მიქაელ II კომნენოს დუკა (ბერძ.Μιχαήλ Β΄ Κομνηνός Δούκας; დ. დაახლ. 1205 — გ. 1266 ან 1268) — ეპირის დესპოტატის მმართველი 1231–1266/1268 და თესალიის მმართველი 1241–1266/1268 წლებში. მიქაელ I-ის ვაჟი. ტახტზე ჩაანაცვლა ბიძამისი მანუელი (მანუელმა ნებაყოფლობით გადასცა სამეფო ტახტი), რომელიც დაახლოებით ერთი წელი მართავდა სახელმწიფოს თავისი ძმის, თეოდორეს ტყვედ ჩავარდნის შემდეგ. 1238 წელს მიქაელს ეწვია კონსტანტინოპოლის პატრიარქიგერმანე II. 1241 წელს, მანუელის გარდაცვალების შემდეგ კონტროლი დაამყარა თესალიაზე. 1249 წელს ნიკეის იმპერატორიოანე III დუკა ვატაცესაგან მიიღო დესპოტის ტიტული. მანამდე, 1246 წელს მთელი ჩრდილოეთ საბერძნეთი და თესალონიკე ნიკეელებმა დაიკავეს. თეოდორე კომნენოს დუკის (ბიძამისის) ძალდატანებით მიქაელმა წამოიწყო სამხედრო კამპანია, რათა ამ ტერიტორიებზე გაევრცელებინა ძალაუფლება. 1251–1253 წლებში მიმდინარეობდა ბრძოლა ამ მიწებისთვის, მაგრამ მიქაელი დამარცხდა და იძულებული გახდა ზავი ეთხოვა. შედგა სამეფო ქორწილი და ჩამოერთვა მნიშვნელოვანი მიწები, მაგრამ მიქაელი ამას არ დათანხმდა და ნიკეის წინააღმდეგ გამოვიდა. 1257 წელს დაამარცხა მათი არმია გიორგი აკროპოლიტის ხელმძღვანელობით და გაემართა თესალონიკისაკენ, მაგრამ ამ დროს ეპირში შემოიჭრა მანფრედი, სიცილიის მეფე. მიქაელს არ სურდა ორ ფრონზე ბრძოლა, დაბრუნდა უკან და მშვიდობა დაამყარა და ალიანსი გააფორმა მანფრედთან, რომელსაც საკუთარი ქალიშვილი მიათხოვა. მალევე გააფორმა ალიანსი აქაიის მთავარგიიომ II-სთანაც. მოკავშირეთა ჯარები 1259 წელს შეიჭრნენ მაკედონიაში, მაგრამ პელაგონიის ბრძოლაში დამარცხდნენ. ნიკეელებმა (იმპერატორი მიქაელ VIII) დაიკავეს ეპირი, მიქაელ კომნენოს დუკამ თავი იმპერატორის ვასლად სცნო. აპირებდა იტალიელების წინააღმდეგ ომს, მაგრამ 1266 (ან 1268) წელს გარდაიცვალა. ეპირი ნიკიფორე I-ს გადაეცა, ხოლო თესალია მეორე ვაჟს — იოანეს.