მიურატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოაჰიმ მიურატის გერბი

მიურატები, მიურა (ფრანგ. Murat) — ფრანგული არისტოკრატიული საგვარეულო, რომელიც სათავეს იღებს საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ I-ის სიძისა და და მხედართმთავრის იოაჰიმ მიურატისაგან. მისი შთამომავლები ცხოვრობენ საფრანგეთსა და საქართველოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოაჰიმ მიურატი, საფრანგეთის მარშალი

მიურატების საგვარეულოს პირველი ცნობილი წარმომადგენელი, ვინმე პიერ მიურატი, XVII საუკუნეში ცხოვრობდა. მისი შვილთაშვილი იყო მარშალი იოაჰიმ მიურატი (1767-1815), მედუქნის შვილი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პრინც მიურატთა სახლს. მისი უფროსი ძმა, ანდრე მიურატი, ნეაპოლის სამეფოს გრაფის ტიტულს ატარებდა 1810 წლიდან. ეს შტო 1899 წელს დასრულდა. იოაჰიმისა და ნაპოლეონის დის, კაროლინის, უფროსი ვაჟი აშილი (1801-1847) უშვილოდ გარდაიცვალა და პრინც მიურატის ტიტული აშილის უმცროს ძმას ლუსიენსა (1803-1878) და მის შთამომავლობას გადაეცა. 1812 წლიდან ლუსიენს ასევე ჰქონდა პრინც პონტეკორვის ტიტული, რომელსაც საგვარეულოს წარმომადგენლები დღემდე ატარებენ. მიურატთა სახლის ამჟამინდელი თავია ლუსიენის უფროსი ვაჟის იოაჰიმის (1834-1901) შვილთაშვილი იოაჰიმი, მე-8 პრინცი მიურატი (დ. 1944), რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს.

„ქართველი მიურატები“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუსიენ მიურატის უმცროსმა ვაჟმა, აშილმა (1847-1895), 1867 წ. პარიზში იქორწინა სალომე დადიანზე (1848-1913), სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილზე. ისინი ერთხანს სამეგრელოში, მათ მიერ მოწყობილ დადიანების ცნობილ რეზიდენციაში ცხოვრობდნენ. აშილისა და სალომეს შთამომავალი, ალენ მარი იოაჰიმ ნაპოლეონ მიურატი (დ. 1943) მეუღლესთან — ვერონიკა დე ტრემეკურსა და შვილებთან ერთად საქართველოში დასახლდა. მიურატები ამ დროიდან ზუგდიდში, დადიანების საგვარეულო მამულში, ცხოვრობენ და ჩართული არიან ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]