მიხაილო კრავჩუკი
| მიხაილო კრავჩუკი | |
|---|---|
| Михайло Кравчук | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 27 სექტემბერი 1892 |
| დაბ. ადგილი | ჩოვნიცა, ლუცკის ოლქი, ვოლინის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდ. თარიღი | 9 მარტი 1942 |
| გარდ. ადგილი | კოლიმა, სსრკ |
| მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი |
| საქმიანობა | მათემატიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
| მუშაობის ადგილი | კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
| ალმა-მატერი | კიევის უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხელმძღვანელი | დიმიტრი გრავე |
| განთქმული მოსწავლეები | გერშონ დრინფელდი |
| სამეცნიერო ხარისხი | მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
| სამეცნიერო წოდება | უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, |
| ცნობილია როგორც |
კრავჩუკის მრავალწევრები, კრავჩუკის მატრიცა |
| სამეცნიერო სფერო | მათემატიკოსი, უნივერსიტეტის ლექტორი |
მიხაილო კრავჩუკი (უკრ. Михайло Кравчук ; დ. 27 სექტემბერი (12 ოქტომბერი), 1892, ჩოვნიცა, ამჟამად ვოლინის ოლქი — გ. 9 მარტი, 1942) — უკრაინელი საბჭოთა მათემატიკოსი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, უკრაინული მათემატიკური ტერმინოლოგიის პირველი სამტომეულის თანაავტორი. პირველი, ვინც დაიწყო მათემატიკური კურსების უკრაინულ ენაზე წაკითხვა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ჩოლნიცაში, ლუცკ-დუბენსკის მოხელეთა საქმეთა სამმართველოს მიწისმზომელის, კოლეგიის მდივნის ფილიპ იოსიფის ძე კრავჩუკისა და მისი მეუღლის ადელფინა ფრიდრიხის ასულის ოჯახში[1]). მამა იყო პეტროვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის სატყეო განყოფილების კურსდამთავრებული, მართლმადიდებლური აღმსარებლობისა; დედა, რომელიც იყო ლუთერანული აღმსარებლობისა და გერმანული წარმოშობის, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, უკრავდა ფორტეპიანოზე[2] . 1901 წელს ოჯახი გადავიდა ლუცკში, სადაც ცხოვრობდა ფანი ცუკერმანის სახლში საბანაკე ქუჩაზე. 1910 წელს ოქროს მედლით დაამთავრა გიმნაზია ლუცკში. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, გიმნაზიის ადმინისტრაციის მხრიდან დასჯილი იყო. 1910-დან 1914 წლამდე სწავლობდა წმინდა ვლადიმირის უნივერსიტეტის (ამჟამად კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, კიევი) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკის განყოფილებაზე, სადაც გახდა დ. ა. გრავეს მოწაფე.[3] 1914 წელს მიიღო დანიშვნა მათემატიკის მასწავლებლად ლუკა ჟუკის კერძო გიმნაზიაში პოდოლში, კიევში, სადაც მუშაობდა 1920 წლამდე (წყვეტით 1915-1916 წლების ზამთარში, რომელიც მოსკოვში გაატარა).[4].

