მილოვან მილოვანოვიჩი
| მილოვან მილოვანოვიჩი | |
|---|---|
| სერბ. Милован Миловановић | |
![]() | |
| დაბადების თარიღი | 17 თებერვალი, 1863 |
| დაბადების ადგილი | ბელგრადი |
| გარდაცვალების თარიღი | 18 ივნისი, 1912 (49 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ბელგრადი |
| მოქალაქეობა | სერბეთი |
| განათლება | Faculté de droit de Paris |
| სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი |
| ჯილდოები | თეთრი არწივის ორდენი |
მილოვან მილოვანოვიჩი (სერბ. Милован Миловановић, დ. 17 თებერვალი, 1863, ბელგრადი — გ. 18 ივნისი, 1912, ბელგრადი) — სერბი იურისტი, პოლიტიკოსი, დიპლომატი და პედაგოგი. ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი. იკავებდა სერბეთის სამეფოს იუსტიციის მინისტრის, ფინანსთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მილოვან მილოვანოვიჩი დაიბადა 1863 წლის 17 თებერვალს ბელგრადში. იგი იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და სახელმწიფო საბჭოს წევრის, დ. მილოვანოვიჩის, მეორე შვილია.
ბელგრადში საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1881 წელს ჩაირიცხა საფრანგეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, სახელმწიფო სტიპენდიით, რომელიც 1882 წელს განათლების მინისტრმა სტოიან ნოვაკოვიჩმა დაამტკიცა. 1884 წელს დაასრულა სწავლა ბაკლავრიატზე და 1888 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „Les Traités de garantie au XIXe siècle“ და მიიღო იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ნაშრომი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
1888 წლის თებერვალში მილოვანოვიჩი დაინიშნა ბელგრადის უმაღლესი სკოლის (შემდგომში ბელგრადის უნივერსიტეტი) იურიდიული ფაკულტეტის პროფესორად, სადაც ასწავლიდა სახელმწიფო სამართალსა და კონსტიტუციონალიზმს. იმავე წელს, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მეფე მილან ობრენოვიჩმა იგი დანიშნა სერბეთის საკონსტიტუციო კომიტეტის მდივნად. აღნიშნული კომიტეტის ფარგლებში მილოვანოვიჩი ეწვია დანიას, ბელგიასა და საფრანგეთს ამ ქვეყნების საკონსტიტუციო პრაქტიკის შესასწავლად.
მილოვანოვიჩი გახდა კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სერბეთის 1888 წლის კონსტიტუციის შემუშავებაში — რომელიც ითვლება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ლიბერალურ კონსტიტუციად. სწორედ ამ კონსტიტუციამ დაამკვიდრა თანამედროვე საპარლამენტო მმართველობის საფუძვლები. გარდა ამისა, მან შეიმუშავა რამდენიმე კანონი, რომელიც ახალ საკონსტიტუციო წესრიგს უკავშირდებოდა.
მილოვან მილოვანოვიჩი აქტიურად თანამშრომლობდა რადიკალური მიმართულების პერიოდულ გამოცემებთან და გამოაქვეყნა მრავალი სტატია საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული საკითხების შესახებ. მის პუბლიკაციებს შორის აღსანიშნავია სტატიები გაზეთებსა და ჟურნალებში, როგორიცაა „ექო“ („ოჯეკ“) და „თვითმმართველობა“ („სამოუპრავა“), ასევე ორკვირეული მიმოხილვა „საქმე“ („დელო“), რომელიც 1892 წელს დააფუძნა სხვა რადიკალ ინტელექტუალებთან ერთად.
მილოვანოვიჩი იყო მჭიდრო თანამშრომლობის მომხრე ხორვატებსა და ბულგარელების, რაც გამოიხატებოდა მის ძირითად ლოზუნგში: „ბალკანეთი — ბალკანელ ხალხს“. იგი აქტიურად უჭერდა მხარს საფრანგეთ-რუსეთის ალიანსს. მისი ძირითადი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ბალკანეთის ხალხებს შორის დაახლოების გზით, საბოლოოდ შესაძლებელი გამხდარიყო სერბეთის, ჩერნოგორიის, ბულგარეთისა და საბერძნეთის გაერთიანება ერთიან ბლოკში, რომელიც დამყარდებოდა ანტანტის სახელმწიფოებზე და წინააღმდეგობას გაუწევდა ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, რომელსაც „Drang nach Osten“-ად (გაფართოება აღმოსავლეთისკენ) მოიხსენიებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ზომიერი ნაციონალისტი იყო, მილოვანოვიჩს ხშირად აკრიტიკებდნენ მემარჯვენე წრეები კომპრომისებისაკენ მიდრეკილებისა და ეროვნული საქმისადმი საკმარისი ენთუზიაზმის არქონის გამო. თავდაპირველად უფრო ახლოს იდგა პროგრესულ პარტიასთან (ე.წ. „Српска напредна странка“), თუმცა 1890-იანი წლების მეორე ნახევარში შეუერთდა სერბეთის სახალხო რადიკალურ პარტიას, რომლის ზომიერი ვერსია იმ პერიოდში ახლოს იდგა ფრანგულ რესპუბლიკანულ ტრადიციებთან. პარტიაში იგი ოფიციალურად 1891 წელს შევიდა.
1892 წელს, ლიბერალების მიერ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლების შემდეგ, მილოვან მილოვანოვიჩმა 1893 წელს მონაწილეობა მიიღო პარლამენტის არჩევნებში და აირჩიეს პარლამენტის წევრად. იმავე წელს კვლავ დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა 1894 წელს კვლავ გაათავისუფლეს ე.წ. „ნეიტრალური მინისტრების“ ეპოქაში, როდესაც ქვეყნის მმართველობა ახალგაზრდა მეფე ალექსანდრე ობრენოვიჩის ხელში გადავიდა. მილოვანოვიჩი იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა დიოკა სიმიჩის რადიკალურ კაბინეტში (1896 წლის 17 დეკემბრიდან 1897 წლის 11 ოქტომბრამდე, ძველი სტილით) და აქტიურად მონაწილეობდა სერბულ-ბულგარულ ურთიერთობებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებაში. 1899 წელს, მეფე ალექსანდრე ობრენოვიჩის ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ საზღვარგარეთ გამართული კამპანიის გამო, მილოვანოვიჩს დაუსწრებლად მიუსაჯეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.[1]
მილოვან მილოვანოვიჩი სამშობლოში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც 1900 წელს სერბეთის მეფემ შეიწყალა რადიკალთა ემიგრირებული ლიდერები. ამის შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში ბუქარესტში ელჩად მსახურობდა, ხოლო მოგვიანებით დაინიშნა ფინანსთა მინისტრად ალექს იოვანოვიჩის (1900-1901) და მიხაილო ვუიჩის (1901-1902) მთავრობებში.
მილოვანოვიჩმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სერბეთის ახალი კონსტიტუციის — 1901 წლის ე.წ. „აპრილის წესდების“ შემუშავებაში. კონსტიტუცია აპრილში გამოცხადდა და მეფე ალექსანდრე I ობრენოვიჩის მიერ იქნა დამტკიცებული ერთპიტოვნულად. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებდა ეროვნული ასამბლეის ორპალატიანი სისტემის შემოღებას, მათ შორის ზედა პალატის (სენატის) შექმნას, ასევე ეკონომიკური კანონმდებლობის რეფორმებს.
იგი ითვლებოდა ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად რადიკალურ-პროგრესული კოალიციის, რომელმაც ვუიჩის მთავრობის ფორმირება შესაძლებელი გახადა. თუმცა, მილოვანოვიჩმა დატოვა ფინანსთა მინისტრის პოსტი 1902 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო სერბეთისათვის ახალი საგარეო სესხის მოპოვება.
1903 წლის დასაწყისში მილოვანოვიჩი დაინიშნა სერბეთის ელჩად რომში. იტალიაში მან ფართომასშტაბიანი დიპლომატიური საქმიანობა გასწია, რომლის მიზანი იყო დიდი სახელმწიფოების მიერ ოსმალეთის იმპერიის მიერ ოკუპირებულ ძველ სერბეთსა და მაკედონიაში რეფორმების მხარდაჭერაში იტალიის როლის გაძლიერება. რომში ის მსახურობდა 1907 წლამდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Histoire du peuple serbe. — Lausanne : L’Age d’Homme, 2005. — ISBN 9782825119587.
- Slobodan Jovanović. «Milovan Milovanović», Srpski književni glasnik, 2-6, 1937.
- Dimitrije Đorđević. Milovan Milovanović, Prosveta, Beograd 1962, 179 pp.
- Dejvid Mekenzi. Milovan Milovanović. Srpski diplomata i državnik, Beograd, Dosije 2007.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Roszkowski, Wojciech; Koffman, Jan (2016) Biographical Dictionary of Central and Eastern Europe in the Twentieth Century. Routledge, გვ. 2046–2047. ISBN 978-1-31747-593-4.
