მილანკოვიჩის ციკლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მილანკოვიჩის ციკლები არის დედამიწის მოძრაობაში იმ პერიოდული ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გავლენას ახდენენ დედამიწის კლიმატზე. ამ მოვლენებს სახელი, სერბი გეოგრაფი და ასტრონომის მილუტინ მილანკოვიჩის საპატივცემლოდ დაერქვა. მან 1920-იან წლებში ივარაუდა, რომ დედამიწის მოძრაობა მზის გარშემო ვარირებდა. ამის შედეგად დედამიწა განსხვავებული რაოდენობით და კუთხით იღებდა მზის სინათლეს, რაც, თავის მხრივ, კლიმატზე ახდენდა გავლენას. დიდი ხნის განმავლობაში ეს მხოლოდ ვარაუდად რჩებოდა, რადგან ვერ ხერხდებოდა ჰიპოთეზის დამტკიცება. დღეს ყინულის მუდმივი ფენების, კლდეების, ქვებისა და ოკეანის სიღრმეების შესწავლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილანკოვიჩის ჰიპოთეზა ემთხვევა რეალურ მონაცემებს.

სხვა ციურ სხეულებთან ურთიერთქმედების გამო დედამიწის მოძრაობა საკუთარი ღერძისა და მზის გარშემო მუდმივი არ არის. მოძრაობის ვარიაციები საკმაოდ კომპლექსურია, თუმცა რამდენიმე ციკლური ცვლილება დომინირებს. მილანკოვიჩის ციკლების შემადგენელი ნაწილებია ექსცენტრიულობა, ღერძისს დახრილობა და დახრის მიმართულება.

ორბიტის ექსცენტრიულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წრიული ორბიტა. ექსცენტრიულობა - 0.
ელიფსური ორბიტა. ექსცენტრიულობა - 0.5

დედამიწის ორბიტას მზის გარშემო არ აქვს მუდმივი ფორმა. იგი იცვლება და მეტ-ნაკლებად წრიულსა და ელიფსურს შორის მერყეობს. რაც უფრო წაგრძელებული ფორმა აქვს ორბიტას, მით უფრო დიდია წლის სხვადასხვა დროს მიღებულ მზის გამოსხივებას შორის განსხვავება, ხოლო უფრო წრიულ ორბიტაზე მთელი წლის განმავლობაში დედამიწა დაახლოებით ერთსა და იმავე მანძილზეა მზისგან და, შესაბამისად, თანაბარი რაოდენობით იღებს გამოსხივებას. დედამიწის ორბიტის ექსცენტრიულობას ორი განსხვავებული რითმი აქვს - 100,000 წლიანი ციკლი და 400,000 წლიანი ციკლი. ამ მოვლენას, ძირითადად, იუპიტერისა და სატურნის მიზიდულობის ძალა განაპირობებს.

ორბიტის ფორმის ცვლილებასთან ერთად იცვლება დედამიწის მიერ მიღებული მზის გამოსხივების რაოდენობაც. დედამიწის ამჟამინდელი ექცენტრიულობა 0.17-ს წარმოადგენს და ეს ციფრი ეცემა. ეს ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში დედამიწის მიერ მიღებული მზის გამოსხივების რაოდენობა 6.8%-ით ვარირებს, ხოლო მანძილი დედამიწიდან მზემდე - 3.4%-ით (5.1 მლნ კმ). პერიჰელიონი - მომენტი, როდესაც დედამიწა ყველაზე ახლოსაა მზესთან - ამჟამად 3 იანვარს ხდება, ხოლო აპჰელიონი - დედამიწა ყველაზე დიდ მანძილზეა მზისგან - 4 ივლისს.

ექსცენტრიულობის გავლენა კლიმატზე ყოველთვის მცირეა. ის თითქმის შეუმჩნეველია სეზონურ ცვლილებებზე დაკვირვებით. დედამიწის ღერძის დახრილობა ბევრად დიდ გავლენას ახდენს სეზონურ ცვლილებებზე.

