მიქელაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიქელაძეებიქართული ფეოდალური საგვარეულო. ცნობილია დაახლ. მე-14 საუკუნის პირველი მეოთხედიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახური ლეგენდა მიქელაძეებს ტარონიდან გადმოსახლებულ თავადებად მიიჩნევდა. მიქელაძეთა გვარის ადრინდელი, ჩვენთვის ცნობილი პირველი წარმომადგენელი მანგასარ მიქელისძე მოხსენიებულია 1325-26 წწ. დათარიღებულ დოკუმენტში "ტბეთის სულთა მატიანე"-დან. მისი მოღვაწეობა უფრო ადრინდელ პერიოდზე მოდის. 1326 წელს მანგასარი ცოცხალი აღარ იყო, იგი ჭარელიძეს მოუკლავს ომში. მათი საქმე აღნიშნულ წელსვე გაარჩიეს მიქაელ მეფემ და მისმა დარბაისლებმა. მიქელაძის სისხლის ფასად თურმე დიდი ხნით ადრე იყო დაწესებული „ოთხმოცი ათასი ძველი კირმანეული თეთრი“ სასისხლო სიგელი მიქელაძეს ამ დროს თუმცა “თათართაგან წაღებული ჰქონდა”, მაგრამ “მოვიდა მისი მახსოვარი კაცი და დაიფიცა”, რომ “სიგელსა მიქელაძისა” ასე “ეწერაო”. ამის მიხედვით მანგასარ მიქელაძის სისხლში მის მემკვიდრეს თუ მემკვიდრეებს მიეცათ “რვა ტანი აბჯარი მისითა მოწყობილობითა, შვიდი გლეხი, ცხენი და ხარი უთვალავი” .

1413-1444 წწ. იხსენიება ლომის მიქელაძე, რომელსაც ამ დროს ალექსანდრე მეფის “კარის ვაზირთა” შორის ვხედავთ . უფრო გვიან, 1488 წელს იმერთა მეფის ალექსანდრეს დარბაისელთა შორის იხსენიება ლომისის სახლიკაცი ხერგრძელი მიქელაძე. ლომისი და ხერგრძელი XV ს. უკვე წარჩინებული პირნი ჩანან. სავარაუდოდ მიქელაძეების სათავადო სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა. ძირითადი შტო ფლობდა სათავადოს (სამიქელაძეო) იმერეთში, რომლის ცენტრი იყო კულაში.

სამიქელაძეოს , აღმოსავლეთით გუბისწყალი საზღვრავდა, დასავლეთით – ცხენისწყალი, სამხრეთით სოფელი გომი და ჩრდილოეთით ქვიტირი . სათავადოში შედიოდა სოფლები: ჭაგანი, ჭყუშერი, მიწაბოგირა, კვირიკე, ნინუაკუთხე, ჩხენიში, ნაბაკევი, ხუნჯულაური, ილორი, სანავარდო (ნაწილობრივ), ნაფაღაური, ნაჩხეტური, მიქელაძეები ყრმა-მამულს ფლობდნენ აგრეთვე სოფელ სამტრედიაში. მათვე ეკუთვნოდა იმ ტერიტორიის უდიდესი ნაწილიც, სადაც შემდეგ სამტრედია გაშენდა. მიქელაძეების ყრმა გლეხები იყვნენ: შენგელიები, ნუცუბიძეები, მეგენეიშვილები, ახობაძეები, ბუაძეები, ნიკურაძეები, პაპავები, კვანტალიანები და სხვ. მიქელაძეების აზნაურები იყვნენ კახიანები და მელქაძეები.

XVII საუკუნის 30-იანი წლებიდან, იმ პერიოდში, როდესაც ლევან II დადიანს დასავლეთ საქართველოში გაბატონებისთვის ბრძოლა ჰქონდა იმერეთის მეფეებთან, მიქელაძეები დადიანის მხარეს იყვნენ. ლევან II დადიანისათვის მიქელაძეთა დახმარების შედეგად, ადვილი შეიქნა იმერეთის მეფის, გიორგის დატყვევება. მეფის საფასურად დადიანმა ძვირფასეულობასთან ერთად მიიღო საჭილაო და სამიქელაძეო. ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ დაიბრუნა სამიქელაძეო. XVII ს-ის შუა წლებში მიქელაძეთა საგვარეულოს თავკაცი იყო ოტია მიქელაძე. 1658 წელს ალექსანდრე III-სა და ლიპარიტ დადიანს შორის მომხდარ ბანძის ომში ოტია თავის სახლიკაცებით ლიპარიტის მხარეზე იბრძვის. ეს ომი მეფის გამარჯვებით დამთავრდა. დატყვევებულ თავადს თვალები დასწვეს, მაგრამ, მეფემ მალე შეირიგა დასჯილი ფეოდალი. XVII ს-ის მეორე ნახევარში მიქელაძეთა გვარის წევრებიდან გამოირჩევა გიორგი ოტიას ძე მიქელაძე, რომელიც 1687-1691 წლებში იმერეთში არჩილის მეფობას უჭერდა მხარს, მაგრამ შემდგომში პოზიცია შეიცვალა და იმერეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრის გიორგი VI-ის მხარეზე დადგა.

1703-1707 წლებში გიორგი VI-ის მოწინააღმდეგე თავადებმა გიორგი აბაშიძემ და ლიპარტიანმა გააძევეს მეფის ერთგული მიქელაძე და საჭილაო-სამიქელაძეო ლიპარტიანმა დაიკავა. გიორგი მიქელაძე ქართლში გადაიხვეწა, საიდანაც წამოვიდა მიქელაძეების ერთ-ერთი გვერდითი შტო, აზნაური მიქელაშვილები. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, მიქელაძეები ქვემო იმერეთში იყვნენ ერთ-ერთი უწარჩინებულნესი და შეძლებული თავადები. სოლომონ I-ის დროს. (1752-1784 წ.) მეფის კარზე ჩანან ბაქარ, ვახტანგ, ზურაბ, მამუკა და პეპუ მიქელაძეები. მიქელაძეები იყვნენ სოლომონ II-ის ერთგულები ტახტის მეტოქე დავით გიორგის ძესთან ბრძოლაში. ამის გამო გიორგის, პაატა, იოანე, ქაიხოსრო, რევაზ და როსტომ მიქელაძეების ოჯახებს მეფემ 1804 წელს ვრცელი მიწა-ტყე უბოძა ჭყვიშში. მიქელაძეები სოლომონ II-ის ერთგული დარჩნენ ბოლომდე და მონაწილეობა მიიღეს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებაში 1819-1820 წელს. ამ აჯანყების საქმეებში ქაიხოსრო, ზურაბ და ქეთუმ მიქელაძეები ვაკის ოლქის მთავარ მეამბოხეებად არიან დასახელებული. მათი თანამედროვე მდივანბეგი, დავითი, ამ აჯანყებაში მონაწილეობისათვის რუსეთში გადაასახლეს 1820 წელს და იქედან დაბრუნდა 1824 წელს

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]