მიხეილის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილის ხიდი 1853-1856 წლებში

მიხეილის ხიდი, ვორონცოვის ხიდი — ამ სახელით XIX-XX სს. თბილისში მტკვარზე გადებული ორი. ე.წ. მიხეილის დიდი და მცირე, ხიდი იყო ცნობილი. „დიდი ხიდის“ ადგილზე ახლა ჩუღურეთის ხიდია, „მცირე ხიდი“ კი ცნობილია „მშრალი ხიდის“ სახელწოდებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ადგილზე ხიდის აგება 1830-იან წლებში გადაწყდა, რათა გადაეჭრათ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ახლად აღმოცენებულ უბნებთან (ჩუღურეთი, კუკია, გერმანელთა დასახლება) დაკავშირების პრობლემა. შემუშავდა კაპიტალური ხიდის პროექტი. სამუშაო უნდა დაფინანსებულიყო ხიდის იჯარით გაცემით, მაგრამ საჯარო ვაჭრობა არ შედგა მსურველთა გამოუცხადებლობის გამო. მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა სამხედრო მიზნებს მოხმარდა. კაპიტალური ხიდის ნაცვლად 1840-იან წლებში ამ ადგილზე მესანგრეები აშენებდნენ დროებით ხის ხიდებს, რომელსაც რეგულარულად იტაცებდა ადიდებული მდინარე.

1840-იან წლებში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის დავალებით არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ შეადგინა ხიდის ახალი პროექტი. ნაგებობა ორი, დიდი და მცირე ხიდებისაგან შედგებოდა, მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტზე. მშენებლობა 1848 წელს დაიწყო, თუმცა რამდენიმეჯერ შეფერხდა, იცვლებოდნენ მოიჯარადეები. 1848 წლის 26 ნოემბერს ვორონცოვმა საზეიმო ვითარებაში ჩაუყარა საძირკველი ახალი ხიდის ბურჯებს. 1849 წელს მდინარემ წაიღო ხის ხიდი. სკუდიერიმ მხოლოდ მტკვრის მარჯვენა ტოტზე ერთმალიანი ხიდის აგება მოასწრო, ის 1851 წელს ტაძრის მშენებლობისას დაიღუპა. სკუდიერის გარდაცვალების შემდეგ დიდი ხიდის პროექტი გადაამუშავა ინჟინერმა ს. ბლიკსმა, რომელმაც ხის მალები აგურის კამარებით შეცვალა. საბოლოოდ სამმალიანი ხიდის ნაცვლად ხუთმალიანი ქვის ხიდი აშენდა, რომლის სიგრძე დაახლოებით 107 მეტრს, ხოლო სიგანე 9 მეტრს შეადგენდა. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა ქართველი ინჟინერი ვ. ბაგრატიონ-მუხრანსკი. მიხეილის დიდი ხიდი საზეიმოდ 1853 წელს აპრილში მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების დღეს გაიხსნა და იკურთხა. მშენებლობის დამთავრებიდან ერთი წლის თავზე ხიდს ოფიციალურად წმ. მიხეილის სახელი უწოდეს. მაგრამ ხალხი მას „ვორონცოვის ხიდად“ მოიხსენიებდა. ამას ხელს უწყობდა იმ გარემოებამაც, რომ დღევანდელი ზაარბრიუკენის მოედნის შუაგულში 1867 წლის 25 მარტს გაიხსნა მიხეილ ვორონცოვის 2-მეტრიანი ბრინჯაოს ძეგლი, რომლის კვარცხლბეკი ალგეთის ქვით მოაპირკეთეს (პროექტის ავტორები: პროფ. პიმენოვი და მხატვარი კრეიტანი). ხიდი იმდენად ვიწრო იყო, რომ 1883-1884 წლებში ის გადააკეთეს - ტროტუარები ლითონის კონსოლებზე გადაიტანეს.

1962 წელს ხიდს, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა, საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რომლის შედეგად მან დღევანდელი სახე მიიღო (არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი, გ. მელქაძე; ინჟინერი გ. ქარცივაძე). ძველი ხიდის ბურჯები და ხუთმალიანი კონსტრუქცია შეინარჩუნეს. ხიდის გასაფართოებლად არსებულ მალებს ორივე მხრიდან მიუშენეს მათი ზომის შესაბამისი რკინაბეტონის თაღები. ამჟამად ხიდის სიგრძეა 124 მ, სიმაღლე - 15 მ, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე - 25 მ. ისტორიის მანძილზე ამ ხიდმა რამდენიმე ოფიციალური სახელი გამოიცვალა: კუკიის, წმ. მიხეილის, კარლ მარქსის, ჩუღურეთის, ზაარბრიუკენის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 14-16, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 41-42. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1985

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]