მიხალ სენძივოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხალ სენძივოი
პოლ. Michał Sędziwój

დაბ. თარიღი 2 თებერვალი, 1566(1566-02-02)[1] ან 1560[2]
დაბ. ადგილი Łukowica
გარდ. თარიღი 1636[3] [4] [5] [6] [7] [8] ან 1640[2]
გარდ. ადგილი Kravaře
მოქალაქეობა Kingdom of Poland
 საღვთო რომის იმპერია
საქმიანობა alchemist, დიპლომატი, ქიმიკოსი და ექიმი
ალმა-მატერი იაგელონის უნივერსიტეტი
ნათესავ(ებ)ი Jakob von Eichendorff

მიხალ სენძივოი (პოლ. Michał Sędziwój), ასევე ცნობილი, როგორც სენძივოგიუსი (ლათ. Sendivogius; დ. 1566 — გ. 1636) — პოლონელი ეზოთერიკოსი, მედიკოსი და ალქიმიკოსი. ალექსანდრე სეტონის მოსწავლე და მისი შრომების გამომცემელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI და XVII საუკუნეები ევროპაში ალქიმიის უდიდესი აყვავების ხანაა. ალქიმიკოსად წოდებული ურიცხვი მეცნიერი, არისტოტელეს მოძღვრების საფუძველზე ცდილობდა ეპოვა რკინისა და სპილენძის მსგავსი არაკეთილშობილი ლითონების კეთილშობილ ვერცხლად და ოქროდ გარდაქმნის ხერხი. იმ დროს ყველგან სჯეროდათ იდუმალი ნივთიერების არსებობისა, რომლის დახმარებითაც შეიძლებოდა ასეთი გარდაქმნა. ამ ნივთიერებას ფილოსოფიურ ქვას უწოდებდნენ.

ალქიმიკოსებს შორის ჩვეულებრივი თაღლითებიც ერია. ისინი ოსტატურად აკეთებდნენ ათასნაირ ფოკუსს - აჩვენებდნენ ორმაგფსკერიან ჭურჭელს, ვერცხლისწყალში ხსნიდნენ ოქროს და სხვა. ამ ადამიანებს თავი ისე ეჭირათ, თითქოს უკვე ამოეცნოთ ფილოსოფიური ქვის საიდუმლო. და ახლა ყველას თვალწინ ძვირფასი ლითონის ზოდებს იღებენ. მიამიტი მაყურებლები, რომლებლაც ალქიმიკოსები ფილოსოფიური ქვის საიდუმლოს გამხელას ჰპირდებოდნენ, ხშირად მარჯვე თაღლითებს გამდიდრების საშუალებას აძლევდნენ. ალქიმიით ხომ მთავრები მეფეებიც იყვნენ დაინტერესებულნი. სამაგიეროდ, თუკი ალქიმიკოსს თაღლითობაში ამხელდნენ, მას სახრჩობელა ელოდა და თანაც, როგორც ადათი მოითხოვდა, მოვარაყებული სახრჩობელა. მაგრამ თაღლითების გვერდით იყვნენ ალქიმიკოსები, რომელთაც შეიძლება ჭეშმარიტი მეცნიერები ვუწოდოთ. მართალია, უწინარეს ყოვლისა, ისინიც ლითონების გარდაქმნის ხერხებს ეძებდნენ, მაგრამ სერიოზული და სისტემატური მუშაობის შედეგად ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. სწორედ ასეთი მეცნიერი იყო მსოფლიოში სახელგანთქმული პოლონელი ალქიმიკოსი მიხალ სენძივოი. მან დაამუშავა ბევრი მჟავის, ლითონისა და მარილის მიღების, აგრეთვე სხვადასხვა ნაერთის ამოცნობის ხერხი.

წიგნი, რომელშიც მეცნიერმა თავისი აღმოჩენები და ცდები აღწერა,იმ დროს მეტად პოპულარული სამეცნიერო სახელმძღვანელო იყო და არაფერია გასაკვირი, რომ ეს წიგნი ოცდაათჯერ გამოიცა სხვადასხვა ენაზე. სენძივოი ბევრს მოგზაურობდა. იგი გაეცნო ესპანეთს, ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას, შვედეთს, შორეულ თურქეთსაც კი. მას ყველგან დიდის პატივით ღებულობდნენ არა მარტო მეცნიერები, არამედ ამ ქვეყნის მმართველებიც. ალქიმიკოსთა უმეტესობის მსგავსად იგი ამტკიცებდა, რომ ფლობდა ფილოსოფიური ქვის საიდუმლოს. ამის გამო სწავლული არაერთხელ ჩაუგდიათ საპყრობილეში გაღატაკების გზაზე დამდგარ წვრილფეხა მთავრებს, რომლებიც იმედოვნებდნენ წამების გზით გამოეგლიჯათ მისთვის საიდუმლო და ისე შეევსოთ თავიანთი ხაზინები.

სენძივოი პოლონეთში დაახლოებით 1600 წელს გამოჩნდა მეფე ზიგმუნდ III-ის კარზე და მალე დიდი გავლენა მოიპოვა ალქიმიის ენთუზიასტ მეფეზე. კრაკოვში, ვაველის კოშკში მნახველებს დღემდე უჩვენებენ ოთახს, სადაც მეცნიერი და მეფე ერთად ატარებდნენ ცდებს. დიდი პოლონელი მხატვრის იან მატეიკოს ერთ-ერთი ტილო ეძღვნება სენძივოის. სურათზე გამოსახულია მეცნიერი მორიგი ექსპერიმენტის ჩვენებისას.

პოლონელი ალქიმიკოსის დატოვებული შრომები ისეა დაწერილი, რომ მათი გაგება მხოლოდ საიდუმლოგანდობილ ადამიანს შეეძლო. როგორც ყველა მსგავსი ნაწარმოები, ეს ნაშრომიც საინტერესო მსჯელობას შეიცავს ფილოსოფიურ თემებზე.

სიცოცხლის ბოლოს სენძივოი ჩეხეთში დასახლდა, სადაც სახელი გაითქვა, როგორც შახტებისა და მეტალურგიული საწარმოების მშენებელმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალექსანდრა და სტეფან სენკოვსკები, დიდი ქიმიკოსები, თბ., 1984, გვ., 9-11
  • Sébastien Landemont. Les grandes figures de l'ésotérisme - Leur histoire, leur personnalité, leurs influences. — Париж: De Vecchi, 2005. — С. 81. — 100 с. — ISBN 2-7328-8238-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]