მეჰმედი (აჰმედ I-ის ვაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეჰზადე მეჰმედი
მშობლიური სახელი Şehzade Mehmed
დაბადების თარიღი 8 მარტი, 1605
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 12 იანვარი, 1621
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების მიზეზი სიკვდილით დასჯა
დაკრძალულია სულთან აჰმედის მეჩეთი
რელიგია ისლამი
მშობლები მამა: აჰმედ I
დედა: ქიოსემ სულთანი

შეჰზადე მეჰმედი (თურქ. Şehzade Mehmed; დ. 8 მარტი 1605, სტამბოლი — გ. 12 იანვარი 1621, იქვე) — ოსმალეთის სულთნის, აჰმედ I-ისა და მისი კანონიერი მეუღლის, ქიოსემ სულთნის ვაჟი. ითვლებოდა იმპერიის ტახტის მემკვიდრედ 1618–1621 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჰზადე მეჰმედი 1605 წელს სტამბოლში დაიბადა. იგი აჰმედ I-ისა და ქიოსემ სულთნისთვის პირველი შვილი იყო. მეჰმედი ტრადიციისამებრ, თოფქაფის სასახლეში აღიზარდა. 1617 წელს აჰმედ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო მეჰმედის უფროსი ნახევარძმა ოსმან II. მისი გამეფების შემდეგ კი, წესის მიხედვით ყველა შეჰზადე სიკვდილით უნდა დასჯილიყო. მიუხედავად იმისა, რომ აჰმედ I-მა 14 წლის წინ ეს ტრადიცია დაარღვია და ძმა მუსტაფა სიკვდილით არ დასაჯა, ქიოსემ სულთანს მაინც ეშინოდა ოსმანის. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ქიოსემმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ტახტზე მეჰმედის ბიძა, მუსტაფა I ასულიყო.

მუსტაფა გონებრივად სუსტი იყო, ამიტომ მისი მმართველობა მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა. 1618 წელს ტახტზე ოსმან II ავიდა. მან მიბაძა მამას და მეჰმედი და სხვა ძმები სიკვდილით არ დასაჯა. გამომდინარე იქიდან, რომ ოსმანი მხოლოდ 14 წლის იყო და შვილები არ ჰყავდა, ტახტის მემკვიდრედ სწორედ შეჰზადე მეჰმედი ითვლებოდა.

1621 წელს ოსმან II ლაშქრობაში უნდა წასულიყო პოლონეთთან საბრძოლველად. როცა იგი დედაქალაქში არ იქნებოდა, შანსი იყო, რომ ქიოსემ სულთანს ეს გამოეყენებინა და ტახტზე სწორედ შეჰზადე მეჰმედი აეყვანა. გამომდინარე იქიდან, რომ მეჰმედია ქოსემის შვილი იყო, იგი იანიჩარების დიდი სიყვარულითაც სარგებლობდა, ამიტომ ოსმანისთვის მისი ლაშქრობაში წაყვანაც სახიფათო იყო. სულთანს შეეშინდა ტახტის დაკარგვის და ბრძანა, რომ მეჰმედი სიკვდილით დაესაჯათ. 1621 წლის 12 იანვარს შეჰზადე მეჰმედი სიკვდილით დასაჯეს. იგი დაკრძალულია ცისფერ მეჩეთში, მამის გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Boyar, Ebru; Fleet, Kate (2010). A Social History of Ottoman Istanbul. Cambridge University Press, გვ. 42. ISBN 1139484443, 9781139484442 Invalid ISBN.