შინაარსზე გადასვლა

მილუნკა სავიჩი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილუნკა სავიჩი

მილუნკა სავიჩი (დ. 28 ივნისი, 1892 - გ. 5 ოქტომბერი, 1973)[1]სერბი ომის გმირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის ომებში და პირველ მსოფლიო ომში. სავიჩი ითვლება ყველაზე მეტად დაჯილდოებულ ქალ მებრძოლად კაცობრიობის საომარი ისტორიის განმავლობაში.[2][3][4] მილუნკა ბრძოლაში ცხრა ჯერ დაიჭრა და თავისი უზარმაზარი სიმამაცისა და ლიდერობის გამო ფრანგებმა უწოდეს „სერბეთის ჟანა დ’არკი“.[5][6]

სავიჩი დაიბადა 1889 წელს, სოფელ კოპრივნიცაში, ნოვი-პაზარის მახლობლად, სერბეთში. 1912 წელს მისმა ძმამ, რომელიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული, პირველი ბალკანეთის ომისთვის მობილიზაციის შეტყობინება მიიღო. მილუნკამ გადაწყვიტა ძმის ნაცვლად წასულიყო — შეიჭრა თმა, ჩაიცვა მამაკაცის ტანსაცმელი და შეუერთდა სერბეთის არმიას. მილუნკა სავიჩი მალევე ჩაერთო ბრძოლებში, მიიღო თავისი პირველი მედალი და ბრეგალნიცის ბრძოლაში კაპრალის ჩინის წოდება მიენიჭა. ბრძოლაში მონაწილეობრისას დაიჭრა და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა საავადმყოფოში მკურნალობდა, ექიმების დიდი გაოცების ფონზე გამოაშკარავდა მილუნკას ნამდვილი სქესი.

სავიჩი სარდალთან გამოიძახეს. მილუნკას დასჯა არ სურდათ, რადგან დაამტკიცა, რომ ღირებული და ძალიან კომპეტენტური ჯარისკაცი იყო. სამხედრო მოქმედება, რომლის დროსაც მილუნკა სავიჩის სქესი გამოაშკარავდა, მისთვის მეათე იყო. თუმცა მიიჩნეოდა, რომ ახალგაზრდა ქალისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა შეუფერებელი იყო. ჯარისკაცსს შესთავაზეს გადაყვანა სამედიცინო (მედდების) განყოფილებაში. სავიჩი მწყობრში დადგა და დაჟინებით განაცხადა, რომ მხოლოდ როგორც მებრძოლი სურდა ებრძოლა თავისი ქვეყნისთვის. ოფიცერმა თქვა, რომ დაფიქრდებოდა და პასუხს მეორე დღეს მისცემდა. კვლავ მწყობრში მდგომმა სავიჩმა უპასუხა: „დაველოდები“. ამბობენ, რომ ოფიცერმა მხოლოდ ერთი საათი დააყენა მილუნკა სავიჩი მწყობრში, სანამ დათანხმდებოდა ქალი ჯარისკაცის ქვეით ჯარში დაბრუნებას.[7]


1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის ადრეულ ეტაპზე, კოლუბარის ბრძოლის შემდეგ, მილუნკა სავიჩს მიენიჭა პირველი კარაჯორჯეს ვარსკვლავი ხმლებით. 1916 წელს, ცრნა ბენდის ბრძოლის შემდეგ, სავიჩმა მიიღო მეორე კარაჯორჯეს ვარსკვლავი (ხმლებით), მას შემდეგ რაც მარტო, ერთპიროვნულად, ტყვედ აიყვანა 23 ბულგარელი ჯარისკაცი.

მილუნკა სავიჩს ორჯერ მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის ღირსების ორდენი (Légion d’Honneur), ასევე რუსეთის წმინდა გიორგის ჯვარი, ბრიტანეთის წმინდა მიქაელის ღირსეული ორდენის მედალი და სერბეთის მილოშ ობილიჩის მედალი. სავიჩი იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც მიენიჭა საფრანგეთის საომარი ჯვარი (Croix de Guerre) 1914–1918 ოქროს პალმის ნიშნით, პირველი მსოფლიო ომში გაწეული სამსახურისთვის.

მილუნკა სავიჩის ძეგლი ბელგრადში

1919 წელს სავიჩი დემობილიზებული იქნა. ქალ ჯარისკაცს შესთავაზეს საფრანგეთში გადასვლა, სადაც შეეძლო საფრანგეთის არმიისგან კომფორტული პენსიის მიღება, თუმცა მილუნკამ ეს წინადადება უარყო და ბელგრადში ცხოვრება არჩია, სადაც ფოსტალიონად დაიწყო მუშაობა. 1923 წელს მილუნკა დაქორწინდა ველიკო გლიგორიევიჩზე, რომელსაც მოსტარში შეხვდა, თუმცა წყვილის ქორწინება მალევე დასრულდა — ქალიშვილის, მილენას, დაბადების შემდეგ ისინი განქორწინდნენ. მოგვიანებით მილუნკამ იშვილა კიდევ სამი ქალიშვილი.[1]

შუაომიან პერიოდში მილუნკა ფართო საზოგადოებისთვის თითქმის დავიწყებული იყო. 1927 წლამდე სხვადასხვა დაბალანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობდა, რის შემდეგაც მუდმივი სამსახური მიიღო სახელმწიფო იპოთეკურ ბანკში დამლაგებლად. რვა წლის შემდეგ სავიჩი დაწინაურდა და გენერალური დირექტორის კაბინეტების დასუფთავება დაევალა.

