილი სიმღერა ,,Грузинская песня’’ (,,Виноградная косточка’’), რომელიც მიხეილ ქვლივიძეს მიუძღვნა. პოეტი ბავშვობიდანვე სრულყოფილად ფლობდა რუსულს, მაგრამ ლექსი ამ ენაზე არასოდეს არ დაუწერია. ამავე დროს, იგი თავისი და სხვა ქართველი პოეტების ლექსების შესანიშნავ ბწკარედებს აკეთებდა, რამაც შესაძლებელი გახადა ქართული პოეზიის თარგმნა რუსულ, პოლონურ, უნგრულ, იტალიურ და სხვა ენებზე.

1962-1966 წლებში, მიხეილ ქვლივიძე, ერთადერთი ქართველი პოეტი, ევროპის მწერალთა კავშირის წევრი გახდა. 1960-1965 წლებში იგი რედაქტორად მუშაობდა საკავშირო გამომცემლობაში ”Советский писатель’’. ამ პერიოდის მისი ლიტერატურული საქმიანობა მხოლოდ ლექსებით არ შემოიფარგლებოდა, იგი წერდა კრიტიკულ სტატიებსა და საბავშვო წიგნებს, ძალიან ბევრს თარგმნიდა, განსაკუთრებით, პოლონელ და უნგრელ პოეტებს. მან შეადგინა და პოლონეთში გამოსცა ,,ძველი ქართული პოეზიის ანთოლოგია’’, ხოლო უნგრეთში - ,,თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია’’. 1970-1971 წლებში მიხეილ ქვლივიძე დაჯილდოვდა მედლებით პოლონური და უნგრული კულტურის წინაშე დამსახურებისთვის. 1982 წელს, ქართველი პოეტი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ,,მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ერთიერთობის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში’’, რუსული რედაქციის გამგედ. კოლეგიის შექმნის იდეა ოთარ ნოდიას ეკუთვნოდა. ეს იყო უნიკალური ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ქართულ კულტურას ეცნობოდნენ. მთარგმნელობითი საქმიანობა ქვლივიძის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მან არაერთი პიესა თარგმნა, რომელიც წარმატებით იდგმებოდა საქართველოს თეატრებში.

კინემატოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი კინოს ეკავა. 1962 წლიდან იგი კინოსტუდია ,,ქართული ფილმის’’ სასცენარო საბჭოს წევრი იყო. 1965 წელს, მან მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ გიჟიმყრელის მოკლემეტრაჟიან ფილმში ,,გრიბოედოვის საჩუქარი’’. იგი რუსულ ენაზე თარგმნიდა და ახმოვანებდა ქართულ ფილმებს. მისი თარგმანითაა ცნობილი თ. აბულაძის ფილმები: ,,ნატვრის ხე’’ და ,,მონანიება’’, თ.ბაბლუანის ,,უძინართა მზე’’, ნანა ჯანელიძის ,,იავნანა’’ და მრავალი სხვა.

1992-1995 წლებში მიხეილ ქვლივიძე კითხულობდა ლექციებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კულტურის უნივერსიტეტში. 1995 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 1998 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2001 წელს პოეტს გადაეცა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია პუბლიცისტურ-პოეტური ქმნილებებისათვის. იგი ხშირად და სიამოვნებით მართავდა შეხვედრებს მკითხველებთან, კითხულობდა ლექციებს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს მიხეილ ქვლივიძე დაოჯახდა, ცოლად შეირთო ლილი გრომეკო. 1952 წელს პირველი ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც დედის სახელი - თამარი - დაარქვა. 1954 წელს ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1956 წელს მათ მეორე ქალიშვილი - ნატა - შეეძინათ.

1980 წელს გარდაიცვალა პოეტის მეუღლე ლილი გრომეკო. 1982 წელს მიხეილ ქვლივიძე მეორედ დაქორწინდა, ცოლად შეირთო მედეა შალამბერიძე. 1984 წელს მათ ვაჟიშვილი - გიორგი - შეეძინათ.

