შინაარსზე გადასვლა

მიწა (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მიწა“
The Good Earth

პირველი გამოცემა
ავტორი პერლ ბაკი
ილუსტრატორი მეთიუ ლუი
ქვეყანა ჩინეთი
ენა ინგლისური
ჟანრი ისტორიული ფიქცია
გამომცემელი John Day
გამოცემის თარიღი 2 მარტი, 1931
მთარგმნელი სერგო წურწუმია
ქართულად გამოიცა 2019 (გამომცემლობა ინტელექტი)
მედია ბეჭდური
გვერდი 356
oclc 565613765
მომდევნო შვილები

მიწა (ინგლ. The Good Earth) 一 ამერიკელი ნობელიანტი ავტორის, პერლ ბაკის ისტორიული ფიქციის ჟანრის რომანი, რომელიც გამოქვეყნდა 1931 წელს. იგი ასახავს ოჯახურ ცხოვრებას რიგით ჩინურ სოფელში, მეოცე საუკუნის დასაწყისში. ნაწარმოები ავტორის ცნობილი ტრილოგიის - მიწის სახლი - პირველი წიგნია. 1931-1932 წლებში რომანი ყველაზე გაყიდვადი ტექსტი იყო მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოიპუვა რა მის ავტორს პულიცერის პრემია მხატვრულ ლიტერატურაში და დიდი გავლენა იქონია მწერლისთვის 1938 წელს ნობელის პრემიის გადაცემაში.

ნაწარმოებზე დიდი გავლენა იქონია ავტორის გამოცდილებამ. გამომდინარე იქიდან, რომ ბაკმა, როგორც ამერიკელი მისიონერების ქალიშვილმა, ბავშვობის დიდი ნაწილი ჩინეთში გაატარა, მან შეძლო მთავარი გმირის, ფერმერ ვან ლუნგისა და მისი მეუღლის, ო-ლანის რეალისტურად ასახვა, რამაც, ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნის აზრით, ხელი შეუწყო ამერიკელთა თვალში ჩინელების ამაღლებას, მომავალ იაპონელთა წინააღმდეგ გამართულ ომში მოკავშირედ გახდომის მიზნით.[1] ბაკმა რომანი ნანკინში ყოფნისას დაწერა, როცა დილას ყოველდღიურად უნივერსიტეტის პანსიონის სხვენში ატარებდა.[2]    

რომანი შეტანილია ჟურნალ Life-ის 1924-1944 წლების 100 გამორჩეულ წიგნთა სიაში.[3] გარკვეული პერიოდი ნაწარმოების აქტუალობა დავიწყებასაც მიეცა, ეს მანამ, სანამ 2004 წელს ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ოპრა უინფრიმ, ტელეშოუ Oprah’s Book Club-ისთვის აირჩია.[4]

წიგნის სასცენო ადაპტაცია მაყურებელმა 1932 წელს ბროდვეიზეც იხილა, თუმცა კრიტიკოსთა დიდმა ნაწილმა იგი უარყოფითად შეაფასა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი იხსნება ვან ლუგნის ქორწილის დღეს და მიუყვება მის აღზევებითა და დაცემით აღსავსე ცხოვრებას. ჰუანგების მამული, რომლებიც მდიდარი მიწის მესაკუთრეები იყვნენ, მდებარეობს ახლომდებარე ქალაქში, სადაც ვანგის მომავალი მეუღლე, ო-ლანი ცხოვრობს და მსახურად მუშაობს. თუმცა, ჰუანგის მამული ოჯახის წევრების მიერ ოპიუმის ინტენსიური მოხმარების, მათი მფლანგველობისა და უსაქმურობის გამო თანდათან დაცემისკენ მიექანება.

