მიცემითი ბრუნვა
მიცემითი ბრუნვა – ქართულში უძველესი ფორმაციის ბრუნვა. მისი ნიშანია -ს ფორმანტი, რომელიც საერთო ჩანს ქართველური ენებისთვის. მიცემით ბრუნვასთან გამოიყენება -ვით, -თან, -ზე, -ში თანდებულები:
-ვით თანდებული გამოიყენება როგორც თანხმოვანფუძიან, ისე ხმოვანფუძიან სახელებთან. ორივე შემთხვევაში ბრუნვის ნიშანი (-ა მავრცობთან ერთად) შენარჩუნებულია: კაც-ს-ა-ვით, კატა-ს-ა-ვით, ყრუ-ს-ა-ვით..
-თან თანდებულთან ბრუნვის ნიშანი იკარგვის თანხმოვანფუძიან სახელებში: სახლ-ს-თან → სახლთან. კაც-ს-თან → კაც-თან, ხმოვანფუძიან სახელებში კი ბრუნვის ნიშანი შენარჩუნებულია: დედა-ს-თან, ხე-ს-თან, რუ-ს-თან..
-ზე, -ში თანდებულებთან -ს ორივე შემთხვევაში იკარგვის: მთა-ს-ში → მთა-ში, წყალ-ს-ზე → წყალ-ზე. ა. შანიძის აზრით, რადგან -ში და -ზე უშუალოდ ფუძეს ერთვის, მათ ისეთივე ფუნქცია მიიღეს, როგორიც ბრუნვის ნიშნებს აქვთ. ამიტომ იგი -ში და -ზე თანდებულიან მიცემითს სადაობით ბრუნვად გამოყოფს.
მიცემითი ბრუნვა ერთ-ერთი ძირითადი სინტაქსური მნიშვნელობის მქონე ბრუნვაა. იგი გამოხატავს: 1. პირდაპირ ობიექტს გარდამავალ ზმნებთან I სერიის ფორმებში: „მეზობელი აშენებს სახლ-ს“, „მხატვარი ხატავს სურათ-ს“, „დედა აწერინებს ბავშვს წერილ-ს“... (ძველ ქართულში მიცემითი ბრუნვა გამოყენებული იყო მასდართანაც; 2. ირიბ ობიექტს – ა) სამპირიან გარდამავალ ზმნებთან I და II სერიის ფორმებში: „მეზობელი სახლს უშენებს შვილ-ს“, „დედა წერილს აწერინებს ბავშვ-ს“, „მეზობელმა სახლი აუშენა შვილ-ს“, „დედამ წერილი დააწერინა ბავშვ-ს“; ბ) ორპირიან გარდაუვალ ზმნებთან სამივე სერიის ფორმებში: „ეფერება მზე ღრუბელ-ს“, „მოეფერა მზე ღრუბელ-ს“; 3. ადგილისა და დროის გარემოებებს: ძირ-ს, შორ-ს, წელ-ს, დილა-ს, შუაღამეს, დღე-ს, შაბათ-ს...
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაბუნია კ., ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბ., 2008. — გვ. 328.
- ჩიქობავა არნ, გრამატიკული კლას-კატეგორია და ბრუნვის ნიშანთა გენეზისის საკითხი ქართულში. – „სმამ“, ტ. 7, №1–2, თბ., 1946;
- შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1951;
- კიზირია ა. ადგილისა და დროის გარემოება ძველ ქართულში. „–იკე“, V, თბ., 1953;
- მარტიროსოვი ა. მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების წარმოება და ფუნქციები ძველ ქართულში. – კრ:
- სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში, წგ. 1, თბ., 1956;
- ბაბუნაშვილი ე. მიცემითი და ვითარებითი ბრუნვების ურთიერთობისათვის ძველ ქართულში. – იქვე;
- ჩხუბიანიშვილი დ. ინფინიტივის საკითხისათვის ძველ ქართულში, თბ., 1972.