მიხეილ რჩეულიშვილი
მიხეილ რჩეულიშვილი (დ. 19 დეკემბერი, 1907, ვაზისუბანი, თელავის მაზრა — გ. 1994) — ქართველი ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1960), საქართველოს სსრ-ის მენცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1927 წლიდან მუშაობდა იწყებს პროფ. ი. ჯანდიერთან, ახლად დაარსებულ საქართველოს მიწსახკომის ცენტრალურ ზოოტექნიკურ საცდელ სადგურში; 1929 წელს გაგზავნეს ქ. ლენინგრადში სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის განსაკუთრებულ ზოოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც სწავლობდა კრანეოლოგიური და ოსტეოლოგიური კვლევის მეთოდებს, შემდგომ ქ. მოსკოვში ექსპერიმენტალური ბიოლოგიის ინსტიტუტში და ცენტრალურ გენეტიკურ სადგურში ეუფლებოდა ზოგადი გენეტიკის და ცხვრის გენეტიკის კვლევის მეთოდებს. 1932-1940 წლებში შეთავსებით მუშობდა მეცხვარეობის ზონალურ საცდელ სადგურში ცხვრის გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელად და მატყლის მცოდნეობის ლაბორატორიის გამგედ, მასვე ევალებოდა სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულება; 1940 წლიდან მუშობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ზოოლოგიის სექტორში და შემდგომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად და მისივე ინიციატივით შექმნილ ცხოველთა წარმოშობისა და ევოლუციის ლაბორატორიის გამგედ; 1958 წლიდან საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო სამეცნიერო ნაწილში; 1959 წელს მისი ხელმძღვანელობით დაარსდა გენეტიკის განყოფილება; 1976 წელს მისივე თაოსნობით საქართველოს სსრ მეცნიერების აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტთან დაარსდა მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლების ბიოლოგიური საფუძვლების ლაბორატორია; გამოიკვლია და დაამუშვა მომთაბარე მეცხოველეობის რაციონალიზაციისა და ინტენსიფიკაციის ორიგინალური სისტემები; საქართველოში პირველმა დაიწყო მომთაბარე მეხორცული მეცხვარეობისა და ექსტრემალურ პირობებში ზებუსთან შეჯვარებით მეხორცული მეძროხეობის განვითარების შესწავლა, აგრეთვე ადგილობრივი ცხვრების გენოფონდის გამოკვლევა და ენდემურ სასწავლო-სამეცნიერო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და გამოყენების პრობლემების დამუშვება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 521.
- საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები. – თბ., 2004. – გვ.151;