მთვარის ხილული მხარე

მთვარის ხილული (წინა) მხარე — მთვარის ზედაპირის ნაწილი, რომელიც დედამიწიდან იმზირება.
სინქრონული ბრუნვის გამო, მთვარის დედამიწის გარშემო ბრუნვის პერიოდი და მისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი ემთხვევა, ამიტომ დედამიწიდან მთვარის მხოლოდ ერთი ნახევარსფეროს დაკვირვებაა შესაძლებელი. ეს სინქრონიზაცია განპირობებულია დედამიწიდან მომდინარე მოქცევითი ძალების ზემოქმედებით მთვარეზე მასის განაწილების არათანაბარობაზე.
ლიბრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მთვარის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო და დედამიწის გარშემო იდეალურად ზუსტად არ ემთხვევა: მთვარე დედამიწის გარშემო ცვალებადი კუთხური სიჩქარით ბრუნავს მთვარის ორბიტის ექსცენტრიულობის გამო (კეპლერის მეორე კანონი) - ის უფრო სწრაფად მოძრაობს პერიგეასთან და უფრო ნელა აპოგეასთან. თუმცა, მთვარე თანაბრად ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო. ეს საშუალებას აძლევს მთვარის შორეული მხარის დასავლეთ და აღმოსავლეთ კიდეებს დედამიწიდან ჩანდეს.
არსებობს რამდენიმე სახის მთვარის ლიბრაცია:
- მთვარის რხევა აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით, ეგრეთ წოდებული ოპტიკური (გეომეტრიული) ლიბრაცია გრძედზე (მაქსიმალური სიდიდე 7° 45'), რაც იმის შედეგია, რომ მთვარე ბრუნავს მუდმივი კუთხური სიჩქარით, ხოლო დედამიწის ირგვლივ გარემოიქცევა არათანაბარი სიჩქარით.
- მთვარის ოპტიკური ლიბრაცია განედზე წარმოადგენს მთვარის რხევებს ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით (მაქსიმალური სიდიდე 6° 41'), რაც გამოწვეულია მთვარის ბრუნვის ღერძის დახრით მთვარის ორბიტის სიბრტყის მიმართ. ამის გამო დედამიწისაკენ დროდადრო მოქცეულია მთვარის ხან სამხრეთი, ხან კი ჩრდილოეთი პოლუსი.
- დღეღამური ანუ პარალაქსური მთვარის ლიბრაცია (მაქსიმალური სიდიდე ~1°) აიხსნება იმით, რომ დამკვირვებელი დედამიწის ღერძული ბრუნვის გამო გადაადგილდება სივრცეში და მთვარეს დაინახავს სხვადასხვა მიმართულებიდან.
მთვარის ლიბრაციის გამო დედამიწიდან შეიძლება დავაკვირდეთ მთვარის ზედაპირის ნახევარზე მეტს (~59%).
არსებობს კიდევ მთვარის ჭეშმარიტი ანუ ფიზიკური ლიბრაცია (მაქსიმალური სიდიდე ~2'), რაც გამოწვეულია მთვარის სამღერძა ელიფსოიდზე დედამიწის გრავიტაციული ზემოქმედებით.
მთვარის ზედაპირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1959 წლამდე, როდესაც მთვარის უკანა მხარე პირველად იქნა გადაღებული, სელენოგრაფიის კველევის ობიექტი მხოლოდ ხილული მხარე წარმოადგენდა. რადგან მთვარის ზედაპირის ძირითადი მახასიათებლები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რუკების შედგენა დიდი ხნის წინ დაიწყო და XVII საუკუნეში ტელესკოპის გამოგონების შემდეგ, სელენოგრაფიამ ახალ დონეს მიაღწია. 1651 წელს იტალიელმა ასტრონომმა ჯოვანი რიჩოლიმ მთვარის ზედაპირის მრავალ ობიექტს სახელები მიანიჭა, რომელთაგან ბევრი დღესაც გამოიყენება.
დედამიწიდან მთვარეზე სხვადასხვა სელენოლოგიური დეტალების დანახვაა შესაძლებელი - ზღვები, კრატერები, მთები და ქედები, ნაპრალებები და ნაოჭები.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, მთვარის ხილულ მხარეს ზღვის ლავის საფარი მნიშვნელოვნად უფრო ძველია, ვიდრე უკანა მხარის; ასაკობრივი სხვაობა შეიძლება ნახევარი მილიარდი წელიც იყოს.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 667-668.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lunar and Planetary Institute: Exploring the Moon
- Lunar and Planetary Institute: Lunar Atlases (archived 18 December 2011)
- Ralph Aeschliman Planetary Cartography and Graphics: Lunar Maps (archived 6 February 2004)
- NASA's Gravity Recovery and Interior Laboratory (GRAIL) Mission დაარქივებული 2022-11-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Новости: Невидимая сторона Луны моложе видимой. ციტირების თარიღი: 2011-03-26
| ||||||||||||||||||||||