შინაარსზე გადასვლა

მიხეილ დადიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ დადიანი (დ. 1899, 22 მარტი, თბილისი – გ. 9 აგვისტო, 1974, ვაშინგტონი) — ქართველი პოეტი და სამხედრო პირი. პოეტისა და პუბლიცისტის, ნიკოლოზ (კოკი) დადიანის (1878-1939) უფროსი ვაჟი. დედა ნინო (ლაისო) მიქელაძე, რომელიც ძალიან ადრე გარდაიცვალა, 1905 წელს მშობიარობას გადაჰყვა.

1917 წლის შემოდგომაზე მიხეილ დადიანმა გაიგო, რომ დაიწყო ქართული სამხედრო ნაწილების შედგენა. იგი ჯერ კიდევ გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლე იყო, მაგრამ ბევრი არ უფიქრია, გიმნაზიიდან გამოვიდა და დათიკო მიქელაძის ცხენოსან ასეულში ჩაეწერა. ამავე ასეულში მსახურობდა მამამისი, კოკი დადიანიც. ისინი ერთად მონაწილეობდნენ იმ პერიოდის ყველა ანტიეროვნული ამბოხების ჩაქრობაში. ასეულის დაშლის შემდეგ, 1918 წლის გაზაფხულზე, მიხეილ დადიანი ილიკო მამულაიშვილის ასეულში ჩაირიცხა. 1919 წლის სექტემბერში თბილისის სამხედრო სკოლის სტუდენტი გახდა. 1921 წლის თებერვალში, სხვა იუნკრებთან ერთად, ისიც იცავდა თბილისის მისადგომებს, კოჯორ-ტაბახმელასთან. 1921 წლის მარტში, ოჯახთან და სხვა იუნკრებთან ერთად, სამშობლო დატოვა. საქართველოს დევნილი მთავრობა დაეხმარა საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებელში მოწყობაში. ვარშავის სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიხეილ დადიანი პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცერი, კავალერიის ლეიტენანტი გახდა.

1930-იან წლებში ვარშავიდან პარიზში გადავიდა, სადაც ჰენესის საცხენოსნო კომპლექსში ინსტრუქტორად მუშაობდა. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მხარეს იბრძოდა, ბერგმანის ბატალიონის ლეიტენანტი იყო და საბჭოთა რეჟიმის დამარცხებაზე ოცნებობდა. ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. მუშაობდა "ამერიკის ხმაში", სადაც იყო ქართული ენის რედაქტორი.

მიხეილ დადიანი ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში მიხა წყემელის ფსევდონიმით ლექსებს აქვეყნებდა. 1976 წელს, პარიზში გამომავალ ჟურნალ „კავკასიონში“ დაიბეჭდა მისი მოგონებები „რაც მახსოვს“, სადაც მოთხრობილია საქართველოში გატარებულ ბავშვობაზე, წინაპრებზე, ქართულ ჯარზე და საქართველოს ოკუპაციაზე. პოეტი ცხოვრობდა ვაშინგტონის გარეუბანში, არლინგტონში, სადაც იგი გარდაიცვალა. მეუღლესთან, თინა გომართელთან ერთად დაკრძალულია ვაშინგტონის კენედის სახელობის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_დადიანი“-დან