შინაარსზე გადასვლა

მიკულოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მიკულოვი
ჩეხ. Mikulov

წმინდა ჯვრის ამაღლების ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე სამხრეთ მორავიის მხარე
კოორდინატები 48°48′22″ ჩ. გ. 16°38′15″ ა. გ. / 48.80611° ჩ. გ. 16.63750° ა. გ. / 48.80611; 16.63750
მმართველი Jitka Sobotková[1]
პირველი ხსენება 1249
ფართობი 45,32 კმ²
ცენტრის სიმაღლე 242 მეტრი
მოსახლეობა 7 577 (1 იანვარი, 2025)[2]
საფოსტო ინდექსი 692 01[3]
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი http://www.mikulov.cz/
მიკულოვი — ჩეხეთი
მიკულოვი

ლანჟჰოტი (ჩეხ. Mikulov) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ის ბრჟეცლავის რაიონში მდებარეობს. ქალაქის ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

ქალაქის სახელწოდება პირად სახელ მიკულიდან მომდინარეობს და მიკულაშის შემოკლებული ფორმაა. მიკულაში კი ნიკოლოზის ჩეხური ვარიანტია. თავდაპირველად ქალაქს გერმანული სახელი ნიკოლსბურგი ეწოდებოდა, შემდეგ ის ჩეხურ ნიკლშპურკად გადაკეთდა, ხოლო დღევანდელი სახელი მიკულოვი XIX საუკუნიდან არსებობს.[4]

მიკულოვი ქალაქ ბრჟეცლავიდან ჩრდილოე-აღმოსავლეთით, დაახლოებით 18 კილომეტრში მდებარეობს. ის სასაზღვრო ქალაქია და ავსტრიის დრაზენჰოფენის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება.

მიკულოვის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მიკულოვის მთიანეთში მდებარეობს, მცირე ნაწილები კი ქვემო მორავის ხეობასა და დიე-სვრატკას ხეობაში ვრცელდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია ტუროლდის გორა, მისი სიმაღლე 385 მეტრია ზღვის დონიდან.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუშლოვსკისა და ვჩელინეკის ღელეები მიედინება, რომლებიც ქალაქში არსებულ სათევზაო ტბორებს ამარაგებს წყლით. ტბორებიდან ყველაზე დიდია ნოვის ტბორი 31 ჰექტარი ფართობით, მნიშვნელოვანი ტბორია შიბენიკი, მისი ფართობი 23 ჰექტარია.[5]

აღსანიშნავი წყლის ობიექტია იანიჩუვ-ვრხის ხელოვნური ტბა, რომელიც ქვიშაქვის ყოფილ კარიერშია დაგუბებული. მას ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს და ცხელ ამინდებში საცურაოდ გამოიყენება.[6]

მიკულოვის ციხესიმაგრე
წმინდა სებასტიანის სალოცავი
წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური ტაძარი
ისტორიული მოედანი და წმინდა სამების სვეტი
მიკულოვის სინაგოგა
დიტრიხშტაინების სამარხი

მიკულოვი ისტორიულ წყაროებში პირველად 1249 წელს არის მოხსენიებული. ეს ისტორიული წყარო მაკგრაფ ოტოკარ II-ის მიერ გამოცემული სიგელია. ამ სიგელის მიხედვით ოტოკარ II-მ მიკულოვის ციხესიმაგრე და მიმდებარე ტერიტორია ავსტრიელ დიდგვაროვან ჰენრი I ლიხტენშტაინს გადასცა. 1279 წელს ქალაქმა სავაჭრო ქალაქის უფლებები მოიპოვა.[7]

1526 წელს მიკულოვს თავი შეაფარა შვეიცარიის ქალაქ ციურიხიდან გაქცეულმა ანაბაპტისტების ლიდერმა ბალთაზარ ჰუბმაიერმა. მომდევნო წელს მეფე ფერდინანდ I-ის ძალებმა ის შეიპყრეს და დააპატიმრეს. ლიხტენშტაინების საგვარეულო მიკულოვის მამულს 1560 წლამდე ფლობდა. 1572 წელს იმპერატორმა მაქსიმილიან II-მ ეს მიკულოვი ესპანეთის სამეფოს კარზე თავის ელჩ ადამ დიტრიხშტაინს აჩუქა. ამ პერიოდიდან XX საუკუნემდე მიკულოვს სწორედ დიტრიხშტაინები ფლობდნენ.[8]

1575 წლის შემდეგ ქალაქის რენესანსულ სტილში აღმშენებლობა დაიწყო. კარდინალ ფრანც ფონ დიტრიხშტაინის მმართველობის დროს ქალაქი ეკონომიკურ, არქიტექტურულ და კულტურულ ცენტრად გადაიქცა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მორავიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქად ითვლებოდა.[8] 1621 წელს, ოცდაათწლიანი ომის დროს, ფრანც ფონ დიტრიხშტაინმა მიკულოვის ციხესიმაგრეში ტრანსილვანიის უფლისწულ გაბრიელ ბეთლენთან ნიკოლსბურგის ზავი დადო. მიკულოვის ციხეში საკუთარ შეხვედრებს მართავდნენ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიცაა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ფერდინანდ II და ნაპოლეონი.