1945 წელს, სოციალიზმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მილუნკას სახელმწიფო პენსია დაენიშნა და განაგრძო ცხოვრება ბელგრადის ვოჟდოვაცის რაიონში მდებარე საკუთარ სახლში. 1950-იანი წლების სავიჩის უმცროსი ქალიშვილი საავადმყოფოში მოათავსეს, თავად კი დანგრეულ სახლში ცხოვრობდა ვოჟდოვაცში თავის სამ ნაშვილებ შვილთან ერთად: მილკასთან — სსტალაჩის სარკინიგზო სადგურზე მიტოვებულ ბავშვთან; რადმილა-ვიშნიასთან; და ზორკასთან — დალმაციიდან წარმოშობილ მამამოკლებულ გოგონასთან. მოგვიანებით, როდესაც მილუნკა იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრებოდა და სამხედრო მედლები ეკეთა, სხვა სამხედრო ოფიცრები გაესაუბრნენ ქალ ჯარისკაცს და გამორჩეული სიმამაცის შესახებ შეიტყვეს.

ამბავი სწრაფად გავრცელდა და ბოლოს მილუნკამ დამსახურებული აღიარება მოიპოვა. 1972 წელს საზოგადოებრივი ზეწოლისა და გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომელიც ყოფილი ჯარისკაცის მძიმე საცხოვრებელ და ფინანსურ მდგომარეობას აღწერდა, ბელგრადის საქალაქო ასამბლეამ ოჯახს მცირე ბინა გამოუყო. მილუნკა სავიჩი გარდაიცვალა ბელგრადში 1973 წლის 5 ოქტომბერს, 81 წლის ასაკში, და დაკრძალულია ბელგრადის ახალ სასაფლაოზე.

მილუნკა სავიჩის დაბადების სახლი 2015 წელს აღადგინეს სოფელ კოპრივნიცაში. სახლში მოწყობილია ეთნოლოგიური ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს იმ პერიოდის ნივთებს, როცა იგი იქ ცხოვრობდა (მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი).[8]

2020 წლის ოქტომბერში იოშანიჩკა-ბანიაში გაიხსნა მემორიალური კომპლექსი მუდმივი გამოფენით, რომელიც მილუნკა სავიჩის ცხოვრებასა და სამხედრო გზას ეძღვნება.[9][10]

2024 წელს ბელგრადში მილუნკა სავიჩის ძეგლი გაიხსნა.[11]

2022 წელს შვედურმა მძიმე მეტალის ჯგუფმა საბატონმა (Sabaton) მილუნკა სავიჩის ისტორიას მიუძღვნა სიმღერა „ბნელის ლედი“ („Lady of the Dark“).[12]

  1. 1 2 Milunka Savić at milunkasavic.rs (2016-04-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-02. ციტირების თარიღი: 2016-04-21.
  2. Emiliy Rice (2023). Women Forgotten in History. London: Austin Macauley Publishers Ltd.. ISBN 9781398462922. 
  3. Alex Tomić (2024). The Legacy of Serbia's Great War: Politics and Remembrance. New York: Berghahn Books, გვ. 115. ISBN 978-1-80539-233-0. 
  4. Jacqueline Larson Carmichael (2020). Heard Amid the Guns: True Stories from the Western Front. Canada: Heritage House Publishing Company Ltd., გვ. 104. ISBN 978-1-77203-338-0. 
  5. Hong, Chenwen (2019). Heroine of One Thousand Faces: Memoirs by Four Women Soldiers in the Great War and Postwar Period (Doctoral dissertation). University of Connecticut. ციტირების თარიღი: 2025-12-12. ციტატა: „Milunka Savić was one of the most decorated female soldiers of World War I and is considered a heroic figure comparable to Joan of Arc.“
  6. Batinić, Jelena (2015). Women and Yugoslav Partisans: A History of World War II Resistance. Cambridge University Press. ISBN 9781107091078. „Milunka Savić is regarded alongside other celebrated women warriors in the broader historiography of women’s military roles, exemplifying heroic leadership and legendary courage akin to iconic figures such as Joan of Arc.“ 
  7. 5 of the Fiercest One-Liners in History | Mental Floss. mentalfloss.com (6 September 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-23. ციტირების თარიღი: 2014-04-30.
  8. Birth house of Milunka Savić | Туристичка организација Рашка. ციტირების თარიღი: 2024-09-09
  9. Otvara se spomen soba Milunke Savić. ციტირების თარიღი: 2020-10-09
  10. Vojvodine, Javna medijska ustanova JMU Radio-televizija. Spomen soba Milunki Savić u Jošaničkoj banji. ციტირების თარიღი: 2020-10-09
  11. Spomenik Milunki Savić u Beogradu | Beogradske vesti sr-RS (2024-07-07). ციტირების თარიღი: 2024-09-09
  12. Lady Of The Dark en-US. ციტირების თარიღი: 2023-06-22