1915-დან 1918 წლამდე იყო კიევის უნივერსიტეტის პროფესორის სტიპენდიატი (ასპირანტი). მაშინვე, 1914-1915 წლებში, მოსკოვში, მონაწილეობდა სემინარებში. 1918 წლიდან იყო პრივატ-დოცენტი, ხოლო 1920 წლიდან — კიევის უნივერსიტეტის პროფესორის მოვალეობის შემსრულებელი. 1917-1920 წლებში ასწავლიდა მათემატიკას ასევე პედაგოგიურ და არქიტექტურის ინსტიტუტებში, სასოფლო-სამეურნეო აკადემიასა და ელექტროტექნიკურ სკოლაში.[5] 1924 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „კვადრატული ფორმებისა და წრფივი გარდაქმნების შესახებ“. 1925 წლიდან — მათემატიკის პროფესორი უნივერსიტეტში. 1929 წელს 37 წლის ასაკში არჩეული იქნა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. სხვადასხვა მათემატიკური საზოგადოების წევრი. მიხაილ კრავჩუკი იყო არა მხოლოდ აკადემიური მეცნიერი, იგი იყო დაბადებით პედაგოგი, რომელიც მხარს უჭერდა და ზრდიდა ახალგაზრდა ნიჭიერ მეცნიერებს. არხიპ ლიულკა, იყო ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი, რომელიც დიდმა მეცნიერმა შეამჩნია, როდესაც მუშაობდა სკოლის დირექტორად სოფელ სავარკაში (ამჟამად ბოგუსლავის რაიონი, კიევის ოლქი, უკრაინა) 1920-1921 წლებში, აზიარა მეცნიერებას, განავითარა მისი ნიჭი. ლიულკას ქალიშვილი, ლარისა არხიპის ასული, წერდა: „მიხაილო კრავჩუკის სახელი ვიცოდი ადრეული ბავშვობიდან... უდავოდ, მიხაილ ფილიპოვიჩი იყო არა მხოლოდ დიდი მათემატიკოსი, არამედ ნამდვილი მასწავლებელი, ფლობდა ღვთიურ ნიჭს — ეპოვა ტალანტები და განევითარებინა ისინი“.

ახალგაზრდა ოდესელი მუშა სერგეი კოროლიოვი თავისი კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლით ვალდებული იყო სწორედ მ. კრავჩუკის წინაშე, რომლის ჩარევამ დაეხმარა გადაელახა ბიუროკრატიული წინააღმდეგობები. თანამედროვე მათემატიკოსები ი. რუდავსკი (ეროვნული უნივერსიტეტის „ლვოვის პოლიტექნიკა“ რექტორი 1991-დან 2007 წლამდე) და ა. პრიკარპატსკი ამის შესახებ აღნიშნავდნენ: „და ვინ იცის, შესძლებდა თუ არა კოროლიოვი გამხდარიყო პირველი კოსმოსური ხომალდების კონსტრუქტორი, რომ არა აკადემიკოს მიხაილ კრავჩუკის მონაწილეობა და სამეცნიერო სკოლა“. 1936 წელს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელმა ს. ფ. ფეშჩენკომ დაწერა დასმენა უკრაინის შსს-ში მ. ფ. კრავჩუკის ანტისაბჭოთა და ნაციონალისტური შეხედულებების შესახებ. იმავე წლის შემოდგომაზე მ. ფ. კრავჩუკის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო კიევის ინდუსტრიული ინსტიტუტის ადმინისტრაციამ, სადაც ის ასწავლიდა. 1937 წლის აპრილში დააკავეს მისი ყოფილი ასპირანტი ვ. ი. მოჟარი. 1937 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა მ. ფ. კრავჩუკის წინააღმდეგ მიმართული სტატია „აკადემიკოსი კრავჩუკი რეკლამას უკეთებს მტრებს“, ხელმოწერილი მისი მასწავლებლის, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის დ. ა. გრავესა და ინსტიტუტის სამეცნიერო მდივნის კ. ა. ბრეუსის მიერ[6][7] [8]. უკვე მეორე დღეს, 15 სექტემბერს, აკადემიკოსი კრავჩუკი გაკიცხულ იქნა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის საერთო კრების მიერ „ანტისაბჭოთა და ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური საქმიანობისათვის“ ინსტიტუტის კედლებში. 17 სექტემბერს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა სხვა სტატია აკადემიკოს კრავჩუკის ინსტიტუტის თანამშრომლების ვ. ჩერნიავსკისა და ს. ფეშჩენკოს ხელმოწერით, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს მეცნიერის სამეცნიერო ნაშრომების ღირებულება[9]. 1937 წლის 10 დეკემბერს გაიმართა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, სადაც იგი გაკიცხეს და დააქვეითეს თანამდებობაზე უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლამდე. 