შინაარსზე გადასვლა

მინა კარაჯიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინა კარაჯიჩი
დაიბადა 12 ივლისი, 1828(1828-07-12)[1]
დაბადების ადგილი Landstraße[1]
გარდაიცვალა 12 ივნისი, 1894(1894-06-12) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვენა
ძმა დიმიტრის პორტრეტი
მონტენეგროელი

მინა კარაჯიჩი (სერბ. Караџић-Вукомановић, დ. 12 ივლისი, 1828, ვენა) — გ. 12 ივლისი, 1894, ვენა) — სერბი მხატვარი და მწერალი.

მინა კარაჯიჩი დაიბადა ვენაში 1828 წლის 12 ივლისს.[2][3] მამამისი ვუკ კარაჯიჩი სერბი იყო, დედა კი — ავსტრიელი ანა მარია კრაუსი.[4] იგი მონათლული იყო კათოლიკურ ეკლესიაში და ვილჰელმინა დაარქვეს. მინა მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა, მაგრამ ცამეტი შვილიდან მხოლოდ მინა და მისი ძმა დიმიტრი გადარჩნენ. მამა ბავშვობიდანვე ზრუნავდა მის განათლებაზე — მინამ ექვსი წლიდან დაიწყო სახლში სწავლა. ისწავლა კითხვა და წერა გერმანულ ენაზე, რომელიც მათ სახლში მთავარი ენა იყო. რვა წლის ასაკიდან კერძო გაკვეთილებზე გააგზავნეს, სადაც ის სწავლობდა ფერწერას, ფორტეპიანოს დაკვრას, ასევე სწავლობდა ფრანგულ და იტალიურ ენები.

სერბული ენა მხოლოდ თხუთმეტი წლის ასაკში შეძლო შეესწავლა. ამ ენაზე დაიწყო ლექსებისა და პროზაული ნაწარმოებების წერა, ასევე თარგმნიდა სერბულ ხალხურ ზღაპრებს გერმანულ ენაზე. ყველაზე მეტად კი მხატვრობით იყო გატაცებული — სწავლის მიზნით ცნობილ ავსტრიელ მხატვრებს სტუმრობდა. ამავდროულად, მამამისი ცდილობდა მის ჩართვას თავის საქმეში, რაც შემდგომში მინას მთავარ საქმიანობად იქცა.[2]

მხატვრული განათლება მან ვენაში ფრიდრიხ ცილხერთან მიიღო, თუმცა ფერწერას ძირითადად დიდი მხატვრების ნამუშევრების კოპირებით სწავლობდა — ვენის, ვენეციის, დრეზდენისა და ბერლინის გალერეებში.[5]

19 წლის ასაკში ის იწყებს ინგლისური ენის შესწავლას, იწყებს მამის ჩანაწერების გაკეთებას უცხოურ ენებზე და მასთან ერთად მოგზაურობს ევროპაში. მხატვრობა კვლავ მისი მთავარ გატაცებად რჩება – ის სტუმრობს სხვადასხვა გალერეებს ვენეციაში. მას შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა ისეთ გამოჩენილ პიროვნებებს, როგორებიც არიან ბრანკო რადიჩევიჩი, პეტრე II პეტროვიჩ-ნეგოში, ლუდვიგ ავგუსტ ფონ ფრანკლი, იაკობ გრიმი, ლეოპოლდ ფონ რანკე და პაველ იოზეფი. ამის შესახებ მოწმობს მინას ცნობილი ალბომი, სადაც ამ მწერლებმა და მხატვრებმა ჩანაწერები დატოვეს.[2]

1850 წელს ის პირველად მიდის მამასთან ერთად სერბეთში, სადაც ლუიზა (ალექსანდრა) კერს ხვდება და მისი თარჯიმნის როლს ასრულებს. ამ მოგზაურობისას მინა ჩანაწერებს აკეთებდა და მათ ფრანგულადაც თარგმნიდა. აქვე, სერბეთში, მან მილიცა სტოიადინოვიჩი გაიცნო.

1856 წელს, მშობლების ნებართვის გარეშე, ის ალექსა ვუკომანოვიჩის წინადადებას დასთანხმდა ქორწინებაზე. მათი რელიგიური შეხედულებების შეუსაბამობისა და საქმროს ავადმყოფობის გამო, მინას მშობლები ამ არჩევანსა და ნიშნობას ეწინააღმდეგებოდნენ. 1858 წლის მაისში იგი მშობლებთან ერთად ჩადის ზემუნში და მართლმადიდებლობას იღებს. ქორწინება ბელგრადის საკათედრო ტაძარში შედგა. მინა და მისი მეუღლე ბელგრადში, სამთავრო ობრენოვიჩების სახლში დასახლდნენ. 1859 წელს მათ ვაჟი, იანკო, დაიბადა, თუმცა სამი თვის შემდეგ მეუღლე გარდაიცვალა.[3][4] ამის შემდეგ მინა მძიმედ დაავადდა და ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მან უარი თქვა პრინცესა იულიას წინადადებაზე, დარჩენილიყო ბელგრადში ქალთა გიმნაზიის დირექტორად და ვაჟთან და დედასთან ერთად ვენაში დაბრუნდა. 1878 წელს მისი ვაჟი, იანკო, რუსეთში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიის შემდეგ მინამ საზოგადოებრივი მოღვაწეობა შეწყვიტა.

1879-1882 წლებში იგი ძმასთან ერთად იწყებს მამის ნაშრომებზე მუშაობას. 1883 წელს, ძმის გარდაცვალების შემდეგაც, მან მუშაობა არ შეწყვიტა და მალევე გამოსცა მამამისის ნაწარმოებები ვენაში, ბელგრადსა და სანქტ-პეტერბურგში.[2]

მინა კარაჯიჩმა 50-ზე მეტი ნაშრომი დატოვა, მათ შორის: ფერწერული ნამუშევრები (20-ზე მეტი[5]), ლექსები, თარგმანები, მოგზაურობების ჩანაწერები და სხვა ნაწარმოებები.

მისი რჩეული ნამუშევრები[4]:

  • სერბული ზღაპრები (1854)
  • ბრანკო რადიჩევიჩი (1877)
  • წერილი‚ „ორლოს“ რედაქციას (1878)
  • რამდენიმე დღე სერბეთში (1895)
  • ვუკ კარაჯიჩის ასულ ბრანკოს შესახებ (1924)
  • ბრანკო რადიჩევიჩის მოგონებები (1947)
  • მინა კარაჯიჩ-ვუკომანოვიჩის წერილები (1997)
  • მინა კარაჯიჩ-ვუკომანოვიჩის ნახატები (1997)
  • მინა კარაჯიჩის დღიური (2004)
  • მინა კარაჯიჩის მოგონებები (2004)
  1. 1 2 https://data.matricula-online.eu/de/oesterreich/wien/03-landstrasse-st-rochus/01-11/?pg=82 — ტ. 11.
  2. 1 2 3 4 Vilhelmina Mina Karadžić Vukomanović. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-27. ციტირების თარიღი: 2025-03-28
  3. 1 2 Сликарка и књижевница - Вилхелмина Мина Караџић. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-05-06. ციტირების თარიღი: 2025-03-28
  4. 1 2 3 Karadžić Vukomanović, Mina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-02-21. ციტირების თარიღი: 2025-03-28
  5. 1 2 Mina Vukomanović - Karadžić. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-27. ციტირების თარიღი: 2025-03-28