შინაარსზე გადასვლა

მირზა მუჰამედ ახუნდზადე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირზა მუჰამედ ახუნდზადე
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1875(1875-05-24)
დაბადების ადგილი განჯა
გარდაცვალების თარიღი 1923
გარდაცვალების ადგილი განჯა
დასაფლავებულია Sabiskar Cemetery
საქმიანობა პუბლიცისტი, მასწავლებელი, პოლიტიკოსი[1] , დრამატურგი, მწერალი[1] და მთარგმნელი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

მირზა მუჰამედ მირზა ქერიმ ოღლუ ახუნდზადე (აზერ. Mirzə Məhəmməd Mirzə Kərim oğlu Axundzadə; დ. 24 მაისი, 1875, განჯაგ. 1923, განჯა) — აზერბაიჯანელი საზოგადო და თეატრალური მოღვაწე, პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ფოლკლორისტი, ფილოლოგი და დრამატურგი.[2]

მირზა მუჰამედ ახუნდზადე დაიბადა 1875 წლის 24 მაისს განჯაში, სასულიერო პირის ოჯახში.[3] დაწყებითი განათლება მიიღო შაჰის მეჩეთის მედრესეში, სადაც არაბული და სპარსული ენები შეისწავლა. მოგვიანებით დაამთავრა განჯის გიმნაზია და იქვე მასწავლებლად მუშაობდა.[2]

ახუნდზადე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასწავლიდა განჯის პროფესიულ სასწავლებელსა და სასულიერო სასწავლებელში. იგი მონაწილეობდა „სანაიეი-ნაფისას“ ლიტერატურული წრისა და განჯაში „ნაშრი-მაარიფის“ საზოგადოების შექმნაში. ამ პერიოდში დაწერა სახელმძღვანელოები „თურქული გრამატიკა“ (Sərfi-türki, 1897) და „მუსლიმთა მრწამსი“ (Əqaidi-əl Müslimin, 1908), რომლებიც ტფილისში დაიბეჭდა და სკოლებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოიყენებოდა. მისი პირველი პუბლიკაციები გაზეთ „აღმოსავლეთი რუსეთი“ (Şərqi-rus)-ში „Axundzadə“, „Gəncəli“ და „Hadı“ ხელმოწერებით გამოქვეყნდა. მცირე სტატიებს, ცნობებსა და ფელეტონებს კი „ღია სიტყვა“ (Açıq söz), „იღბალი“ (İqbal), „ჭეშმარიტება“ (Həqiqət), „მზე“ (Günəş), „ახალი ჭეშმარიტება“ (Yeni Həqiqət) და მოლა ნასრედინის გამოცემებში სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა, მათ შორის „Hatif“, „Zalıbəy“, „Gözü ilə görən“, „Mollapərəst“, „Gəncə şairi“ და „Hacı-kəndli“.[3] 1905 წელს მონაწილეობდა აზერბაიჯანის მასწავლებელთა პირველ ყრილობაში. იგი ასევე ხელს უწყობდა განჯაში თეატრალური დასის შექმნასა და საქმიანობას.[2]

მირზა მუჰამედ ახუნდზადემ ლიტერატურული მოღვაწეობა XIX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. თეატრს განმანათლებლური იდეების გავრცელების მნიშვნელოვან საშუალებად მიიჩნევდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დრამატურგიას. მან დაწერა პიესები „უსიყვარულობა, ანუ მამისა და დედის ბრალი“ (Məhəbbətsizlik, yaxud ata-ananın təqsiri), „დედობა“ (Analıq), „ნელ-ნელა კერის თავზე ავიდა“ (Yaşına-yaşına, çıxdı ocaq başına), „შემდგომი სინანული უშედეგოა“ (Sonrakı peşmançılıq fayda verməz), ისტორიული დრამა „სად ვაყასი“ (Səd Vəqqas) და ნაწარმოები „ჩემი სიზმარი, ანუ შეხვედრა ჭეშმარიტებასთან“ (Röyam, yaxud həqiqətə təsadüf). 1906 წლიდან მოლა ნასრედინიში აქვეყნებდა სატირულ ლექსებს სხვადასხვა ფსევდონიმით. იგი ასევე ავტორია ნიზამი განჯევის შესახებ მონოგრაფიისა „შეიხ ნიზამი“ (Şeyx Nizami, 1909) და თეატრის შესახებ ნაშრომისა „რა არის თეატრი?“ (Teatro nədir, 1909). შეაგროვა და გამოსცა ფოლკლორული მასალები კრებულში „საკრებულოს მშვენება“ (Məclis yaraşığı, 1910). მან აზერბაიჯანულად თარგმნა ნამიქ ქემალის „სამშობლო, ანუ სილისტრა“ (Vətən, yaxud Silistrə), ბედრედდინ ჰასანის „სინანული“ (Nədamət), უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ და ნიკოლაი გოგოლის „ქორწინება“.[2]

მირზა მუჰამედ ახუნდზადე აქტიურად მონაწილეობდა XX საუკუნის დასაწყისის პოლიტიკურ პროცესებშიც. 1906 წელს აჰმედ-ბეი აღაოღლისთან ერთად მონაწილეობდა „დიფაის“ პარტიის შექმნაში. 1908 წელს მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც დააპატიმრეს და ხუთი წლით ამიერკასპიის ოლქში გადაასახლეს.[3] გადასახლებიდან ირანში გაიქცა და სათარ-ხანის მოძრაობას შეუერთდა. 1913 წელს, რომანოვების დინასტიის 300 წლისთავთან დაკავშირებული ამნისტიის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. 1917 წლის ივნისში, „მუსავათისა“ და „თურქული ფედერალისტური პარტიის“ გაერთიანების ყრილობაზე, ახლად შექმნილი პირველი ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა.[4] აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მონაწილეობდა მთავრობის საქმიანობის ორგანიზებაში განჯასა და ბაქოში და მუშაობდა გაერთიანებული „თურქული ფედერალისტური მუსავათის“ პარტიის მდივნად.[2]

აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ ახუნდზადე განჯაში დაბრუნდა. 1920 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. შემდეგ მუშაობდა ბავშვთა სახლის დირექტორად და სემინარიის მასწავლებლად. მირზა მუჰამედ ახუნდზადე მოულოდნელად გარდაიცვალა 1923 წელს. დაკრძალულია განჯის საბისკარის სასაფლაოზე.[3]

  1. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #139774602 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 3 4 5 (2004) Azərbaycan Xalq Cümhuriyyəti Ensiklopediyası (az). Bakı: Lider, გვ. 320. ISBN 9952-417-14-2 Invalid ISBN. 
  3. 1 2 3 4 H. Əhmədov (2014). Azərbaycan məktəb və pedaqoji fikir tarixi (az). Bakı: Elm və təhsil, გვ. 234–237. 
  4. Yaqublu, Nəsiman (2012). Müsavat partiyasının tarixi (az). Bakı: Adiloğlu, გვ. 56.