მიხეილ საყვარელიძე
მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძე (დ. 2 იანვარი, 1892, თელავი — გ. 3 აპრილი, 1938) — ქართველი მწერალი, პედაგოგი, იურისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიხეილ საყვარელიძე დაიბადა 1892 წლის 2 იანვარს (ძველი სტილით - 1891 წლის, 20 დეკემბერს) თელავში. 1913 წელს მიხეილმა დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და იმავე წელს ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პერიოდში იგი ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან.
მიხეილ საყვარელიძე მოყვარული და თვითნასწავლი მოჭადრაკე იყო. იგი არის ქართულ ენაზე ჭადრაკის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი. 1926 წელს გამომცემლობა "შრომამ" გამოსცა მისი პირველი ქართული სახელმძღვანელო სახელწოდებით "ჭადრაკი" იგი მონაწილებდა 1937 წლის გაზაფხულზე თბილისში გამართულ სსრ კავშირის X საჭადრაკო ჩემპიონატსში.
მიხეილი ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებში "კომუნისტი", "კოლექტივიზაცია" და სხვა. როგორც ქართული ენის მცოდნე, მუშაობდა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ კომისიაში.
1937 წლის 22 დეკემბერს, მიხეილ საყვარელიძე დააპატიმრეს. სასამართლო სხდომა 1938 წლის 3 მარტს ჩატარდა და ბრალიც წარუდგინეს. ბრალად ედებოდა, რომ დარწმუნებული იყო საკუთარ კონტრრევოლუციურ შეხუდელებებში და ბოლო დრომდე აგრძელებდა ამ საქმიანობას. 1933 წელს შევიდა არალეგალურ კონტრრევოლუციურ სოციალ-ფედერალისტურ ორგანიზაციაში. პირადად ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას და მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. სასჯელის ზომად განესაზღვრა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. განაჩენი ერთი თვის შემდეგ, 3 აპრილს იქნა სისრულეში მოყვანილი.საბოლოოდ, რეაბილიტირებული იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით.