მილი ბალაკირევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილი ბალაკირევი

მილი ალექსის ძე ბალაკირევი (რუს. Милий Алексеевич Балакирев) (დ. 2 იანვარი, 1837 [ძვ. სტ. 21 დეკემბერი, 1836], ნიჟნი-ნოვგოროდი — გ. 29 მაისი [ძვ. სტ. 16 მაისი], 1910, პეტერბურგი) —რუსი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო ნიჟნი-ნოვგოროდში (ახლანდელი გორკი). 1853–1855 წლებში იყო ყაზანის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. 1856 წელს პეტერბურგში შედგა ბალაკირევის როგორც პიანისტისა და დირიჟორის დებიუტი. ბალაკირევის იდეურ-ესთეტიკურ პოზიციების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია კრიტიკოსმა ს. სტასოვმა. ბალაკირევის ინიციატივით 60-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ცნობილია „ახალი რუსული მუსიკალური სკოლის“, „მძლავრი ჯგუფის“, „ბალაკირევის წრის“ და „ხუთეულის“ (უცხოეთში) სახელით. 1862 წელს გ. ლომაკინთან ერთად ბალაკირევმა პეტერბურგში ჩამოაყალიბა „უფასო მუსიკალური სკოლა“, რომელიც მასობრივი მუსიკალური განათლების კერად იქცა. 1867–1869 წლებში იყო „რუსული მუსიკალური საზოგადოების“ მთავარი დირიჟორი. 1862 წელს იმოგზაურა კავკასიაში.

მ. ბალაკირევის საფლავი, ტიხვინის სასაფლაოზე (სანქტ-პეტერბურგი)

ბალაკირევმა დიდი ინტერესი გამოიჩინა კავკასიური მუსიკის ფოლკლორისადმი, რაც შემდგომში განვითარდა და გაღრმავდა "მძლავრი ჯგუფის" სხვა კომპოზიტორთა შემოქმედებაშიც. ქართული თემატიკა დაედო საფუძვლად ბალაკირევის სიმფონიურ პოემას "თამარს" (1882, ლერმონტოვის ამავე სახელწოდების ლექსის მიხედვით). ბალაკირევმა სამჯერ იმოგზაურა კავკასიაში (1862, 1863, 1868), მეორე და მესამე მოგზაურობისას იყო თბილისშიც. მან პირველმა დაიწყო კავკასიური მელოდიების (მ. შ. ქართული ჰანგების) ჩაწერა, აღსანიშნავია აგრეთვე მის მიერ დაწერილი "ქართული სიმღერა" (პუშკინის ლექსის „ნუ მიმღერ ლამაზოს“ მიხედვით). 1865 ბალაკირევმა „რუსული სამუსიკო საზოგადოების“ მთავარი დირექციისაგან მიიღო დავალება თბილისში გაეხსნა ამ საზოგადოების განყოფილება. შეადგინა პროგრამა კონცერტებისა ( ლუდვიგ ვანბეთჰოვენის, რობერტ შუმანის , გლინკას, ფრანც შუბერტის , ჰექტორ ბერლიოზის ნაწარმოებები), რომლებიც მისივე დირიჟორობით უნდა ჩატარებულიყო თბილისში. მაგრამ ბალაკირევმა ეს განზრახვა ვერ შეასრულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]