ქალაქის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტი იყო ფრანც ფონ დიტრიხშტაინის მიერ პიარისტთა ორდენის მოწვევა. მათ აქ დააარსეს სასწავლებელი, აღადგინეს შუა საუკუნეების ეკლესია და საავადმყოფო. 1719 წელს ხანძარმა მიკულოვის ციხესიმაგრე დააზიანა, ამის შემდეგ დიტრიხშტაინების ოჯახმა ციხე ამჟამინდელი სახით აღადგინა. ავსტრია-პრუსიის ომის შემდეგ გრაფმა ალაიოს კაროლიმ ქალაქში საზავო ხელშეკრულებაზე დაიწყო მუშაობა, რაც საფუძვლად დაედო 1866 წლის პრაღის ზავს ავსტრიის იმპერიასა და პრუსიის სამეფოს შორის.

1945 წლამდე ქალაქში გერმანელები უმრავლესობაში იყვნენ. 1890 წლის მონაცემებით გერმანელთა რაოდენობა საერთო მოსახლეობაში 98%-ს შეადგენდა, ხოლო 1930 წლის მონაცემებით 82%-ს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პრეზიდენტ ბენეშის ბრძანებულებების თანახმად მიკულოვიდან გერმანელები გააძევეს და მოსახლეობა ჩეხი ახალმოსახლეებით ჩაანაცვლეს.[9]

მიკულოვი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატის და უნიკალური ისტორიის გამო ჩეხური მეღვინეობის ცენტრია. ქალაქი მორავიის მიკულოვსკას ღვინის ქვერეგიონში მდებარეობს. ჩეხეთის მევენახეობის შესახებ კანონის თანახმად, მიკულოვის შემოგარენში თორმეტი რეგისტრირებული დიდი საკადასტრო ვენახია.[10]

მიკულოვში მდებარე შტაბ-ბინის მქონე უმსხვილესი დამსაქმებელია ელექტროსადენების მწარმოებელი კომპანია „Gebauer a Griller Kabeltechnik“, კომპანიაში 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მეორე აღსანიშნავი სამრეწველო კომპანიაა „Copeland Czech“, ეს კომპანია დგუშიან კომპრესორებსა და კონდესატორებს აწარმოებს, მას 200-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.[11]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა მიკულოვის ციხესიმაგრეა, რომელიც თავდაპირველად რომანულ სტილში ააგეს. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ის რენესანსის სტილში გადააკეთეს, ხოლო XVII საუკუნის ბოლოს - ბაროკოს სტილში. ბოლო მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია 1719 წლის ხანძრის შემდეგ განხორციელდა. დღეს ციხესიმაგრის შენობაში მიკულოვის რეგიონალური მუზეუმია განთავსებული.[7]

ქალაქის ისტორიული მოედანი XVI საუკუნის ბოლოს, ციხესიმაგრის მახლობლად დაარსდა. მის გარშემო XVII საუკუნის პირველ ნახევარში აგებული რენესანსის სტილის სახლებია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახლია „უ-რიტირჟუ“, რომელიც სგრაფიტოს დეკორატიული ტექნიკითაა მორთული. მოედნის შუაგულში მდებარეობს 1700 წელს აგებული შადრევანი და 1723–1724 წლების მონუმენტური ბაროკოს სტილის წმინდა სამების სვეტი.[12]

მიკულოვში რამდენიმე ძველი ტაძარია. რომანული სტილის წმინდა ვაცლავის ეკლესია XV საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა და მასში საძვალეა განთავსებული. ჯერ კიდევ მშენებარე ეკლესია 1426 წელს აქ შემოჭრილმა ჰუსიტებმა დაარბიეს და დაწვეს, სწორედ ამიტომ მისი მშენებლობა დიდ ხანს გაგრძელდა. ამ ტაძრის ადგილზე არსებული ძველი ეკლესიის შესახებ პირველი ისტორიული ცნობა 1276 წლით თარიღდება.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის ბაროკოს სტილის ეკლესია 1679 წელს აკურთხეს და ის პიარისტების სასწავლებელს ეკუთვნოდა. ტაძრის შიდა სივრცე ავსტრიელმა მხატვარმა ფრანც ანტონ მაულბერჩმა მოხატა.

წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური ეკლესია ნეოგოთურ სტილში 1903 წელს აშენდა. სვატი-კოპეჩეკის ბორცვზე წმინდა სებასტიანის სამლოცველო მდებარეობს. სამლოცველოსკენ ჯვრის გზა მიემართება. ამ სამლოცველოს საძირკველში პირველი ქვა 1623 წელს მიკულოვის მამულების მაშინდელმა მფლობელმა ფრანტიშეკ დიტრიხშტაინმა სიმბოლურად დადო, სალოცავი ღვთისადმი მადლიერების ნიშნად აიგო და 1622 წელს მიკულოვზე თავს დამტყდარი შავი ჭირის ეპიდემიისგან გადარჩენას მიეძღვნა.[13]

მიკულოვის ებრაული თემის ისტორიის დათვალიერება ძველ ებრაულ კვარტალში მოწყობილ სპეციალურ ბილიკზეა შესაძლებელი. მიკულოვის სინაგოგა თავდაპირველად XVI საუკუნეში აშენდა და 1719 წლის ხანძრის შემდეგ ბაროკოს სტილში აღადგინეს, ის ე.წ. პოლონური ტიპის ერთადერთი შემონახული სინაგოგაა მორავიაში.[14] სინაგოგაში რაბინ ლევისა და მორავიაში ებრაული განათლების შესახებ ექსპოზიციებია წარმოდგენილი. მიკულოვის დიდი ებრაული სასაფლაო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაული სასაფლაოა ჩეხეთში. ის XV საუკუნის შუა ხანებში დაარსდა. სასაფლაოზე დაახლოებით 4 000 საფლავია. საფლავებთაგან უძველესი 1605 წლით თარიღდება.[15]

მიკულოვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა დიტრიხშტეინების სამარხია. ამ სამარხის ადგილზე თავდაპირველად წმინდა ანას ეკლესია იყო, 1623–1656 წლებში მის ადგილზე ლორეტოს წმინდა სახლის სახელით ცნობილი შენობა აშენდა. XIX საუკუნის შუა ხანებში აქ მიკულოვის მფლობელმა დიტრიხშტაინებმა საკუთარი მიცვალებულების დაკრძალვა დაიწყეს.[16]

მიკულოვში იწყება და მთელ მიკულოვსკას ღვინის ქვერეგიონში გრძელდება ღვინის გზა, მისი სიგრძე 62 კილომეტრია და ღვინის ტურიზმის მთავარ ღირსშესანიშნაობებს მოიცავს.[17]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://zpravodajmikulov.cz/aktuality/zpravy-z-radnice/7432-nove-vedeni-mesta — 2022.
  2. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  3. Register of territorial identification, addresses and real estates
  4. Etymologie: Mikulov, Boskovice, Žďár nad Sázavou cs. Ptejte se knihovny. National Library of the Czech Republic. ციტირების თარიღი: 2024-06-14
  5. Včelínek cs. Moravské Karpaty. ციტირების თარიღი: 2022-05-23
  6. Lom U Mariánského mlýna nedaleko Mikulova cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-05-23
  7. 7.0 7.1 Chateau in Mikulov. Regional Museum in Mikulov. ციტირების თარიღი: 2021-11-08
  8. 8.0 8.1 Historie města cs. Město Mikulov. ციტირების თარიღი: 2022-05-23
  9. Na mikulovský zámek se provdala Perchta, Napoleon v něm roztrhal pohovku cs. iDNES.cz (2020-07-09). ციტირების თარიღი: 2024-06-14
  10. Zákon č. 321/2004 Sb. o vinohradnictví a vinařství a o změně některých souvisejících zákonů (zákon o vinohradnictví a vinařství) cs. ციტირების თარიღი: 2020-09-29
  11. Registr ekonomických subjektů cs. Business Register. Czech Statistical Office. ციტირების თარიღი: 2025-03-14
  12. Historické náměstí cs. Město Mikulov. ციტირების თარიღი: 2022-05-23
  13. Církevní památky cs. Město Mikulov. ციტირების თარიღი: 2022-05-23
  14. Synagoga cs. Město Mikulov. ციტირების თარიღი: 2024-06-14
  15. Židovský hřbitov a obřadní síň cs. Město Mikulov. ციტირების თარიღი: 2022-05-23
  16. Dietrichsteinská hrobka cs. Město Mikulov. ციტირების თარიღი: 2024-06-14
  17. Mikulovská vinařská stezka cs. Moravské vinařské stezky. ციტირების თარიღი: 2024-06-14
  18. Partnerská města cs. Město Mikulov. ციტირების თარიღი: 2025-03-14