მეფის ნამცხვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ საფრანგეთის სტილის მეფის ნამცხვარი

მეფის ნამცხვარი (ინგ. king cake; ასევე უწოდებენ: "სამეფო ნამცხვარს"; kingcake; kings' cake; king's cake ან three kings' cake) არის ნამცხვრის სახეობა, რომელიც დაკავშირებულია რიგ ქვეყნებში ნათლისღების დღესასწაულთან საშობაო სეზონის ბოლოს; სხვა ადგილებში, ეს ასოცირდება მარდი-გრას/კარნავალის დღესასწაულებთან, რომელთაც აღნიშნავენ ქრისტიანული მარხვის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ.

ამ დესერტის თავდაპირველი ვერსია 300 წლის წინ შეიქმნა და წარმოადგენდა მშრალი, ფრანგული ტიპის პურის ცომს, ზემოდან შაქრით და შიგნით ლობიოთი, დღესღეობით კი, მისი უამრავი ვერსია არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში. ზოგი მეფის ნამცხვარი მზადდება ტკბილი ბრიოშის ცომით, არის მრგვალი და ზემოდან ფერადი შაქრით ამშვენებენ. ასი ათასობით მეფის ნამცხვარს მიირთმევენ ახალ ორლეანში კარნავალის სეზონზე. სხვა ქვეყნებში მეფის ნამცხვრებს ამზადებენ ძალიან ფაფუკი და ფუმფულა ცომით და ხანდახან, შიგთავსსაც უმატებენ. ნამცხვარში დამალულია მინიატურული ქანდაკება და ადამიანს, რომლის ხელშიც მოხვდება ეს ფიგურა, ეძლევა უამრავი პრივილეგია და ვალდებულება.[1][2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"მეფის ნამცხვარს" თავისი სახელი ბიბლიური მეფეებისგან აქვს მიღებული. დასავლეთ ქრისტიანულ საეკლესიო ტრადიციაში ნათლისღების დღესასწაული 6 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს ქრისტიანები აღნიშნავენ მაგის სტუმრობას ბავშვ იესოსთან. ნათლისღების ღამე (5 იანვრის ღამე) ხალხში ცნობილია როგორც მეთორმეტე ღამე (შობის თორმეტი დღე ითვლება 25 დეკემბრიდან ამ ღამემდე). მეფის ნამცხვრის სეზონი გრძელდება შობის თორმეტი დღის დასასრულიდან მარდი-გრას დღესასწაულამდე, დიდმარხვის დაწყების წინა დღეს. ზოგიერთ ორგანიზაციას ან მეგობრულ წრეს შეიძლება ჰქონდეს "მეფის ნამცხვრის წვეულებები" ყოველ კვირას კარნავალის სეზონის განმავლობაში. პორტუგალიასა და საფრანგეთში, ადამიანი, ვინც მიიღებს დამალულ ფიგურას, ვალდებულია იყიდოს მეფის ნამცხვარი მომდევნო შეხვედრისთვის.

კატალონიური ტორტელი

შობიდან ნათლისღებამდე ძალიან პოპულარულია ბელგიაში, საფრანგეთში, კვებეკში, შვეიცარიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ლათინურ ამერიკაში, საბერძნეთში, კვიპროსსა და ბულგარეთში.

შეერთებულ შტატებში, კარნავალი ტრადიციულად აღინიშნება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, განსაკუთრებით ახალ ორლეანში, სენტ-ლუისის ყურეში, პენსაკოლაში, გალვესტონში და მისისიპის ყურის სანაპიროს სხვა ქალაქებში. ამ რეგიონებში, მეფის ტორტი მჭიდროდაა დაკავშირებული მარდი გრას ტრადიციებთან. ეს ნამცხვარი ამერიკაში საფრანგეთიდან, 1870 წელს შემოვიდა.[3]

მსგავსი დესერტებია კატალონიაში tortell, პროვანსში gâteau des Rois ან reiaume, ჩრდილოეთ საფრანგეთში galette des Rois , პორტუგალიაში bolo rei და საბერძნეთში და კვიპროსში vasilopita.

ბრიტანეთში მეფის ნამცხვარი საშობაო ნამცხვრით ჩაანაცვლეს, მაგრამ დღემდე ინაჩუნებენ ლობიოს მარცვლის ან მინიატურის ტრადიციას. ადამიანი, რომელსაც მოუეწვს ნაჭერი ლობიოს მარცვლით, მიიჩნევა სუფრის მეფედ.

მსოფლიოს გარშემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ საფრანგეთის მეფის ნამცხვარი

საფრანგეთში ნამცხვრის სამი ვარიანტი არსებობს: ჩრდილოეთ საფრანგეთში, კვებეკში და ბელგიაში ტორტი სახელწოდებით galette des rois ან Koningentaart (რომელიც შეიძლება იყოს წრიული ან მართკუთხა) შედგება ფაფუკი ფენებისგან, ვაშლის ან ნუშის შიგთავსით. საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში მზადდება sablé galette, ტკბილი ნამცხვარი გარედან ხრაშუნა ქერქით. სამხრეთ საფრანგეთში - ოქსიტანიაში, რუსილონში, პროვანსში ტორტი gâteau des rois ეწოდება მრგვალ ბრიოშს, დაშაქრული ხილითა და შაქრით, ფორმითა და ფერით მსგავსია გვირგვინისა.

ადრე ნამცხვარი იჭრებოდა ერთით მეტ ნაჭრად იმაზე, რამდენი სტუმარიც იყო. უკანასკნელ ნაჭერს "ღვთის წილს", "ღვთისმშობლის წილს" ან "ღარიბთა წილს" უწოდებდნენ და განკუთვნილი იყო ღარიბი ადამიანებისთვის.[4]

პორტუგალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Bolo-rei, (პორტ. მეფის ნამცხვარი) არის ტრადიციული პორტუგალიური ნამცხვარი, რომელსაც ჩვეულებრივ საშობაოდ, 25 დეკემბრიდან ნათლისღებამდე მიირთმევენ. ეს არის სადღესასწაულო დესერტი პორტუგალიის ნებისმიერ სახლში.[5]

Bolo-rei-ს რეცეპტის ადაპტირება მოხდა Gâteau des Rois-დან, რომელიც მე-19 საუკუნეში აღმოჩნდა პორტუგალიაში. ნამცხვარი ჰგავს გვირგვინს[6], რომელიც დაფარულია კრისტალიზებული და გამხმარი ხილით.[7][8] ის ცხვება რბილი, თეთრი ცომისგან, ქიშმიშით და სხვადასხვა კაკლით. მცირე პრიზს (ჩვეულებრივ პატარა მეტალის სათამაშო) ასევე მალავდნენ ცომში, მაგრამ ეს პრაქტიკა შეწყდა 90-იანი წლების შუა წლებიდან, დახრჩობის საშიშროების გამო.

2009 წელს, ქალაქ ოლჰაოში გამოაცხვეს გიგანტური ბოლო-რეი 70 მეტრი სიგრძის და წონა დაახლოებით 200 კილოგრამი მასის. [9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]