1938 წლის 21 თებერვალს იგი დააპატიმრეს და ჩამოართვეს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის წოდება. აკადემიკოს ა. ა. დოროდნიცინის სიტყვებიდან[10]: იყო, მაგალითად, მსხვილი მათემატიკოსი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მიხაილ კრავჩუკი. 1939 წელს, უკრაინის დასავლეთ ოლქების საბჭოთა კავშირთან შეერთების შემდეგ, ის ცდილობდა მოეზიდა ნიჭიერი დასავლეთ უკრაინელი ახალგაზრდობა სამეცნიერო კვლევებისთვის. ამისთვის მას ბრალი დასდეს ნაციონალიზმში და დააპატიმრეს.[11] 1953 წელს მ. კრავჩუკი გაათავისუფლეს საკონცენტრაციო ბანაკიდან, მაგრამ სახლამდე ვერ ჩააღწია — გზაში გარდაიცვალა. ასე რომ, „ლიბერალურ“ ხრუშჩოვის დროს შესაძლებელი გახდა გაცნობოდი შსს-ს არქივებს და გაერკვია ზოგიერთი მომენტი, რომელიც ეხება კრავჩუკის ბედს. აღმოჩნდა, რომ დაპატიმრების შემდეგ შსს-მ გაგზავნა მოთხოვნა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში: იმოქმედებდა თუ არა კრავჩუკის დაპატიმრება უკრაინაში მათემატიკის განვითარებაზე? ინსტიტუტიდან მივიდა პასუხი, რომ კრავჩუკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს უკრაინაში მათემატიკის განვითარებისთვის. პასუხს ხელს აწერდნენ მათემატიკის ინსტიტუტის სამი თანამშრომელი: ილია იაკოვლევიჩ შტაერმანი, ფელიქს განტმახერი და მარკ გრიგორიევიჩ კრეინი. (პირველს პირადად არ ვიცნობდი, ისე რომ შესაძლებელია შეცდომა გვარის დაწერაში.)[12] 1938 წლის 23 სექტემბერს კრავჩუკი გაასამართლეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთით და 5 წლით გადასახლებით. 1940 წელს მ. ფ. კრავჩუკმა შეიტანა პირველი თხოვნა საქმის გადასინჯვის შესახებ, რომელიც მოსკოვიდან კიევში გადააგზავნეს დამატებითი შემოწმებისთვის. უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხად, ინსტიტუტის თანამშრომლებმა ს. ფ. ფეშჩენკომ (ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის განყოფილების გამგე) და კ. ა. ბრეუსმა (სამეცნიერო მდივანი) კვლავ დაადასტურეს მეცნიერის ანტისაბჭოთა და ნაციონალისტური საქმიანობა, რის შედეგადაც მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. გარდაიცვალა 1942 წლის 9 მარტს კოლიმაში. 1956 წლის 15 სექტემბერს სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული იქნა, 1992 წლის 20 მარტს უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აღადგინა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა შემადგენლობაში[13].
სამეცნიერო საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიხაილო კრავჩუკი დაახლოებით 180 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ეხება მათემატიკის ისეთ სფეროებს, როგორიცაა ალგებრა, რიცხვთა თეორია, ფუნქციათა თეორია, გადანაცვლების მატრიცები, ალგებრული, ტრანსცენდენტური, მრავალწევრები, რომლებიც დაკავშირებულია ბინომიალურ განაწილებასთან, მათემატიკური სტატისტიკა, ალბათობის თეორია და სხვა. მის შემოქმედებაში უპირატესობა ენიჭებოდა დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების თეორიის კვლევებს, კერძოდ, მათი გადაწყვეტის მიახლოებით მეთოდებს. ხელი შეუწყო ვარიაციული მეთოდების აქტიურ გამოყენებას გამოყენებითი მეცნიერების სხვადასხვა დარგში. კრავჩუკი დიდ ყურადღებას უთმობდა მათემატიკის ისტორიას, მეცნიერების პოპულარიზაციას, იყო უკრაინული მათემატიკური ტერმინოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი. დაწერა რამდენიმე სახელმძღვანელო უმაღლესი სკოლისთვის, სასწავლო პროგრამები უმაღლესი და საშუალო სკოლისთვის. იყო უკრაინაში სკოლის მოსწავლეთა პირველი მათემატიკური ოლიმპიადის (1935) ორგანიზატორი. კრავჩუკის მრავალწევრები, რომლებიც მიეკუთვნება დისკრეტული ცვლადის კლასიკურ ორთოგონალურ მრავალწევრებს და განაზოგადებს ერმიტის მრავალწევრებს, ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მათემატიკაში[14].
