ევგენი მიქელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მიქელაძე, ევგენი)
ევგენი მიქელაძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 27 ივნისი, 1903
დაბ. ადგილი ბაქო
გარდ. თარიღი დეკემბერი, 1937 (34 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა დირიჟორი
ევგენი მიქელაძე ვიკისაწყობში

ევგენი მიქელაძე (დ. 27 ივნისი, 1903, ბაქო — გ. 1937, თბილისი — რეპრესირებულია) — ქართველი დირიჟორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1936).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია (ნ. მალკოსა და ა. გაუკის ხელმძღვანელობით). 1931–1937 წლებში ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი იყო, 1933 წლიდან – მთავარი დირიჟორი, 1936-1937 წლებში – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1933–1937 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს.

მიქელაძეს ცოლად ჰყავდა მამია ორახელაშვილის ქალიშვილი. ორახელაშვილს, კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის ყოფილ პირველ მდივანს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ლავრენტი ბერიასთან, რომელმაც ის ამ პოსტზე შეცვალა.

1937 წლის რეპრესიებს მთელი ოჯახი შეეწირა. თავდაპირველად დააპატიმრეს მამია ორახელაშვილი, შემდეგ კი მისი მეუღლე მარიამი, მოგვიანებით ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე – ქეთევანი. ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შრომა-გასწორების ბანაკში, მშობლებს და მეუღლეს კი ნკვდ-ს „ტროიკამ“ სასიკვდილო განაჩენი დამოუტანა.

ევგენი მიქელაძეს დაკითხვებისას დაუკარგეს ჯერ მხედველობა, შემდეგ სმენა.[1] მათ მცირეწლოვან შვილებს 3 წლის თინას და წლინახევრის ვახტანგს, ზრდიდა მამიდა — თამარ მიქელაძე. 1951 წელს თინათინი და ვახტანგი ჩეკისტებმა ყაზახეთში, ყარაგანდის ოლქში გადაასახლეს.

შემოქმედებითი  მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს მიქელაძე პირველად დადგა თბილისის ოპერის თეატრის სადირიჟორო პულტთან და მართავდა (ზეპირად, პარტიტურის გარეშე) ბიზეს „კარმენის“ ღია რეპეტიციას. მომდევნო წელს დაინიშნა დასის დირიჟორად, ორი წლის შემდეგ — თეატრის მთავარ დირიჟორად. მისი ყოველი ახალი ნამუშევარი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ოპერები: დონიცეტის „დონ პასკუალე“, როსინის „ოტელო“, ვერდის „აიდა“, სენ-სანსის „სამსონი და დალილა“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, გუნოს „ფაუსტი“, ბოროდინის „თავადი იგორი“, ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, პუჩინის „ტოსკა“, ვერდის „ტრუბადური“, რიმსკი-კორსაკოვის „მეფის პატარძალი“, არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ — მიქელაძის საქმიანობის შედეგია სულ რაღაც ექვს წელიწადში. 1936 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიდგა პირველი ქართული ბალეტი – ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“, ხოლო ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში (1937 წ.) მიქელაძემ დადგა – ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“.

დიდი იყო მიქელაძის გავლენა საქართველოს მუსიკალური ცხოვრების ყველა სფეროზე. მან არა მხოლოდ აამაღლა ოპერის თეატრი, არამედ არსებითად ხელახლა შექმნა სიმფონიური ორკესტრი. 1933 წელს ევგენი მიქელაძის ინიციატივითა და ძალისხმევით ორკესტრმა მიიღო ოფიციალური სახელწოდება „საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი“. მოკლე დროში ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ორკესტრი ერთ–ერთი საუკეთესო გახდა, რომელმაც საქართველოში პირველად ააჟღერა კლასიკური სიმფონიური რეპერტუარის მნიშვნელოვანი ქმნილებები: ლ. ვ. ბეთჰოვენის, ი. ბრამსის, ფ. შუბერტის, რ. შუმანის, ჰ. ბერლიოზის, ასევე რუსული კლასიკის პ. ჩაიკოვსკის, ს. რახმანინოვის, ს. პროკოფიევის ნაწარმოებები. ევგენი მიქელაძემ ფართო მასშტაბით მოიპოვა დიდი ავტორიტეტი, მაღალი შეფასება მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებში. კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი მიქელაძეს „საბჭოთა სადირიჟორო სკოლის სიამაყედ“ თვლიდა. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული სადირიჟორო ხელოვნების სრულყოფაში.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველ მწერალთა, ხელოვნების და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალზე ამოტვიფრულია დირიჟორის სახელი. 1994 წელს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ევგენი მიქელაძის სახელი მიენიჭა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში აღმართულია ევგენი მიქელაძის ძეგლი (2000). თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და ერთ-ერთ ქუჩა მის სახელს ატარებენ.

რესურსები  ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 99-100 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3