მიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიონი — სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა 1973 წელს ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკურ სამეცნიერულ-კვლევითი ინსტიტუტის, თბილისის საკონსტრუქტორო ბიუროსთან და მასთან არსებული საცდელი ქარხნის ბაზაზე, რომლებიც, თავის მხრივ შეიქმნა 1965 წელს.

ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზიკურ სამეცნიერულ-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორები: პროფესორი ი. მირცხულავა (1965—71), ვ. ჭიჭინაძე (1971–73) კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულებები იყო ახალი ნახევარგამტარული მასალებისა და სტრუქტურების შესწავლა; მყარ სხეულებში, განსაკუთრებით ნახევარგამტარებში, ახალი ფიზიკური მოვლენების და პროცესების გამოკვლევა მიკროელექტრონიკის პერსპექტიული ხელსაწყოების შესაქმნელად. 1973 წლიდან ,,მიონის“ დირექტორები იყვნენ ვ. ჭიჭინაძე (1973–74), მ. კლემენტიევი (1974–77), საინჟინრო აკადემიის წევრი რ. ჩიქოვანი (1977-84), ნ. კახიშვილი (1984-87). ინსტიტუტში შესრულებული სამუშაოებიდან მნიშვნელოვანია ინტეგრალური სქემების სერიის დამუშავება, სპეციალური დანიშნულების ნახევარგამტარული ხელსაწყოების მიღება, A3B5 შენაერთებში ჰეტეროსტრუქტურების საფუძველზე სინათლის გამომსხივებელი ოპტიკურ-ელექტრონული ხელსაწყოების დამუშავება ინფორმაციის ვიზუალური ასახვისათვის, ინტეგრალური სქემების ავტომატიზებული პროექტირების სისტემის დამუშავება, საყოფაცხოვრებო ხასიათის ელექტრონული ხელსაწყოების შექმნა და სხვა. ყველაფერი ეს დანერგილია „მიონის“ ქარხანაში. „მიონში“ დამზადებული ნაკეთობების მნიშვნელოვანი ნაწილი იგზავნებოდა საექსპორტოდ. წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით საქართველო სხვადასხვა რაიონებში (თელავი, წალკა, სოფელი ავრალო, ახმეტა) შეიქმნა ფილიალები. 1987 წელს „მიონის“ ბაზაზე (თავის ქარხნიანად) შეიქმნა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მიონი“ (გენ. დირექტორი ნ. კახიშვილი), რომელიც 1997 წელს გადაკეთდა სამეცნიერო-სახაზინო საწარმო „მიონად“, ამავე წელს „მიონს“ გამოეყო თბილისის ელექტრონული ტექნოლოგიების ინსტიტუტი. 1999 წელს თვით „მიონის“ ბაზაზე შეიქმნა ,,პეგასი“ და სამეცნიერო საწარმო „მიონი“, რომლებიც გაერთიანებული არიან სამეთვალყურეო საბჭოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]