შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ობრენოვიჩის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ობრენოვიჩის ძეგლი
სერბ. Споменик кнезу Михаилу / Spomenik knezu Mihailu
ზოგადი ინფორმაცია
სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
შენობის ტიპი ძეგლი
ქვეყანა სერბეთი
მდებარეობა ბელგრადი
კოორდინატები 44°48′59″ ჩ. გ. 20°27′36″ ა. გ. / 44.8164611° ჩ. გ. 20.4600806° ა. გ. / 44.8164611; 20.4600806
დაიწყო 1874
დასრულდა 1882
მიხეილ ობრენოვიჩის ძეგლი 1890 წელს

მიხეილ ობრენოვიჩის ძეგლი (სერბ. Споменик кнезу Михаилу, Spomenik knezu Mihailu) — სერბი მმართველის, მიხეილ ობრენოვიჩის პატივსაცემად აღმართული ცხენოსნის ძეგლი. იგი მდებარეობს ბელგრადის მთავარ რესპუბლიკის მოედანზე და დაიდგა 1882 წელს. ეს იყო პირველი საჯარო ძეგლი სერბეთში, რომელიც მმართველის ცხენზე ამხედრებულ ფიგურას ასახავდა. ძეგლის ავტორია იტალიელი მოქანდაკე ენრიკო პაცი, ხოლო რელიეფები შესრულებულია არქიტექტორ კონსტანტინ იოვანოვიჩის ნახაზების მიხედვით. 1979 წლიდან ძეგლს მინიჭებული აქვს კულტურის მაღალმნიშვნელოვანი ძეგლის სტატუსი.[1]

საერთაშორისო კონკურსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბელგრადში დაიწყო ძეგლების რაოდენობის ზრდა — ისინი წარმოადგენდნენ სერბეთის მრავალი გამოჩენილი კულტურული და პოლიტიკური მოღვაწის ხსოვნას. მრავალი დისკუსიისა და კონკურსის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაედგათ მიხეილ ობრენოვიჩის ძეგლი, რომელიც უნდა განთავსებულიყო ყოფილი თეატრის მოედანზე, ეროვნულ თეატრთან ახლოს. ამ მიზნით 1873 წელს გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა მიიღო, ძირითადად უცხოელი მოქანდაკეების მიერ წარმოდგენილმა, 17 ნამუშევარმა.

კონკურსში გამარჯვება მოიპოვა იტალიელმა მოქანდაკემ, ფლორენციის გამორჩეულმა ოსტატმა ენრიკო პაციმ. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია მწერალი დანტეს ძეგლი (1865 წელი). ენრიკო პაცის პროექტი მიხეილ ობრენოვიჩის ძეგლისთვის სიახლეს წარმოადგენდა იმდროინდელი სერბული საზოგადოებისთვის, რადგან მმართველი ცხენზე ამხედრებული იყო გამოსახული — რაც ევროპულ ტრადიციაში ძალაუფლებისა და სახელმწიფოებრივი ღირსების სიმბოლოდ ითვლებოდა. ძეგლზე მუშაობა დაიწყო 1874 წელს და გაგრძელდა 1878 წლამდე, როცა სერბეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ბელგრადში მდებარე ეს ცხენოსანი ქანდაკება შესრულებულია კლასიკური იტალიური ძეგლების სტილში.

ეს იყო პირველი მონუმენტური ცხენოსანი ძეგლი სერბეთში.[2]

ძეგლის დამზადება და დადგმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრინჯაოს ცხენოსანი ქანდაკება, რომელიც ასახავს მიხეილ ობრენოვიჩს და შესრულებულია იტალიელი მოქანდაკის, ენრიკო პაცცის მიერ, ბელგრადში 1882 წელს დაიდგა. ძეგლი მიეძღვნა ოსმალთა სრული განდევნისა და სერბეთის ტერიტორიაზე დარჩენილი შვიდი ქალაქის გათავისუფლების ისტორიას (1867 წელი), რომლებიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის კონტროლქვეშ იყვნენ. ამ ქალაქების სახელები ამოტვიფრულია ძეგლის პოსტამენტზე განთავსებულ დაფებზე. ქანდაკებაში მმართველს ხელი გამოშვერილი აქვს კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) მიმართულებით, როგორც სიმბოლური მითითება — თუ საით უნდა დატოვონ თურქებმა სერბეთის მიწა.[1]

მონუმენტის საზეიმო გახსნა გაიმართა 1882 წლის 6 დეკემბერსწმინდა ნიკოლოზის დღეს, ობრენოვიჩების დინასტიის მცველის პატივსაცემად. ეს ღონისძიება ორგანიზებული იყო როგორც გრანდიოზული ზეიმი სერბეთის სამეფოს გამოცხადების აღსანიშნავად. იმ დროისთვის მხედარი თავსაბურავის გარეშე იყო უჩვეულო მოვლენა, რამაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.[3] ძეგლის გახსნას თან ახლდა გრანდიოზული წარმოდგენა, რომელიც სერბეთის სამეფოდ გამოცხადების დღის აღსანიშნავად გაიმართა. სცენის დეკორაციები მოიცავდა ყვავილებითა და მცენარეულობით მორთულ კულისებს, გერბებს თეთრი ორთავიანი არწივებით და დროშებს. ამ შემთხვევის აღსანიშნავად, როგორც მე-19 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სერბული მონუმენტის ავტორმა, ენრიკო პაციმ „ტაკოვოს ჯვრის ორდენის“ მეორე ხარისხი მიიღო. ცერემონიას ესწრებოდნენ ეკლესიის, სახელმწიფოსა და არმიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე დიდი რაოდენობით ადგილობრივი მოსახლეობა.[2]

