მიხაი ვოლონტირი
| მიხაი ვოლონტირი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
9 მარტი, 1934 გლინჟენი, ბესარაბია, რუმინეთის სამეფო |
| გარდაცვალების თარიღი |
15 სექტემბერი, 2015 (81 წლის) კიშინიოვი, მოლდოვა |
| მოქალაქეობა |
რუმინეთის სამეფო მოლდოვა |
| საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
| ჯილდოები | სსრკ-ის სახალხო არტისტი |
მიხაი ვოლონტირი (რუმ. Mihai Volontir; 1934 წლის 9 მარტი, გლინჟენი, ორჰეის ოლქი, ბესარაბია, რუმინეთის სამეფო – 2015 წლის 15 სექტემბერი, კიშინიოვი, მოლდოვა) – საბჭოთა და მოლდოველი თეატრისა და კინოს მსახიობი, თეატრის რეჟისორი, მომღერალი; სსრკ სახალხო არტისტი (1984), მოლდოვის სსრ სახალხო არტისტი (1974), მოლდოვის სსრ სახელმწიფო პრემიისა (1976) და რსფსრ ძმები ვასილიევების სახელობის სახელმწიფო პრემიის (1980) ლაურეატი, მოლდოვის რესპუბლიკის ორდენის კავალერი (2012).
ის ცნობილია ბოშა ბუდულაისა და გვარდიის პრაპორშჩიკი ვოლენტირის როლებით.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1934 წლის 9 მარტს სოფელ გლინჟენში, რომელიც იმ დროს რუმინეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა (ამჟამად მოლდავეთის შოლდენესტის რაიონი).
თავად მსახიობის თქმით, იგი დაიბადა მეტყევე ერმოლაი ვოლინტირის ოჯახში, ორჰეის ოლქის ოლიშჩანის კომუნას მახლობლად. მოგვიანებით, როცა სოფლის საკრებულოში საბუთები შეიცვალა, დაამახინჯეს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ერთეულის სახელი, არამედ გვარიც. სოფელ გლინჟენის ყველა ოჯახი, რომელთა გვარები იყო „ვოლინტირი“, დაწერეს როგორც „ვოლონტირი“.[1]
18 წლისამ დაიწყო მასწავლებლობა სოფელ პეპეუცის სოფლის სკოლაში. 1955 წელს დაამთავრა ორჰეის პედაგოგიური კოლეჯი და გახდა კლუბის ხელმძღვანელი რეზინის რაიონის სოფელ ლიპჩენში.
1957 წელს, რესპუბლიკური სამოყვარულო სპექტაკლების დათვალიერების შემდეგ, იგი მიიწვიეს ბელცის ალექსანდრის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის (ამჟამად ვასილე ალექსანდრის სახელობის ეროვნული თეატრი) სამსახიობო ჯგუფში. მოგვიანებით კი ამ თეატრის მსახიობი გახდა.
მისი დებიუტი თეატრში იყო ფიგურანტის როლი ვასილე ალექსანდრის კომედიაში „Chirița în Iași“. სულ თეატრში მიხაი ვოლონტირმა 120-ზე მეტი მთავარი როლი შეასრულა.
მღეროდა თეატრსა და სცენაზე, ფილმებში, რადიოსა და ტელევიზიაში. მისი მუსიკალური ბიბლიოთეკა მოიცავს 50-ზე მეტ სიმღერას, რომელთაგან ბევრი ჰიტად იქცა.[1]
მხატვრულ ფილმებში გადაღება 1967 წელს დაიწყო. საყოველთაოდ ცნობილია ფილმი „განსაკუთრებული ყურადღების ზონაში“ (1977), რომელშიც მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა (პრაპორშჩიკი ვოლენტირი). 1981 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება – „საპასუხო სვლა“, რომელშიც იგივე მსახიობები თამაშობდნენ.
ყველაზე ფართო აღიარება მოუტანა სერიალმა „ბოშა“ (1979), რომელშიც მსახიობმა თავისუფლებისა და ბედნიერების საძიებლად მოხეტიალე ბოშა ბუდულაის როლი შეასრულა. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად მაყურებლებში და 1985 წელს გამოვიდა გაგრძელება – „ბუდულაის დაბრუნება“.
მიუხედავად მისი საკავშირო ცნობადობისა და დიდებისა, ის არასოდეს ტოვებდა თავის ქალაქ - ბელცს, სადაც განაგრძო თამაში და რეჟისორობა ვასილე ალექსანდრის ეროვნულ თეატრში. 2009 წელს მან იქ დადგა მუსიკალური კომედია, რომელიც ეფუძნება ბ. ჰაშდეუს პიესას „ძილი მაისის ღამეს“.