გარდაიცვალა 2005 წლის 20 ივლისს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

ბიბილიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1952: „ლექსები“, თბილისი,. „საბჭოთა მწერალი“;
  • 1956: „ლირიკა“, თბილისი, „სახელგამი“;
  • 1959: „მოვდივარ დამიხვდი“ ლექსები, თბილისი, „საბჭოთა მწერალი“;
  • 1960: „ვეფხისტყაოსნის“ დასურათების ისტორიისათვის“, თბილისი, „ხელოვნება“;
  • 1962: „მოკითხვამდე“ ლექსები, თბილისი, „საბჭოთა მწერალი“;
  • 1966: „დაბრუნება“ ლექსები, თბილისი, „ნაკადული“;
  • 1967: ქართული საბჭოთა პოეზიის ბიბლიოთეკა, მ.ქვლივიძე, ლექსები, თბილისი, „ლიტერატურა და ხელოვნება“;
  • 1967: „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებანი“, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
  • 1971: „გაგრძელება იქნება“ ლექსები, ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“;
  • 1972: „გაგრძელება იქნება“ ლექსები, წიგნი II, თბილისი, „მერანი“;
  • 1975: „ლექსები“, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
  • 1978: „ლექსები“, თბილისი, „მერანი“;
  • 1981: „ლექსები“, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
  • 1982:. „შენთან ყოფნიდან უშენობამდე“, თბილისი, „მერანი“;
  • 1984: „ლექსები“, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
  • 1987: „წყნარი საღამო“ ლექსები და ნახატები, თბილისი, „ნაკადული“;
  • 1988: „სარკესთან“ ლექსები, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
  • 1989: „გარდაქმნა“ ლექსები, თბილისი, „მერანი“;
  • 1990: „ლექსამდე და ლექსის შემდეგ“, თბილისი, „მერანი“;
  • 1994: ერთტომეული ლექსები, თბილისი, „საქართველო“;
  • 1995: „ჩურჩულით და ხმამაღლა“ ლექსები, თბილისი „მერანი“;
  • 1997: „ექო“ ლექსები, თბილისი, „მერანი“;
  • 1999: „უნახავმა რა ნახაო...“ ანუ ამერიკული შთაბეჭდილებები, გაურკვეველი ნარკვევი, თბილისი, „მერანი“;
  • 1999: „ლექსები“, თბილისი, „საქართველო“;
  • 2000: „ლექსები“ , ავტოგრაფები, თბილისი, „თობალისი“;
  • 2001: „ექო“ – 2, გასული საუკუნის ლირიკული „რეპორტაჟები“, მოვლენათა კვალდაკვალ, ლექსები, თბილისი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია;
  • 2002: „ვაპირებ ცხოვრებას“ (ავტობიოგრაფიული ჩანაწერები), თბილისი, „თობალისი“;
  • 2002: „სიყვარულო, ძალსა შენსა...“ ლექსები, ჩემი ლირიკული გღიური, თბილისი, „თობალისი“;
  • 2002: „სხვა საქართველო სად არი?“ (ლექსები სამშობლოზე), თბილისი, „თობალისი“;
  • 2004: „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ ლექსები, თბილისი, „თობალისი“.

