მირიან მელუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მირიან მელუა (დ. 3 აგვისტო, 1903, ასკანა — გ. 1991) — ქართველი პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირიან მელუა წარმოშობით ოზურგეთიდან იყო. დაიბადა ლუკა მელუასა და ვრისიმე თავართქილაძის ოჯახში, სადაც შვიდი ბავშვი იზრდებოდა. საშუალო სასწავლებელს ამთავრებდა, როცა ეზიარა სოციალისტურ იდეებს, გახდა ახალგაზრდა სოციალისტი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე პასუხსაგებ პარტიულ დავალებებს ასრულებდა. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როცა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ჯერ თურქეთში გადავიდა არალეგალურად, 1924 წლის დეკემბერში კი მარსელში ჩავიდა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მარსელიდან ტულუზაში გადაინაცვლა, შემდეგ სოშოში და ბოლოს პარიზში. 1936 წელს იქორწინა მარო ბარნოვზე. მარიამ ბარნოვი ცხრა წლამდე გორში იზრდებოდა ბებიასთან. დედით ობოლი იყო. მამამისი — ნიკოლოზ ბარნოვი წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა და საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იძულებული გახდა, სამშობლოდან წასულიყო. 1922 წელს პატარა მარიამმაც დატოვა საქართველო და ოჯახთან ერთად ვარშავის გავლით ჩავიდა პარიზში. იზრდებოდა კათოლიკურ პანსიონში, მაგრამ მართლმადიდებლობის ერთგული დარჩა და შვილებიც ამ რწმენით გაზარდა.

მირიანმა და მარომ სანიმუშო ქართული ოჯახი შექმნეს. შეეძინათ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. მირიან მელუა ვერასოდეს შეეგუა საქართველოს ოკუპაციას. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და მთელი ცხოვრება შეძლებისდაგვარად იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. ემიგრაციაში პოლიტიკურ ლიდერად ირაკლი წერეთელი აირჩია და მისი პიროვნებისა და იდეების ერთგული დარჩა სიკვდილამდე. თავის შესაძლებლობას უშურვებლად ახმარდა ქართული ემიგრაციის ეროვნულ-პოლიტიკურ თუ კულტურულ საქმიანობას. წლების განმავლობაში იყო ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოების გამგეობისა და პარიზში გამომავალ ჟურნალ „სოციალისტური აზრის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. ემიგრაცია მას უმადლის, შალვა სკამკოჩაიშვილთან ერთად, „ქართული ლექსიკონის“ გამოცემას (პარიზი,1948). გარდა ამ ლექსიკონისა მირიან მელუას რუბენ ყიფიანთან ერთად, ირაკლი წერეთლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოუმზადებია და 1960 წლის მაისში, მიუნხენში, გამოუცია კრებული „სოციალისტური აზრი“. მირიან მელუა გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია ლევილის ძმათა სასაფლაოზე. აქვეა დაკრძალული მისი მეუღლე, მარიამ ბარნოვი (1913–1999) და ვაჟები — ლუკა (1936–2010) და მირიანი (1942–2021). 2003 წელს ძმებმა — ლუკა და მირიან მელუებმა, კლოდ პარმენტიესთან ერთად დააფუძნეს „ლევილი სურ ორჟის ფრანგულ-ქართული დღეები“, რომლებიც დღესაც ტარდება. 2007 წელს ლუკას თაოსნობით ინტერნეტით დაიწყო საინფორმაციო ბიულეტენის — „Georgian Neews“-ის გამოშვება ფრანგულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 7. თბ., 2005. გვ. 337–341.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]