მე ვარ გრეტა
მე ვარ გრეტა — საერთაშორისო კოპროდუქციის დოკუმენტური ფილმი, რომელიც რეჟისორმა ნეითან გროსმანმა 2020 წელს გადაიღო. ფილმი კლიმატის ცვლილების აქტივისტ გრეტა ტუნბერგს ეხება. 2020 წლის 3 სექტემბერს ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა 77-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო 2020 წლის 13 ნოემბერს Hulu-ზე გამოვიდა.
მთავარი გმირის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრეტა ტუნბერგი (შვედ. Greta Tintin Eleonora Ernman Thunberg; დ. 3 იანვარი, 2003) — შვედი გარემოსდაცვითი აქტივისტი, რომელიც 15 წლის ასაკიდან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იბრძვის. პირველად 8 წლის ასაკში დაინტერესდა კლიმატის ცვლილებისა და ამ ცვლილებით გამოწვეული მძიმე შედეგების შესახებ და იმდენად განიცადა მიღებული ინფორმაცია, რომ დეპრესიაში ჩავარდა, შეწყვიტა საუბარი და ჭამა, რის გამოც დაკარგა 10 კილოგრამი. გრეტას დაუდგინეს ასპერგერის სინდრომი. გრეტა 3-4 წლის განმავლობაში ებრძოდა დეპრესიას და თავის პირველ გამოსვლაში თავისი მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა — აღნიშნა, რომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში საუბრობს და ეს მისი კომფორტის ზონა არაა.
გრეტას თავდაპირველად არ ჰქონდა მხარდაჭერა ოჯახის მხრიდან. გრეტას მამის თქმით, ამის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ გრეტა სკოლას ხშირად აცდენდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ მას, რომ მას სურს პროტესტი. მას შეუძლია სახლში იჯდეს და იყოს ნამდვილად უბედური, ან გააპროტესტებს და ბედნიერი იქნება“.[1]
გრეტას აზრით, გლობალური დათბობის გამო კაცობრიობა ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის, მისი საქმიანობა კი პასუხისმგებლობის გრძნობას უზრდის მოზრდილთა დღევანდელ თაობას. გლობალური დათბობის პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად ხშირად ბიზნესმენებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე უხეშად საუბრობს.
გრეტას მიერ წამოწყებულმა „სასკოლო გაფიცვებმა“ საერთაშორისო გამოხმაურება მოიპოვა და ახალგაზრდები მას მთელი მსოფლიოდან შეუერთდნენ.
კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდის, გრეტას საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით გადაღებული ფილმი „მე ვარ გრეტა“ ბევრი ახალგაზრდისათვის მამოტივირებელი გახდა.
გრეტა ორჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე.
აქტივიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრეტას სამოქალაქო აქტივიზმი და შესაბამისად, ფილმის თემატიკა უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, რომელიც მოიაზრებს გლობალურ ბუნებრივ ცვლილებებს.
გლობალური ბუნებრივი ცვლილებები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კონტინენტებისა და ოკეანეების ზომების ცვლა და მათი ორმხრივი განლაგება, ატმოსფეროს გამჭვირვალობის შეცვლა, მზის ნათების ცვლა, დედამიწის ორბიტის პარამეტრების შეცვლა, ატმოსფეროს სათბურის აირების კონცენტრაციის ცვლა (СО2 და CH4), ოკეანის სიღრმეში არსებული სითბოს რაოდენობის ცვლა და სხვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Crouch, David (1 September 2018). „The Swedish 15-year-old who's cutting class to fight the climate crisis“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 January 2019. ციტირების თარიღი: 12 May 2019.