მთვარის ლიბრაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მთვარის ლიბრაცია თვის განმავლობაში

მთვარის ლიბრაცია (ლათ. lībrātiō — „რწევა“) — დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისათვის მთვარის ხილული რხევები.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს რამდენიმე სახის მთვარის ლიბრაცია:

  1. მთვარის რხევა აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით, ეგრეთ წოდებული ოპტიკური (გეომეტრიული) ლიბრაცია გრძედზე (მაქსიმალური სიდიდე 7° 45'), რაც იმის შედეგია, რომ მთვარე ბრუნავს მუდმივი კუთხური სიჩქარით, ხოლო დედამიწის ირგვლივ გარემოიქცევა არათანაბარი სიჩქარით.
  2. მთვარის ოპტიკური ლიბრაცია განედზე წარმოადგენს მთვარის რხევებს ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით (მაქსიმალური სიდიდე 6° 41'), რაც გამოწვეულია მთვარის ბრუნვის ღერძის დახრით მთვარის ორბიტის სიბრტყის მიმართ. ამის გამო დედამიწისაკენ დროდადრო მოქცეულია მთვარის ხან სამხრეთი, ხან კი ჩრდილოეთი პოლუსი.
  3. დღეღამური ანუ პარალაქსური მთვარის ლიბრაცია (მაქსიმალური სიდიდე ~1°) აიხსნება იმით, რომ დამკვირვებელი დედამიწის ღერძული ბრუნვის გამო გადაადგილდება სივრცეში და მთვარეს დაინახავს სხვადასხვა მიმართულებიდან.

მთვარის ლიბრაციის გამო დედამიწიდან შეიძლება დავაკვირდეთ მთვარის ზედაპირის ნახევარზე მეტს (~59%).

არსებობს კიდევ მთვარის ჭეშმარიტი ანუ ფიზიკური ლიბრაცია (მაქსიმალური სიდიდე ~2'), რაც გამოწვეულია მთვარის სამღერძა ელიფსოიდზე დედამიწის გრავიტაციული ზემოქმედებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]