მონუმენტი ბრინჯაოსგან არის დამზადებული და შედგება სამი ნაწილისგან: ცოკოლის, პიედესტალის და მხედრული ქანდაკებისგან. ბრინჯაოს ფიგურა ასახავს ცხენზე მჯდომ თავად მიხეილს. სერბთა თურქული ბატონობისგან გამათავისუფლებლის გაწვდილი ხელი მიუთითებს ჯერ კიდევ დაუბრუნებელ ტერიტორიებზე. მსგავსი ჟესტი — აწეული ხელი გაწვდილი საჩვენებელი თითით — იღებს სათავეს რომაული ტრადიციიდან და ფართოდ გამოიყენებოდა ფრანგულ ნეოკლასიკურ ხელოვნებაში. თავად მიხეილისთვის ეს ჟესტი ძირითადად დიპლომატიურ გამარჯვებას განასახიერებს და არა სამხედრო გამარჯვებას, რაც ჩანს როგორც თავადის, ისე ცხენის პოზაში. თავადს არა მარჯვენა ხელით, არამედ მარცხენა ხელით უჭირავს ცხენი, რაც სიმბოლურად მიუთითებს მმართველის უნარზე — აკონტროლოს. მიხეილ ობრენოვიჩი წარმოდგენილია როგორც ერის მხსნელი, რომელიც ეროვნული იდეალების სასარგებლოდ სწირავს თავს. პიედესტალი ოვალური ფორმისაა და გაფორმებულია რელიეფური ფრიზით. წინა და უკანა ფრიზებზე წარმოდგენილი გამოსახულებები აღებულია დინასტიური მითოლოგიის ციკლიდან, რომელიც განადიდებს სერბი ხალხის უძველეს წარმოშობას, გმირობას და მის აღორძინებას ობრენოვიჩების დინასტიის მმართველობის დროს. პიედესტალი უკანა, ჩრდილოეთ მხარეს მდებარე კომპოზიციაში „სერბი გუსლარი“, მუსიკოსი გარშემორტყმულია სხვადასხვა ტანისამოსში გამოწყობილი ადამიანებით, რაც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებზე მიუთითებს — მათ შორის იმათზე, რომლებიც იმდროინდელი სამთავროს საზღვრებს გარეთ ცხოვრობდნენ. პიედესტალი წინა, სამხრეთ მხარეს განთავსებულია კომპოზიცია „თავადი მილოში ტაკოვოში“, რომელიც გამოხატავს როგორც დინასტიურ და ეროვნულ იდეებს, ისე სამშობლოს განთავისუფლებისათვის ბრძოლის აზრს.[2] ძეგლის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს მოთავსებულია ბარელიფები, რომლებიც განადიდებენ თავადი მიხეილის სახელს. აღმოსავლეთ მხარეს განთავსებული კომპოზიცია „ეროვნული დეპუტაცია დიდგვაროვანი თავადი მიხეილის წინაშე“ დაფუძნებულია სერბული სახელმწიფოს ოქროს ხანის აღდგენის იდეაზე.

დასავლეთ მხარეს წარმოდგენილია კომპოზიცია „სერბები დებენ ფიცს თავადი მიხეილის საფლავთან“. კომპოზიციის ცენტრში მდებარეობს ძველი სარკოფაგი ფრანგულენოვანი წარწერით: „Michel III prince de Serbie“ („მიხეილ III, სერბეთის თავადი“). ბარელიფებით დამშვენებული პიედესტალი განთავსებულია მაღალ მართკუთხედ პოსტამენტზე, რაც ძეგლს სივრცეში დომინანტურ პოზიციას ანიჭებს და მნიშვნელოვან ვიზუალურ და სიმბოლურ როლს ასრულებს მონარქის ფიგურის ამაღლებაში. ობრენოვიჩების დინასტიის გერბი მოთავსებულია ცოკოლის წინა, სამხრეთ მხარეს. გვერდითა მხარეებზე განლაგებულია სამი დიდი ბრინჯაოს გვირგვინი (გირლანდა), რომლებზეც ოქროს ასოებით აღნიშნულია 1867 წელს გათავისუფლებული ქალაქების სახელები: ბელგრადი, კლადოვო, სმედერევო, შაბაცი და უჟიცე. ცოკოლის უკანა, ჩრდილოეთ მხარეს ჩაწერილია ტექსტი: „თავად მიხეილ ობრენოვიჩ III-ს, მადლიერი სერბეთი“. ცოკოლის ოთხ კუთხეში მოთავსებულია რელიეფური ტრადიციული ტროფეები. ძეგლის გარშემო განთავსებულია ღობე კანდელაბრებით (მრავალმხრივი სანათის, შანდლის მსგავსი კონსტრუქცია). თავად მიხეილის ძეგლი სერბეთის ისტორიაში პირველი მხედრული მონუმენტია, რომელზეც მმართველის ფიგურაა წარმოდგენილი.

მონუმენტის გახსნა მიმდინარეობდა საზეიმო ვითარებაში — გაისმა 101 ქვემეხის ზალპით და დაირეკა ბელგრადის ყველა ეკლესიის ზარი.

  1. 1.0 1.1 Link=713|Name=Споменик кнезу Михаилу / Prince Mihailo Monument
  2. 2.0 2.1 2.2 beogradskonasledje.rs — Prince Mihailo Monument დაარქივებული 2013-11-13 საიტზე Wayback Machine. Retrieved 7 July 2013
  3. Scandal at bareheaded Prince Scandal at Monument bareheaded Prince Retrieved 29 July 2014. ციტირების თარიღი: 2016-12-25