მირზაანის ალავერდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მირზაანის ალავერდის ეკლესია, წმინდა იოსებ ალავერდელის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ მირზაანის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას, სასფლაოზე. ძეგლი სხვადსახვა პერიდისა და სიდიდის ორი ნაწილისგან შედგება, რომელბიც გეგმით ერთმანეთზე მიდგმულ სხვადსახვა ზომის ორ სწორკუთხედს ქმნის.

თავდაპირველად აქ მდგარა მცირე დარბაზული ეკლესია რომელიც მოგვიანებით განაახლეს. ძველი ეკლესიის შემორჩენილი ნაწილი ახალი ეკლესიის კორპუსში ჩართეს და მის საკურთხევლად აქციეს. შენობის თავდაპირველი ნაწილი შუა საუკუნებით შეიძლება დათარიღდეს მოგვიანებით მიშენებული ნაწილი კი XVIII საუკუნის მიწურულით ან XIX საუკუნის დასაწყისით, როგორც ჩანს, ამავე დროისაა თავდაპირველ ეკლესიაზე დაშენებული სამრეკლოც. ეკლესიის ძველი ნაწილი ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვით კირის სქელ დუღაბზე. კედლები ძირითადათ ერთრიგად დაწყობილი რიყის ქვისა და აგურის თარაზული რიგების მონაცვლეობითაა ნაწყობი, არქიტექტურული და კონსტრუქციული ელემენტები კი მთლიანად აგურისაა. ეკლესიას სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. იგი გარედან საფლავის მოზრდილი ქვებითაა გამოყვანილი, შიგნიდან კი აგურით. საკურთხევლის აფსიდი ოდნავ ნალისებრი ფორმისაა, მისი ქვედა ნახევარი თავდაპირველია და გრძივი კედლებიდან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდის მხრები იატაკიდან დაახლოებით 2-3 მეტრის სიმაღლეზე აუყვება. ზედა ნაწილი კი გვიანდელია და თავდაპირველი ეკლესიის კედლების დროსაა აღდგენილი ამავე დროისაა კონქის თაღიც, კონქის თაღის წინ ფართო შეისრული თაღია, რომელიც საკურთხევლის დარბაზთან აკავშირებს. აფსიდში გაჭრილია ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმელი რომლის ორივე მხარეს მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა. ორ-ორი მსგავსი სარკმელია გაჭრილი დარბაზის გრძივ კედლებში, კედლებში, ერთიც დასავლეთის კედელშია შესასვლელის ზემოთ. მათგან სამხრეთით კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სარკმლის ქვემოთ მოწყობილია განიერი, ოთხკუთხა ნიშა. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ ოდნავ შემაღლებულია და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო განიერი პილასტრია რომლებზეც კამარის საყრდენი შეისრული საბჯენი თაღია გადაყვანილი. შეისრული ფორმისაა კამარაც. თითო პილასტრი აღმოსავლეთ და დასავლეთ კუთხეებშიცაა. მათ შესაბამისი კედლის მიმდებარე საბჯენი თაღები ეყრდნობა.

ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებია მორთული, მთაზე წყობაში შეღრმავებული, საფეხუროვან პოსტამენტებზე დაყრდნობილი ჯვრის თითო გამოსახულებაა. აღმოსავლეთ ფასადებზე, დამატებით ჯვრის ორივე მხარეს, ერთიმეორეს თავზე განლაგებული, ორ-ორი რომბისებრი ელემენტია დასავლეთის ფასადზე მდებარე ჯვრის ზედა მკლავში კი სარკმლის ღიობია მოქცეული. ეკლესიის ორივე ნაწილს კედლები დასრულებულია ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც ჩვეულებრივ და კუთხით ნაწყობი აგურის რიგების მონაცვლეობისაგან შედგება. სამრეკლო რვაწახნაგოვანია ყოველ წახნაგში შეისრულთაღოვანი ღიობია მოწყობილი. წიბოებს კი პილასტრები აუყვება რომელთაც ზემოთ ორსაფეხურიანი ზოლი აკავშირებს სამრეკლოს რვაწახნაგოვანი პირამიდული სახურავი აქვს. 2010 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანასებით ჩატარდა ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საკურთხეველში დაიდგა ტრაპეზი მოეწყო ცემენტის იატაკი აღდგა ლავგარდნის ჩამოშლილი ნაწილები ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით ხოლო სამრეკლო თუნუქით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]