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეუღლე — ესფირ (ფირა) იოსების ასული კრავჩუკი (დაბადებით შვარცმანი, 1894-1957)[15], ცნობილია მისი პორტრეტი, შესრულებული ნათან ალტმანის მიერ, რომელსაც იცნობდა ბავშვობიდან ვინიცაში[16][17]. არ იცოდა რა მეუღლის სიკვდილის შესახებ, ომის შემდეგაც კი განაგრძობდა შუამდგომლობას მისი გათავისუფლების შესახებ[18]. ქალიშვილი ნატალია, ვაჟი ევგენი.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უკრაინის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება აკადემიკოს კრავჩუკის სახელობის საერთაშორისო მათემატიკური კონფერენციები, რომელთა შრომებთან გაცნობა შესაძლებელია კონფერენციის ვებ-გვერდზე ამავე ბმულით. 2003 წელს უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის ახლოს დაიდგა მეცნიერის ძეგლი, სახლზე, სადაც ის ცხოვრობდა, დამონტაჟებულია მემორიალური დაფა.
კიევის დარნიცკის რაიონში 2009 წელს მიხაილ კრავჩუკის სახელი ეწოდა ქუჩას[19]. ლუცკში მიხაილ კრავჩუკის სახელი ეწოდა ქუჩას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Бородин А. И., Бугай А. С. Биографический словарь деятелей в области математики. К. Радянська школа, 1979
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Енциклопедія історії України, т. 5, стор. 277
- ↑ Вірченко Н. О. Корифей української математики // Аксіоми для нащадків: Українські імена у світовій науці. Зб. нарисів / Упорядн. і передм. О. К. Романчука. — Львівська істор.-просвіт. організ. «Меморіал», 1992. С. 89-109.
- ↑ Кравчук Михайло Пилипович: не згасне ім'я, не згасне слава! До 125-річчя від дня народження. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-18. ციტირების თარიღი: 2018-02-17
- ↑ О. В. Гнепа «Научная и педагогическая деятельность М. Ф. Кравчука» დაარქივებული 2018-02-18 საიტზე Wayback Machine. : У М. Ф. Кравчука были брат Константин, сёстры Виктория и Ева.
- ↑ Михайло Кравчук. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-17. ციტირების თარიღი: 2018-02-16
- ↑ Моя любов — Україна і математика. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-17. ციტირების თარიღი: 2018-02-16
- ↑ О. В. Гнепа «Научная и педагогическая деятельность М. Ф. Кравчука» დაარქივებული 2018-02-18 საიტზე Wayback Machine. . Диссертация кандидата физико-математических наук.
- ↑ Михайло Кравчук — український вчений-математик
- ↑ Простір і час академіка Михайла Кравчука. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-18. ციტირების თარიღი: 2018-02-17
- ↑ Кравчук Михайло Пилипович: не згасне ім’я, не згасне слава!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-18. ციტირების თარიღი: 2018-02-17
- ↑ Согласно биографиям Ф. Р. Гантмахера и М. Г. Крейна, ни один из них не был в описываемое время сотрудником этого института; М. Ф. Кравчук не был освобождён из лагеря и умер в 1942 году.
- ↑ Николай Сорока «Великий мученик науки» დაარქივებული 2022-03-01 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Академик А. А. Дородницын/Автор-составитель Г. А. Амирьянц. М.: Наука, 2013 ISBN 978-5-02-038460-6
- ↑ Krawtchouk Polynomials Home Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-05. ციტირების თარიღი: 2022-04-19
- ↑ Письмо М. Ф. Кравчука шурину Александру Иосифовичу Шварцману. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-11. ციტირების თარიღი: 2018-02-17
- ↑ Портрет Эсфири Шварцман («Дама с собакой»). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-17. ციტირების თარიღი: 2018-02-16
- ↑ Портрет Эсфири Иосифовны Шварцман (в замужестве Кравчук). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-17. ციტირების თარიღი: 2018-02-16
- ↑ Судьба академика Кравчука. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-24. ციტირების თარიღი: 2018-02-16
- ↑ В Дарнице появились две новые улицы — Михаила Кравчука и Елизаветы Чавдар. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-25. ციტირების თარიღი: 2010-05-30.