იყო მოლდოვის სსრ მე-12 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1990-1993 წწ.), რომელმაც 1991 წლის 27 აგვისტოს ერთხმად მიიღო მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ეროვნულ-დემოკრატი. როგორც მოლდოვის სახელმწიფოებრიობის მომხრე, მან ისაუბრა მოლდოვის სსრ უმაღლეს საბჭოში ( 1990 წლის აპრილში) „დაწყევლილი რუსი ოკუპანტების“ წინააღმდეგ და „კულტურული მოლდოვის ენისათვის“.[2] [3]
იყო სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
2014 წელს გამოვიდა პირველი დოკუმენტური ფილმი მ. ვოლონტირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. [4]
სიცოცხლის ბოლო წლებში მას აწუხებდა შაქრიანი დიაბეტი, რომელიც გართულდა დიაბეტური ანგიოპათიით და რეტინოპათით . 1990-იანი წლების ბოლოდან მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციები სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა. მსახიობმა ფინანსური დახმარება მიიღო მოსკოვის, მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის, რუსი მეწარმეების, ქვეყნის თეატრალური საზოგადოებისა და მისი შემოქმედების ერთგული გულშემატკივრებისგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან. [5] [6]
გარდაცვალებამდე იგი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდა მუდმივ სტაციონალურ მკურნალობას ქალაქ ბელცის საავადმყოფოში, შემდეგ კიშინიოვის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა 2015 წლის 15 სექტემბერს[7] [8] (სხვა წყაროს მიხედვით - 14 სექტემბერს ბელცში). დაკრძალეს კიშინიოვის ცენტრალურ (სომხურ) სასაფლაოზე.


ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცოლი – ეფროსინია ალექსეის ასული დობინდე-ვოლონტირი, ვასილე ალექსანდრის ეროვნული თეატრის მსახიობი
- ქალიშვილი – სტელა, დიპლომატი, მსახურობს კონსულად ესპანეთში მოლდოვის საელჩოში [9]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1974 მოლდავეთის სსრ სახალხო არტისტი
- 1984 სსრკ სახალხო არტისტი
- 2011 მოლდოვას რესპუბლიკის დამსახურებული მოქალაქე (რუმ. Om Emerit)
- 1976 მოლდავეთის სსრ სახელმწიფო პრემია
- 1980 ძმები ვასილიევების სახელობის სახელმწიფო პრემია
- 2001 ქალაქ ბელცის საპატიო მოქალაქე
- სოლდანესტის რაიონის საპატიო მოქალაქე (2012 წ.)
- კიშინიოვის საპატიო მოქალაქე (2014)
2018 წლის 22 მაისს მხატვრის სახლში (დამოუკიდებლობის ქუჩა 34) მემორიალური დაფა გაიხსნა [10]
როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ი. ლ. კარაჯალეს „თავდასხმა“ – იონ ნებუნული
- გ. ფიგეირედოს „ეზოპე“ („მელა და ყურძენი“) – ეზოპე
- ა.ა.ცაგარელის „ხანუმა“ – თავადი ფანტიაშვილი
- ვ. ალექსანდრის „დესპოტი ვოევოდი“ – დესპოტი-ვოდე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მიხაი ვოლონტირი“ ვიკისაწყობში.- მიხაი ვოლონტირი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Газета СП: Бельцы Новости. ციტირების თარიღი: 2015-09-16
- ↑ !No pasaran! — Они не пройдут! — Статьи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-01. ციტირების თარიღი: 2015-09-16
- ↑ Мы были вынуждены создавать государство. ციტირების თარიღი: 2015-09-16
- ↑ Вышел документальный фильм об актёре Михае Волонтире. ციტირების თარიღი: 2014-12-30
- ↑ Михай Волонтир: Я еще живой!
- ↑ Михай Волонтир, перенесший в Москве сложнейшую операцию, вернулся в родные Бельцы
- ↑ Скончался актёр Михай Волонтир დაარქივებული 2018-06-12 საიტზე Wayback Machine. РИА-Новости, 15 сентября 2015
- ↑ Умер актёр Михай Волонтир.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-25. ციტირების თარიღი: 2015-09-21
- ↑ Ambasada Republicii Moldova în Regatul Spaniei | Ministerul Afacerilor Externe și Integrării Europene al Republicii Moldova. ციტირების თარიღი: 2020-04-21
- ↑ Мемориальные доски в Бельцах: где и кому они установлены. ციტირების თარიღი: 2023-11-23