მთისძირის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მთისძირის ეკლესია (ყვარლის მუნიციპალიტეტი).

მთისძირის პირველი ეკლესია — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ მთისძირის ჩრდილოეთით 1,5 კმ-ზე, ტყეში მდინარე არეშის მარჯვენა ნაპირზე. მდინარისა და მისი ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადი ღელის გამყოფ ქედზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დგას მოზრდილი ეზოს შუაში, რომელიც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მდინარისა და ღელის ციცაბო ნაპირებითაა მოსაზღვრული სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი სქელი (სისქე 1,2 მეტრი) კედლით, რომელიც მდინარისა და ღელის ნაპირებს შორისაა და წინიდან მთელ სიგრძეზე, დამცავი თხრილი გასდევს.

ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (12,8 x 8,7 მეტრი), ნაგებია რიყის მსხვილი ქვით და კირის ხსნარით, სავარაუდოდ, თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. 1980 წელს გათხარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არეშის არქეოლ ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ლ. ჭილაშვილი). ეკლესია ძლიერაა დაზიანებული. მისგან არსებითად მხოლოდ საკურთხევლის ნაწილიღა დგას (მაქსიმალური სიმაღლე 2.2 მეტრია) დანარჩენი კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია.

მთავარ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს; სამხრეთიდან და დასავლეთიდან. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია საკმაოდ ღრმა, ნალისებრი ფორმის აფსიდით, რომლის ჩრდილოეთით მსგავსი ფორმის აფსიდით დასრულებული სათავსია - სამკვეთლო, რომელსაც მთავარი ეკლესია ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილი კარით უკავშირდება. მთავარი ეკლესიის კედლების გასწვრივ შემორჩენილია საფეხურის ფრაგმენტები. სამხრეთ და ჩრდილოეთ ეკლესიები მთავარ ეკლესიაზე გაცილებით უფრო ვიწროა (სიგანე 13 მეტრი). მათგან სამხრეთ ეკლესია ნალისებრაფსიდიანია, ხოლო ჩრდილოეთისა - უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედელითაა დასრულებული. სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედელი მთლიანად დანგრეულია და მისი გეგმარება არ ირკვევა. ეკლესია დაბურული ყოფილა დარისებრი და ბრტყელი კრამიტით.

ეკლესიის გათხრისას აღმოჩნდა ლუთერიის (ტუჩიანი ლანგარი), წითელკეციანი ჯამისა და თეფშის ფრაგმენტები, მთის ბროლის მძივი, აქატის მძივის ნატეხი და სხვა. განათხარი მასალის მიხედვით, როგორც ჩანს, ეკლესია IX საუკუნე საუკუნის ახლო ხანებამდე ფუნქციორებდა.

ეკლესიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 მეტრ მანძილზე, დგას რიყის ქვის მშრალი წყობით ნაგები, დარბაზული (9,8 x 5,1 მეტრი) ეკლესია (შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრია); შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის იატაკი მოგებულია მსხვილი ქვებით. იგი შესაძლებელია თიხით იყო მოლესილი, აფსიდის შუაში, კედელზე, მიშენებულია მსხვილი ქვებით ნაგები ტრაპეზი. აფსიდის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა ამაღლებული და მოწყობილი აქვს ოთხკუთხა ამბიონი. შენობა გადახურული იყო ღარისებრი და ბრტყელი კრამიტით.

ეკლესიის გათხრისას, კრამიტის ნატეხებთან ერთად, აღმოჩნდა წითელკეციანი ჯამის ფრაგმენტი, რომელიც IV-VI საუკუნეებით თარიღდება.

ეკლესიებიდან დასავლეთით, ღელის მარჯვენა მაღალ ნაპირზე, გაითხარა ნასახლარი - ორი გვერდი-გვერდ მდგარი ნაგებობა, რომელთა თარიღი, არქეოლოგიური მასალის მიხედვით, შეიძლება VI საუკუნით-XI საუკუნით განისაზღვროს. მათგან ერთი, შედარებით მოზრდილია (11,8 x 7,75 მეტრზე), გეგმით ტრაპეციული. დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. შენობა ნაგები ყოფილა დიდი ზომის რიყის ქვებით და კირის ხსნარით. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,1 მეტრია, იატაკი თიხატკეპნილია. იატაკზე, დამწვარი სახურავის კრამიტის ნატეხებთან ერთად, გამოვლინდა ხანძრის შედეგად სანახევროდ გამომწვარი ალიზის აგურებიც (21 x 20 x 6 სანტიმეტრი). როგორც ჩანს, კედლების ნაწილი ალიზისა უნდა ყოფილიყო. შენობა გადახურული იყო ბრტყელი და ღარისებრი კრამიტით. ღარისებრი კრამიტები სხვადასხვაგვარადაა მორთული (ორ პარალელურ ხაზს შორის ჩასმული სამკუთხედები - ფუძეების შენაცვლებით, ხაზოვანი ორნამენტები, რომელიც მოიცავს კრამიტის მთელ ზედაპირს, ოვალები შუაში კოპებით, ჯვრის გამოსახულებები). ბრტყელი ნატეხის ორ კრამიტზე შემორჩენილია ქართული ასოები, აღმოჩნდა ლუთერია (VI-VIII საუკუნეები), მოჭიქული ჯამების ფრაგმენტები (IX საუკუნე), ანგობით მოხატული, მოჭიქული ნატეხი.

ნაგებობის აღმოსავლეთით, 0,7 მეტრ მანძილზე, დგას ოდნავ პატარა, გეგმით ოთხკუთხა (5,4 x 6,2 მეტრი) ნაგებობა. იგი ნაგებია უფრო მარტრივად ვიდრე პირველი - ქვიშაქვით და ნატეხი ქვით, ტალახის ხსნარზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ნაგებობის წმენდის დროს გამოჩნდა დამწვარი ძვლების და ალიზის აგურების ფენა. ნაგებობა გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარისებრი კრამიტით. კრამიტები სადაა. ნაგებობების ცენტრში, დალეწილი კრამიტის ფენაში დადასტურდა ბავშვის უინვენტარო სამარხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]