ვანგი ცხოვრობს თავის მოხუც მამასთან ერთად და ფერმერულ საქმიანობას ეწევა. გამომდინარე თავისი მდაბიო წარმოშობისა, ვანგს შეუძლია დაქორწინდეს მახინჯ ო-ლანზე, რომელიც პრესტიჟულ ჰუანგის მამულში მოსამსახურედ მუშაობს. საბედნიეროდ, ვანგი შეძლებს შეისყიდოს მიწა ჰუანგის მამულის მესაკუთრეებისგან, თუმცა გვალვით გამოწვეული შიმშილი დიდ დარტყმას მიაყენებს როგორც მის ოჯახს, ისე მას. შედეგად, გაფითრებული ოჯახი სამხრეთით წასვლას გადაწყვეტს, წასვლის წინ კი ო-ლანი მეოთხე შვილს საკუთარი ხელით კლავს. მოგზაურობის დასაფინანსებლად, ვანგის ოჯახი ყიდის თითქმის ყველაფერს სახლისა და მიწის გარდა. სანამ მისი ცოლი და ორი ვაჟი მათხოვრობენ სამხრეთის ქალაქში, ის რიქშად იწყებს მუშაობას და თანდათან იგებს შეძლებული ჩინელებისა და სამხრეთის ქალაქში მცხოვრები თეთრკანიანი მოსახლეობის შესახებ. გამომდინარე დიდი შიმშილობისა, მისი ქალიშვილი გონებაჩამორჩენილად განვითარდება. დაბალი შემოსავლიანობის გამო ოჯახის მშობლიურ მიწაზე დაბრუნება გამორიცხულია მანამ, სანამ ვანგ ლუნგი და მისი მეუღლე, ო-ლანი არ მიიღებენ მონაწილეობას გავლენიანი ოჯახის სახლის გაძარცვაში და დიდძალ ქონებას არ დააგროვებენ. ამის შემდეგ, მათ შეეძლებათ არა მხოლოდ დაბრუნება, არამედ ჰუანგის მესაკუთრეებისგან დამატებით მიწის შესყიდვაც.

დროის გასვლასთან ერთად ვანგ ლუნგი მატერიალურად მყარ საყრდენს იქმნის და ჩვეულებრივი გლეხიდან დიდი მიწის მესაკუთრედ გადაიქცევა. მალე მისი მეუღლე ტყუპებს გააჩენს. ამ დროს ვანგი იწყებს საროსკიპოში სიარულს, მეტიც, ის ორ მეძავს სახლშიც კი მოიყვანს, რასაც ო-ლანი მწარედ განიცდის და, შედეგად, ტოვებს ვანგს. საძულველი ბიძაც გადმოდის მასთან საცხოვრებლად, საკუთარი ოჯახითურთ, თუმცა ის იცავს სახლს ბანდის წევრების თავდასხმისგან. ო-ლანის წასვლის შემდეგ ვანგის მამაც კვდება. სანამ მისი უფროსი ვაჟი დადის სკოლაში და ამავდროულად მუშაობს, ქონების მემკვიდრედ ვანგი უმცროს ვაჟს მიიჩნევს. თუმცა, ეს უკანასკნელი უარს ამბობს მესაკუთრეობასა და მიწის ფლობაზე და რევოლუციონერებს უერთდება. უფროსი ვაჟის წაქეზებით, ოჯახი საცხოვრებლად ქალაქში გადადის და უკვე გაღარიბებული ჰუანგის მამულს იკავებს.

მთავარი პერსონაჟები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანგ ლუნგი ღარიბი, თუმცა შრომისმოყვარე ფერმერი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ანვჰეის პატარა სოფელში. იგი მოთხრობის მთავარ გმირად გვევლინება და აღწერს საკუთარ გაჭირვებით აღსავსე ცხოვრებას. უნდა აღინიშნოს, რომ მას აქვს ზნეობის ძლიერი გრძნობა და მკაცრად იცავს ჩინურ ტრადიციებს, როგორიცაა შვილობილი ღვთისმოსაობა და ოჯახური ვალდებულებები. მას მიაჩნია, რომ მიწა მისი ბედნიერებისა და კეთილდღეობის გარანტია. სიცოცხლის ბოლოს იგი ხდება წარჩინებული და საკმაოდ ცნობილი მესაკუთრე, დიდი მიწის მფლობელი, რომელსაც ყიდულობს ჰუანგის მამულიდან. ცხოვრების ტემპის შეცვლასთან ერთად იცვლება მისი მისწრაფებებიც - ამჯერად, იგი უკვე ხშირად ცდილობს, მიიღოს სიამოვნება, რომელსაც საკუთარი ქონების დახმარებით იღებს. ის იქირავებს ხარჭას, სახელად ლოტუსს.

