შინაარსზე გადასვლა

მიწის ყივილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიწის ყივილი
ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
მშობლიური ენა ქართული
დაწერილია 1928

მიწის ყივილიმიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა, დაიწერა 1928 წელს.

პარიზთან ახლოს, ქალაქ ნოჟანში დასვენების დროს ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი გაიცნობს ადგილობრივ მკვიდრს — მოხუცს, სახელად ანდრე კაშორს. ხშირი შეხვედრები თანდათანობით დააახლოებს მათ. მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ ახალგაზრდა ქართველია, კაშორს მოუსვენრობა შეეტყობა. იგი საიდუმლოდ გაანდობს სტუმარს, რომ თავადაც ქართველია წარმოშობით, სახელად ანდრო კაიშაური, ხოლო საფრანგეთში პოლიტიკური დევნილობის გამოა გადმოხვეწილი. ახალგაზრდობაში კაშორ-კაიშაური რევოლუციონერი ყოფილიყო, "ზემლია ი ვოლიას" წევრი, შემდეგ — ანარქისტი. მას გამოევლო არაერთი პროტესტი, აჯანყება, ციმბირის კატორღაში მუშაობაც კი, საიდანაც გაქცევა მოეხერხებინა, ჩინეთის, იაპონიის და გვინეის გავლით საფრანგეთში მოხვედრილიყო, იქვე შეერთო ცოლი და დარჩენილიყო საცხოვრებლად. მოხუცს აღარც ქართული ენა ახსოვს, აღარც ის — სად დაიბადა, მშობლების სახელებიც კი დავიწყებული აქვს, რასაც ძლიერ განიცდის. იგი განუწყვეტლივ ეკითხება სტუდენტს საქართველოს შესახებ და მშობლიურ ქვეყანაში ჩასვლასაც მოინდომებს. სტუდენტი დახმარებას ჰპირდება და მართლაც ზრუნავს იმისათვის, რომ მოხუცმა საქართველოში ჩასვლის ნება მიიღოს.

თანდათანობით კაიშაურს ახსენდება მშობლიური ანანური, არაგვის წყალი, ანანურის ტაძარი და ციხე, მშობლები — სოლომონი და ელენე, ანანურში გატარებული ბავშვობა და შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთში გადასახლება, გაფიცვები, აჯანყება, კატორღა. იგი ცდილობს, რომ ქართული გაიხსენოს და მხოლოდ ქართულად ილაპარაკოს, რაც მისი ოჯახის წევრებში გაოცებას იწვევს — მათ არასოდეს სმენოდათ პაპის ქართული წარმოშობის შესახებ. ბოლოს საქართველოში გამგზავრების ნებართვის წერილიც მოდის, მაგრამ, უკვე გვიანია — ანდრო კაიშაური ლოგინადაა ჩავარდნილი. სიკვდილის წინ მას მშობლები და ბავშვობა ეზმანება და სტუდენტს უბარებს, რომ "მიწას დაუბრუნონ ვალი — ცოცხალი, ან მკვდარი". ოჯახთან შეთანხმების შემდეგ, სტუდენტი ანდროს ფერფლს საქართველოში წაასვენებს და მის მშობლიურ არაგვის ხეობაში გაფანტავს.

მთავარი გმირის პროტოტიპი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრო კაიშაურის ბიოგრაფიის ცალკეული მომენტები ეხმიანება ცნობილი ქართველი ანარქისტის — ვარლამ ჩერქეზიშვილის (18461925) ბიოგრაფიას. კაიშაურის მსგავსად, ვარლამ ჩერქეზიშვილიც საქართველოში დაიბადა, შემდეგ ოჯახთან ერთად რუსეთში გადასახლდა, სადაც ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში და ამის გამო ციმბირის კატორღაში გაგზავნეს. იქიდან ჩერქეზიშვილი ევროპაში გაიქცა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. თანამედროვეების გადმოცემით, ბავშვობიდანვე საქართველოს მოცილებულ ვარლამს ქართულად გამართული ლაპარაკი და წერა არ შეეძლო (მის სტატიებს, რომელიც ქართულ პერიოდიკაში ქვეყნდებოდა, სხვა თარგმნიდა), თუმცა, მხატვრული პერსონაჟისაგან განსხვავებით, მას საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია და მუდმივად ცდილობდა, დახმარებოდა სამშობლოს და თანამემამულეებს[1].

ვარლამ ჩერქეზიშვილი საქართველოში რუსეთის 1905 წლის რევოლუციის ხანაში ჩამოვიდა და 1906 წელს საჯარო ლექციებიც გამართა. მწერლის ქალიშვილის — რუსუდან ჯავახიშვილის მოსაზრებით, სწორედ მაშინ უნდა გასცნობოდა მიხეილ ჯავახიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილის პიროვნებას. ჩერქეზიშვილი საქართველოში ცხოვრობდა პირველი რესპუბლიკის წლებშიც (1918-1921), თუმცა, საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ იძულებული გახდა, ისევ საზღვარგარეთ წასულიყო. იგი გარდაიცვალა ლონდონში, 1925 წელს.

ვარლამ ჩერქეზიშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეების შესახებ 1926 წელს მოგონება გამოაქვეყნა აკაკი ჩხენკელმა. ბევრი შესაბამისობა შეიმჩნევა მის მონათხრობსა და მოთხრობაში კაიშაურის სიკვდილის ეპიზოდს შორისაც.

„არაჩვეულებრივი იყო ვარლამის სიკვდილი, ისე როგორც მთელი მისი ცხოვრება. მან ენა აიდგა! საქმე იმაშია, რომ ვარლამი ბავშვობიდან რუსეთში იზრდებოდა, არ ეხერხებოდა ქართული, თუმცა ესმოდა და სწერდა კიდეც. ჩემთან იყო ეკა ჩერქეზიშვილი, ვარლამის ძმის ქალი, და მან გადმომცა, რომ ვარლამი სიკვდილის წინ მარტო ქართულათ და ისიც გასაოცრათ წმინდათ ლაპარაკობდაო; თვით ბიცოლა ფრიდასაც არ ელაპარაკებოდა სხვა ენაზე და მიხდებოდა მისთვის თარგმნაო. ვარლამი, იმავე ეკას გადმოცემით, თავს საქართველოში გრძნობდა, ებაასებოდა თურმე იქ დარჩენილ მეგობრებს, იგონებდა ბავშვობას. ერთი სიტყვით, ოცნებაში სცურავდა".[1]

მოთხრობის ქრონოლოგიაც დაახლოებით 1925 წელია (სამოცი წელია გასული პოლონეთის აჯანყებიდან, რომელიც 1863-64 წლებში იყო. ასევე, 1864 წელს დაიშალა "ზემლია ი ვოლიას" პირველი შემადგენლობაც). ყოველივე ეს კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის იმის მტკიცებას, რომ მიხეილ ჯავახიშვილის 1928 წლის მოთხრობა სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებით და მის შესახებ აკაკი ჩხენკელის მოგონებით ყოფილიყო შთაგონებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 ბექა კობახიძე. ჩვენი ვარლამის ამბავი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიწის_ყივილი“-დან