შინაარსზე გადასვლა

მიზიკ-რასინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯგუფი „RAM სასტუმრო ოლოფსონში, პორტ-ო-პრენსი, 1998.
ჯგუფი „RAM“ 2006 წელს.

მიზიკ-რასინი (კრეოლ. Mizik rasin - ფესვების მუსიკა) — მუსიკალური მიმდინარეობა, ჩაისახა ჰაიტიზე 1987 წელს, როდესაც ადგილობრივმა მუსიკოსებმა დაიწყეს ტრადიციული ვუდუს ცერემონიებისა და ფოლკლორული მუსიკის ელემენტების შერწყმა როკ-ენდ-როლთან. ამ თანამედროვე მუსიკის ფესვები ღრმად არის გამჯდარი ვუდუს ტრადიციებში და მას ადგილობრივად ხშირად უბრალოდ რასინს (ფესვები) უწოდებენ.

რასინის ჯგუფები ვუდუს ცერემონიებსა და ფოლკლორს ხშირად უხამებენ როკს. ჰაიტიური ვუდუს მუსიკალური ტრადიცია ხასიათდება აფრიკული წარმოშობის მშვიდი რადა (rada) რითმებითა და ახალი სამყაროს ცხელი პეტრო (petro) რითმებით. რასინის ჯგუფები თავიანთ მუსიკაში ორივე სტილს აერთიანებენ, თუმცა იშვიათად ერთსადაიმავე სიმღერაში. ძირითად საყვირისა და დოლის რითმებს ერწყმის მელოდიები, ნასესხები როკ-ენდ-როლის, პანკის და ამერიკული პოპ-მუსიკის სტრუქტურიდან. ტიპური რასინის ინსტრუმენტაცია შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა დასარტყამ ინსტრუმენტს, რარა საყვირებს, ელექტრო კიბორდებს, ელექტრო გიტარებს და ერთს ან რამდენიმე ვოკალისტს.

რასინის სიმღერათა უმრავლესობა კრეოლშია დაწერილი და ხშირად შეიცავს ტრადიციულ ვუდუს ცერემონიულ ლირიკასა ან პოეზიას. ტრადიციული ვუდუ თემებია დაკარგულობის ან გაუცხოების შეგრძნება, განკითხვისა და სამართლის საჭიროება, ან წინაპართა მიწასთან შეერთების მძაფრი სურვილი. მრავალ სიმღერაში ლირიკას ორმაგი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება გაგებულ იქნას როგორც სოციალური ან პოლიტიკური კომენტარი. სიმღერებში ხშირად ასევე ხაზგასმულია ტოლერანტობის, რწმენის, სამართლიანობისა და უნივესალური სიყვარულის სპირიტუალური თემები. მუსიკა ცოცხალია და რითმული და, ისევე როგორც ვუდუს ცერემონიების მუსიკა, განკუთვნილია საცეკვაოდ.

რასინის მიმდინარეობა ჰაიტიზე 1987 წელს დიქტატორი ჟან-კლოდ დუვალიეს ქვეყნიდან განდევნიდან მცირე ხანში დაიწყო. ჟან-კლოდისა და მისი მამის, ფრანსუა დუვალიეს რეჟიმის პერიოდში მთავრობამ საკუთარი ავტორიტეტი დაამყარა ვუდუს რელიგიურ ტრადიციებზე და ინტენსიურად იყენებდა მას საკუთარი უხეში მმართველობის გასამყარებლად და მორჩილების განსამტკიცებლად. ჟან-კლოდ დუვალიეს ქვეყნიდან გაქცევას ყოფილი რეჟიმის მჩაგვრელი ელემენტებისგან მასიური წმენდა მოჰყვა, შედეგად ვუდუს რელიგია მთავრობის კონტროლისგან განთავისუფლდა. დუვალიეს პერიოდის აკრძალვის გადავარდნის შემდეგ ადგილობრივმა მუსიკოსებმა მყისვე დაიწყეს ტრადიციული ვუდუს ფოკლორის მუსიკალურ რითმებსა და ლირიკაში გამოყენება, რასაც შედეგად ახალი ჟანრის დაბადება მოჰყვა.

ახალმა მიმდინარეობამ რეჟიმის გადავარდნის შემდეგ დაბრუნებული ჰაიტიელი ამერიკელების და ჰაიტის დიასპორის ყურადღებაც მიიპყრო. განსაკუთრებით პირველ პერიოდში რასინის ჯგუფები ხშირად პოლიტიკურ თემებს იყენებდნენ საკუთარ სიმღერებში. ბუკმან ეკსპერიანსის "Ke'm Pa Sote" (მე არ მეშინია) 1990 წლის პორტ-ო-პრენსის კარნავალის ყველაზე პოპულარული სიმღერა იყო და მისი ორმაგი მნიშვნელობა საყოველთაოდ აღიქმებოდა როგორც გენერალ პროსპერ ავრილის კორუმპირებული სამხედრო მთავრობის კრიტიკა. პრეზიდენტ ჟან-ბერტრან არისტიდის ხუნტის მიერ გადაყენებიდან რამდენიმე თვეში მოწყობილ 1992 წლის კარნავალზე პირველად შესრულდა ჯგუფი ”რამ”-ის სიმღერა "Fèy" (ფოთოლი). მიუხედავად იმისა, რომ ამ ვუდუს ფოლკრორული ელემენტებით შექმნილ სიმღერას რაიმე პოლიტიკური მინიშნება არ ჰქონია, ის სწრაფად აიტაცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მალე არისტიდის მხარდაჭერის საყოველთაო ჰიმნი გახდა. 1992 წლის ზაფხულს, შეშფოთებულმა სამხედრო მმართველობამ სიმღერის შესრულება ან მოსმენა აკრძალა.

პოპულარული მუსიკალური ბენდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]