მიხეილ ბეთანელი
მიხეილ ბეთანელი (დ. 1849, ახალციხე — გ. 1906) — ქართველი მეწარმე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი გვარი წარმოშობით ბეთანიიდან იყო, მაგრამ XVIII საუკუნიდან ახალციხეში ცხოვრობდნენ.დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში, საიდანაც რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო გარიცხეს. ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაინტერესებული იყო ტექნიკური აღმოჩენებითა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციით, დაამთავრა სამთო ინსტიტუტი, ისწავლა ინგლისური, ფრანგული, და გერმანული ენები. კარგად იცოდა რუსული, თურქული, სომხური და ბერძნული ენები. ამერიკაში დაუახლოვდა თომას ედისონს. 1869 წელს, სანქტ-პეტერბურგში მიხეილ ბეთანელმა საკუთარი ხარჯით გამოსცა ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!"
რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, 1879 წელს, თბილისიდან სტამბოლის გავლით ამერიკაში წაიყვანა ქართველ მეზურნეთა და მომღერალთა გუნდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1878-1888 წლებში მიხეილ ბეთანელმა ბათუმში სანავსადგურო კანტორა დააფუძნა და, როგორც ევროპულ-აღმოსავლურ ენათა მცოდნე, თარჯიმნად მუშობდა. მშობლიურ მხარეში აღმოაჩინა ქისათიბის დიატომიტის საბადო და მისი დამუშავება დაიწყო. ამიერკავკასიაში - ყარსში, ახალციხეში, არდაგანსა და სხვ. აღმოაჩინა მარმარილოს ონიქსი, აზბესტი, თითბერი; ჭოროხის ხეობაში - სპილენძის მადნები; ტყვარჩელის ქვანახშირის ერთ-ერთი პირველი აღმომჩენიც მიხეილ ბეთანელი იყო. გადაიღო ჭრელი ინფუზორი ქვების კოლექციის სურათებიდაინტერესებული იყო გეოლოგიით, მადნეულს ანალიზებისათვის ევროპაში აგზავნიდა, ოცნებობდა ქისტაბიდან ახალციხემდე საჰაერო რკინიგზა აეგო. ფლორიდაში ყოფნისას, მიხეილ ბეთანელმა ადგილობრივი სუბტროპიკული მცენარეულობა - მანდარინი, ანანასი, პალმები და სხვა ციტრუსოვანი მცენარეები შეისწავლა და პირველად ბათუმთან, ე. წ. გოროდოკში საგანგებო ბაღი გააშენა, ბაღს „როკვეი“ ერქვა. მიხეილ ბეთანელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, კირილე ლორთქიფანიძე, ნიკო ნიკოლაძე, ზაქარია ჭიჭინაძე, ანტონ ფურცელაძე და სხვ.). მეუღლესთან - მარიამ აზნაურიშვილთან ერთად ბათუმში დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მონაწილეობა მიიღო პირველი ქართული სკოლის გახსნაში, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის სკოლის სახელით არის ცნობილი.
დაკრძალულია ახალციხის ძველი ეკლესიის გალავანში.
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Эксплуатация о Кавказской белой инфузорной земле (Кизельгурб), 1896)
- "О Кавказском мраморном Ониксе", !901
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.34
- ჭიჭინაძე ზ, ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე, ტფილისი: არ. ქუთათელაძის სტამბა, 1905. — გვ. 35-37.