ო-ლანი ვანგის პირველი ცოლი და ყოფილი მონა ჰუანგების მამულში. მან საკმაოდ ცუდად იცის მშობლიური ენა, ფლობს მცირე რაოდენობას იეროგლიფებისა და, ზოგადოდ, გაუნათლებელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის დაფასებულია საკუთარი მეუღლის მიერ იმ ძვირფასი თვისებების გამო, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აჩენს, მათ შორის საზრიანობა და შრომისუნარიანობა, აგრეთვე თავგანწირულობა და ა.შ. ნაწარმოებში იგი აღწერილია, როგორც უბრალო და შეუხედავი (ვიზუალურად) ადამიანი. წიგნის ბოლოს, ო-ლანი კვდება, სიკვდილის წინ კი ვანგი მთელ ყურადღებას მისკენ მიმართავს და კუბოსაც ჰყიდულობს.

ვანგ ლუნგის მამა მოხუცი, თავხედი ასაკოვანი პიროვნება, რომელსაც, როგორც ჩანს, მხოლოდ საკუთარი ჩაი, საჭმელი და შვილიშვილების ქონის საკითხი ადარდებს. მას სურს, სიბერეში შვილიშვილებზე დამოკიდებული იყოს, თუმცა სიუჟეტის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო ღარიბდება და მოხუცდება. მიუხედავად ამისა, გააჩნია ძლიერი, თუმცა საკმაოდ მოძველებული მორალური აღქმა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების მოქმედება ჩინეთში ვითარდება, კონკრეტულად უცნობია, რა პერიოდია აღწერილი სიუჟეტში. თუმცა, ნაწარმოებში არსებული გარკვეული მოვლენების წყალობით, შეგვიძლია სავარაუდო დროის შუალედამდე შევჯერდეთ. მაგალითად, რკინიგზის შემოღება და 1911 წლის რევოლუცია თამამად მიანიშნებს, რომ ნაწარმოებში მეოცე საუკუნის დასაწყისის მოვლენებია აღწერილი. რკინიგზა არ აშენებულა მე-19 საუკუნის ბოლომდე, ხოლო მატარებელი, რომელსაც ვანგი და მისი ოჯახის წევრები იყენებენ, ნაგულისხმებია, რომ შედარებით ახალი იყო. მათი დაბრუნება მას შემდეგ, რაც სამხრეთის ქალაქი სამოქალაქო ქაოსში ჩაერთვება, აგრეთვე ეხმიანება 1911 წლის რევოლუციის პერიოდს.

პოლიტიკური გავლენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მიწა იაპონიასთან წინააღმდეგ გამართულ მომავალ ომამდე დემონსტრირებს ჩინეთის მოსახლეობისა და, ზოგადად, ჩინეთის დადებით მხარეს. დიპლომატიური ისტორიკოსი, უოლტერ ლაფებერი, მიუხედავად იმისა, რომ თანხმდება ამერიკელთა მიერ ჩინელთა გმირული ბუნების აღიარებაზე, დაასკვნა, რომ მსგავსმა წარმოდგენებმა ჩინეთზე „შორს ვერ წაიყვანა აშშ-ის პოლიტიკა 1937 წლის შემდეგ, ხოლო თუ ეს მოხდებოდა, ამერიკელები 1941 წლამდე გაცილებით ადრე მოაწყობდნენ ომს აზიაში“.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Meyer, Mike (March 5, 2006). „Pearl of the Orient“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 10, 2011.
  2. Conn, Peter J. (1996). Pearl S. Buck: A Cultural Biography. Cambridge, England; New York: Cambridge University Press, გვ. 345. ISBN 9780521560801. OCLC 1120266149. 
  3. Canby, Henry Seidel (August 14, 1944). „The 100 Outstanding Books of 1924–1944“. Life Magazine. Chosen in collaboration with the magazine's editors.
  4. Pearl S. Buck's The Good Earth at a Glance. Oprah.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-21. ციტირების თარიღი: 2022-11-29.
  5. LaFeber, Walter (1997). The Clash: U.S.-Japanese Relations Throughout History. New York; London: Norton, გვ. 206. ISBN 9780393318371. OCLC 1166951536.