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1962: „მთვარის თეთრი იალქანი“ თანამედროვე იტალიელი პოეტების ლექსები, თბილისი, ,,ნაკადული“;
  • 1965: სალვატორე ქვაზიმოდო, ლექსები, თბილისი, „ლიტერატურა და ხელოვნება“;
  • 1965: ლექსები, პოემა, ესპანური მოტივები, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
  • 1965: სტეფანე შჩიპაჩოვი, „აპყის ხის წვენი“ (მოთხრობები), თბილისი, „ნაკადული“;
  • 1970: ედმონ როსტანი, „სირანო დე ბერჟერაკი“ (პიესა), თბილისი, „ნაკადული“;
  • 1973: „ხე და ვარსკვლავი„ პოლონელი პოეტების, თადეუშ რუჟევიჩის და ზბიგნევ ჰერბერტის ლექსების თარგმანები, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“;
  • 1976: ლოპე დე ვეგა, „ფუენტე ოვეხუნა“, თბილისი, „ნაკადული“;
  • 1977: კორასტილოვი, „მარტოობის დღესასწაული“ (ფიროსმანი); „ასი წლის შემდეგ“; შვარცი, „ჩრდილი“; თბილისი, „საქ. თეატრალური საზოგადოება“;
  • 1984: „თანამედროვე პოლონური პოეზია“, თბილისი, „მერანი“;
  • 1985: ჟომბოკ ტიმარ დიორდი, „ნეპალური ამბავი“, უნგრულიდან თარგმნა მ. ქვლივიძემ, თბილისი, „ნაკადული“;
  • 1985: თადეუშ რუჟევიჩი, ლექსები, (პოლონურიდან), თბილისი, საბჭოთა საქართველო“;
  • 1986: ტონინო გუერა, „თაფლი“ (პოემა), ჟურნალი „საუნჯე“ N4;
  • 1990: ანტონ ჩეხოვი, პიესები; „თოლია“; „ალუბლის ბაღი“; „ივანოვი“, თბილისი, „საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი“;
  • 1999: ვისლავა შიმბორსკა, ლექსები, (პოლონურიდან), მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკა, თბილისი, „მერანი“;

რუსულ ენაზე გამოცემული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1955 г. ,,Солнце сквозь листья’’, пер., стихи М. ,,Советский писатель’’;
  • 1957 г. ,,Стихотворения’’, пер., М. ,,Советский писатель’’;
  • 1957 г. ,,Так пелось мне’’, пер., стихи, издательство ССП Груз. ,,Заря Востока’’, Тбилиси;
  • 1961 г. ,,Надпись на камне’’, пер., стихи, ,,Государственное издателство художественной литературы’’, Москва;
  • 1964 г. ,,До востребования’’, пер., стихи, изд. ССП Грузии ,,Литература и искуство’’, Тбилиси;
  • 1967 г. ,,Библиотека избранной лирики’’, Мих. Квливидзе, пер., стихи, изд. ЦК ВЛКСМ ,,Молодая гвардия’’;
  • 1967 г. ,,Возвращение к себе’’, пер., стихи, Москва , ,,Советский писатель’’;
  • 1968 г. ,,Там был прикован Прометей’’, книга о Грузии, Оригинал, М. ,,Детская литература’’;
  • 1969 г. ,,Продолжение следует’’, пер., стихи, Изд., ,,Мерани’’, Тбилиси;
  • 1972 г. ,,Давид из Сагурамо’’, повесть, оригинал, М . ,,Детская литература’’;
  • 1973 г. ,,Продолжение следует’’, пер., стихи , Москва, ,,Художественная литература’’;
  • 1976 г. ,,Три дождя’’, пер., стихи, Москва, ,,Детская литература’’;
  • 1977 г. ,,Стихотворения’’, пер., Тбилиси, изд. ,,Мерани’’;
  • 1981 г. ,,Лицо’’, пер., стихи, Москва, ,,Советский писатель’’;
  • 1982 г. ,,Библиотека советской поезии’’, Миха Квливидзе, Стихотворения, пер., Москва, ,,Художественная литература’’;
  • 1985 г. ,,Копилка памяти’’, пер., стихи, Тбилиси, ,,Мерани’’;
  • 1986 г. ,,Давид из Сагурамо’’, Повесть, оригинал , 2-е издание, Тбилиси, ,,Мерани’’;
  • 1988 г. Миха Квливидзе, ,,Избранное’’, лирика, пер., Москва, ,,Советский писатель’’;
  • 1991 г. ,,Продолжение следует’’, пер., стихи, библиотека ,,Огонек’’, М.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Czech National Authority Database