მიწერილი სანადირო მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიწერილი სანადირო მეურნეობასამონადირეო მეურნეობის ტიპი საბჭოთა კავშირში. გამოყოფილი და მიმაგრებული (მიწერილი) იყო რომელიმე სამონადირეო, სპორტულ, კოოპერაციულ ან სახელმწიფო ორგანიზაციაზე და გაფორმებული იყო სათანადო ხელშეკრულებით. მიწერილ სანადირო მეურნეობაში ნადირობა შეეძლოთ მისი მფლობელი ორგანიზაციის წევრებს, ორგანიზაციის მიერ გამომუშავებული შინაგანაწესის თანახმად, ხოლო მონადირეებს მხოლოდ მეურნეობის მფლობელის განსაკუთრებული ნებართვით.

მიწერილ სანადირო მეურნეობები მტკიცედ იყო დაცული ბრაკონიერთა ხელყოფისაგან მეურნეობის მფლობელი ორგანიზაციისა და მისი წევრების მიერ. ისინივე უწყობდნენ ხელს მეურნეობაში არსებული სანადირო სასარგებლო ცხოველების გამრავლებას, რეაკლიმატიზაციას, ანუ ცხოველის შეყვანას და გასამრავლებლად გაშვებას იმ ადგილზე, სადაც წინათ იგი ცხოვრობდა, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო იმჟამად აღარ არსებობდა. ასევე შეეძლოთ სათანადო სამეცნიერო ორგანიზაციების ნებართვით, შეყვანა ზოგიერთი შესაფერისი უცხო ცხოველისა და მათი გასამრავლებლად გაშვება იმ ადგიებში, სადაც წინათ, მართალია, მათ არ უცხოვრიათ, მაგრამ სპეციალისტების რჩევით შეიძლებოდა მათ ფეხი მოეკიდათ და მომრავლებულიყვნენ (აკლიმატიზაცია).

მიწერილი სანადირო მეურნეობის მფლობელ ორგანიზაციას მეურნეობაში უნდა გაეტარებინა ბიოტექნიკური ღონისძიებები: გარეული საკვების სიმცირის პერიოდში ზამთრობით ან ადრე გაზაფხულზე ნადირ-ფრინველისადმი მათთვის წინასწარ სპეციალურად დამზადებული საკვების მიწოდება და სარწყულებლების მოწყობა; ხელოვნური საკვები ბაზის შესაქმნელად სხვადასხვა კულტურების დათესვა, როგორიცაა სიმინდი, ქერი, ფეტვი, მზესუმზირა, ცოცხი, მიწავაშლა და სხვ.

იმის გასარკვევად, თუ რა გააჩნდა სანადირო მეურნეობას, მის მფლობელ ორგანიზაციას უნდა აღერიცხა ნადირ-ფრინველი, რათა დაედგინა არსებული რაოდენობა და შემდეგში დაეწესებინა მათი მოპოვების ნორმები, ეწარმოებინა მავნე მტაცებელ ცხოველებთან ბრძოლა და მათი რეგულირება.

მიწერილი მეურნეობების მფლობელებს უნდა ჰქონოდათ მეურნეობის რუკა, მეურნეობაში კი წარწერები (ფირნიშები) სასაზღვრო ჯვარედინებზე. მეურნეობა შემოფარგლული უნდა ყოფილიყო სათანადო ბოძებით — მაჩვენებლებით.

მიწერილი სანადირო მეურნეობების ჩამოყალიბება მიზნად ისახავდა ორ ამოცანას: სანადირო ფაუნის გამრავლებასა და ნადირობის წესებისა და ვადების დაცვით გეგმაზომიერ ნადირობას. ამ ამოცანების შესასრულებლად სანადირო სავარგულების ფართობზე ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა ხორციელდებოდა ნადირ-ფრინველთა გასამრავლებელი კერების (ეგრეთ წოდებული აღკვეთილების, რეზერვატების) გამოყოფა.

მიწერილ სანადირო მეურნეობაში სასურველი იყო კოლექტიური და არა ინდივიდუალური ნადირობა როგორც სასარგებლო ნადირ-ფრინველზე, ისე მავნე მტაცებელ ცხოველებზე, რადგან ამ დროს ნაკლები იყო ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევები.

მიწერილი სანადირო მეურნეობები საქართველოში ჩამოყალიბდა 1955 წელს და მისი ფართობი შეადგენდა 340 ათასამდე ჰექტარს. ზოგ შემთხვევაში სანადირო სავარგულების მიწერილ მეურნეობებად გაფორმება მოხდა ადგილმდებარეობის შეუსწავლელად. მაგილითად, მიწერილი იყო ისეთი ფართობი, რომელშიც არავითარი ნადირ-ფრინველი არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო სათანადო პირობების უქონლობის გამო. ზოგან კი აღებული იყო მეტად მცირე ფართობები. ეს უმთავრესად იმიტომ მოხდა, რომ საქმეში არ იყო სათანადო გამოცდილება, ამის გამო ასეთ მიწერას თითქმის არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მიუხედავად ამისა, იმ დროს ეს მაინც ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

მიწერილი სანადირო მეურნეობების საკითხს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო რამდენჯერმე დაუბრუნდა თავის 1958 და 1961 წლების დადგენილებებში. 1958 წელს ხელშეკრულებებიც კი დაიდო სატყეო მეურნეობის მთავარ სამმართველოსა და მონადირეთა საზოგადოებებს შორის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა რაიონულმა მონადირეთა საზოგადოებამ კვლავ უყურადღებოდ დატოვა მიწერილი მეურნეობის საკითხი და ვალდებულება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხს მაშინ მიექცა, რაც მიღებულ იქნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1963 წლის 10 აგვისტოს დადგენილება „საქართველოს სს რესპუბლიკაში სამონადირეო მეურნეობის შემდგომი გაუმჯობესების ზომების შესახებ“. 1969 წლისათვის მონადირეთა საზოგადოებებს სათანადო ხელშეკრულებებით მიწერილი ჰქონდათ 2,5 მილიონი ჰექტარი სანადირო სავარგული.

საქართველოს სსრ მიწერილი სანადირო მეურნეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]