მიხეილ ზანდუკელი (ფიზიოთერაპევტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზანდუკელი.

მიხეილ ოთარის ძე ზანდუკელი (დ. 1 მაისი, 1881, სოფ. არანისი, დუშეთის მაზრა, — გ. 22 ნოემბერი, 1950, თბილისი) — ქართველი ფიზიოთერაპევტი და კურორტოლოგი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საკურორტო საქმის ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი იყო საქართველოში.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1909 წელს. 1907 წელს პირველმა წამოაყენა წინადადება მოსკოვში ქართველთა საზოგადოების დაარსების შესახებ და იყო ამ საზოგადოების გამგეობის წევრი და თავმჯდომარის (ა. სუმბათაშვილი) მოადგილე, მოსკოვში ქართული საღამოების მოწყობის ერთ-ერთი ინიციატორი, განაგებდა და უსასყიდლოდ ემსახურებოდა ქართული საზოგადოების მიერ მოსკოვში მოწყობილ ლაზარეთს. 1912 მისი ინიციატივით მოსკოვში დაარსდა საექიმო შრომის სამედიცინო ბიურო, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო.

1918 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. დიდი საექიმო დახმარება გაუწია ქ. გორის მოსახლეობას 1920 წლის მიწისძვრის დროს. ზანდუკელის ხელმძღვანელობით გაიხსნა სანატორიუმები ბორჯომსა და აბასთუმანში, თბილისში (გოგირდის წყლითა და ტალახით სამკურნალო), თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი (1937, იყო მისი პირველი დირექტორი). ზანდუკელმა დააარსა და ხელმძღვანელობდა თბილისის ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის ინსტიტუტს (1926–1941). II მსოფლიო ომის დროს განაგებდა ამ ინსტიტუტის ბაზაზე გახსნილ საევაკუაციო ჰოსპიტალს, 1946–1950 წლებში კი — თბილისის ფიზიოთერაპიულ საავადმყოფოს. ზანდუკელი საქართველოს ფიზიოთერაპევტთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე იყო (1938–1950). მისი სამეცნიერო შრომები ეხება ძირითადად ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მიხეილ ზანდუკელის ძმა ნიკოლოზი, საქართველოს არმიის კაპიტანი, დაიღუპა წითელ არმიასთან ბრძოლაში 1921 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]