წლის დროები დედამიწის ორბიტის მეოთხედებია, რომლებიც ერთმანეთისაგან ორი ბუნიობითა და ორი დღეღამსწორობითაა გამოყოფილი. დედამიწის სიჩქარე ამ ორბიტის გასწვრივ არაა თანაბარი - პერიჰელიონის სიახლოვეს სიჩქარე იზრდება, აპჰელიონთან მიახლოვებისას კი - მცირდება, რაც ნიშნავს, რომ დედამიწა მზის სიახლოეს ნაკლებ დროს ატარებს, ვიდრე მზისგან შორს. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს რომ წლის დროები დედამიწაზე არაა ზუსტად თანაბარი - მათი ხანგრძლიობა იცვლება ექსცენტრიულობასთან ერთად. ამჟამად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ზაფხული 4.66 დღით უფრო გრძელია, ვიდრე ზამთარი, ხოლო გაზაფხული 2.9 დღით გრძელია შემოდგომაზე. რაც უფრო ელიფსურია დედამიწის ორბიტა, მით უფრო დიდია წელიწადის დროებს შორის განსხვავებაც. რადგან ამჟამად ექსცენტრიულობა მცირდება, სეზონები სულ უფრო თანაბარი სიგრძის იქნება.

ღერძის დახრილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის ღერძი დახრილია ორბიტის მიმართ. დახრის კუთხე იცვლება 22.1°-დან 24.5°-მდე. ღერძის დახრილობას 41,000 წლიანი ციკლურობა ახასიათებს. დედამიწის ღერძი ამჟამად 23.44°-ით არის დახრილი. უკანასკნელი მაქსიმუმი ძვ.წ. 8,700 წელს აღინიშნა. დღეს დახრის კუთხე მცირდება და მინიმუმს 11,800 წელს მიაღწევს.

რაც უფრო დახრილია დედამიწის ღერძი, მით უფრო დიდია სეზონური ვარიაცია პლანეტაზე. მეტად დახრილი ღერძი ნიშნავს, რომ ნახევარსფეროები ზაფხულში მეტ მზის გამოსხივებას მიიღებენ, ზამთარში კი - ნაკლებს. თუმცა ეს პროცესი დედამიწის მთელ ზედაპირზე თანაბრად არ მოქმედებს. მეტი დახრილობა ნიშნავს მეტ წლიურ მზის გამოსხივებას მაღალ განედებზე და ნაკლებს - ეკვატორთან. ამჟამად დედამიწის ღერძის დახრილობა მცირდება, რაც უგრო გრილ ზაფხულსა და უფრო თბილ ზამთარს მოგვიტანს. ითვლება, რომ დახრის კუთხის შემცირებამ ასევე ხელი უნდა შეუწყოს ზოგადად ტემპერატურის ვარდნასაც. რადგან პლანეტაზე არსებული ყინულისა და თოვლის საფარი, ძირითადად, მაღალ განედებზეა განლაგებული, არსებობს ორი მიზეზი, თუ რატომ გამოიწვევს ღერძის დახრის შემცირება პლანეტაზე დემპერატურის ვარდნას - ზაფხულის განმავლობაში მიღებული ჯამური მზის გამოსხივება ნაკლებია და ამავდოულად მაღალ განედებზე კიდევ უფრო ნაკლები მზის გამოსხივება იქნება. ეს, თავისთავად, დნობას უშლის ხელს.

ღერძის პრეცესიულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღერძის პრეცესიულობა აღნიშნავს დედამიწის ღერძის დახრის მიმართულებას უძრავი ვარსკვლავების მიმართ. ამ მოვლენას 25,771.5 წლიანი პერიოდულობა ახასიათებს. დედამიწის ღერძის დახრის მიმართულების ცვლილება ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ ვეღარ შევძლებთ ორიენტირებისთვის პოლარისის - ჩრდილოეთის ვარსკვლავის - გამოყენებას, რადგან ის აღარ დაემთხვევა პლანეტის მაგნიტურ პოლუსს. ამ პროცესს იწვევს მზისა და მთვრის მიზიდულობის ძალა. მათ დაახლოებით თანაბარი გავლენა აქვთ პლანეტაზე.