ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მეფის დაბრუნება (ფილმი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეჭდების მბრძანებელი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება
ჟანრი ეპიკური ფენტეზი
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება მეფის დაბრუნება
- ჯ.რ.რ. ტოლკინი
როლებში
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
ოპერატორი ენდრიუ ლესნი
მონტაჟი
მხატვარი
  • ჯონ ბლეიკლი
  • საიმონ ბრაიტი
  • დენ ჰენა
  • ფილიპ აივი
  • მარკ რობინსი
  • ალან ლი
  • ჯონ ჰაუ
სტუდია
დისტრიბუტორი New Line Cinema
გამოსვლის თარიღი
  • 1 დეკემბერი 2003 (2003-12-01) (ველინგტონი (პრემიერა))
  • 17 დეკემბერი 2003 (2003-12-17) (აშშ)
  • 18 დეკემბერი 2003 (2003-12-18) (ახალი ზელანდია)
ხანგრძლივობა 201 წთ.[1]
ქვეყანა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 94 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 1.120.000.000 აშშ დოლარი [2]
წინა: ორი ციხე-კოშკი
საიტი: ოფიციალური საიტი

ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება (ინგლ. The Lord of the Rings: The Return of the King) — 2003 წლის ეპიკური ფენტეზის ჟანრის ფილმი. მისი რეჟისორია პიტერ ჯექსონი. ფილმი ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ მესამე წიგნს, „მეფის დაბრუნება“.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლა გონდორისათვის და არაგორნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის დასაწყისში ნაჩვენებია სმეაგოლის მიერ დეაგოლის მკვლელობა, ბეჭდის მითვისების ამბავი და ის, თუ როგორ იქცა სმეაგოლი გოლუმად.

არაგორნი, ლეგოლასი, განდალფი, თეოდენი და სხვები იზენგარდის ნანგრევებზე ხვდებიან პიპინსა და მერის. ენტების მიერ დანგრეული იზენგარდის მიდამოებში ისინი პოულობენ პალანტირს. ღამით პიპინი მასში იხედება და ხედავს თეთრ ხეს. ამით განდალფი მიხვდება, რომ საურონი აპირებს იერიშის მიტანას მინას ტირითზე. პიპინთან ერთად იგი მინას ტირითში ეწვევა მოურავ დენეთორს, რომელიც დაღუპული ბორომირის მამაა. შვილის სიკვდილით დამწუხრებული მმართველის წინაშე პიპინი აცხადებს, რომ მზად არის სიცოცხლის ბოლომდე ემსახუროს, ვინაიდან მისი შვილი სწორედ მისი და მერის დაცვისას მოკლეს. განდალფი აფრთხილებს დენეთორს, რომ საურონი აპირებს მინას ტირითის აღებას და სთავაზობს როჰანის ძალების შემოერთებას. დენეთორი უბრძანებს უმცროს ვაჟ ფარამირს, უხელმძღვანელოს ოსგილიათის ციხესიმაგრის დაცვას.

მინას ტირითში პიპინი ანთებს შუქურას, რითაც ედორასი მიიღებს სიგნალს. როჰირიმები მიემართებიან დუნჰაროუსკენ, რათა გონდორის ჯარს შემოუერთდნენ. მაგრამ მათი ძალები მწირია. მოულოდნელად მოდის ელრონდი, რომელიც ეუბნება არაგორნს, რომ არუენი კვდება და მისი ბედი მხოლოდ ბეჭდის ბედს უკავშირდება. იგი გადასცემს არაგორნს გადაჭედილ ხმალ ანდურილს. ამ ხმლით არაგორნი, გიმლი და ლეგოლასი მიემართებიან მკვდართა ბილიკზე, სადაც უნდა შეხვდნენ ფიცის გამტეხთა ურიცხვ ჯარს - ერთ დროს ისილდურის წინაშე შეფიცულებს, რომლებმაც დაპირება არ შეასრულეს და სულების სახით დაეხეტებიან. მხოლოდ ისილდურის მემკვიდრეს შეუძლია მათი დათანხმება და ასეთია არაგორნი. სამეული, მკვდართა დახმარებით, აჩერებს და იპყრობს საურონის დასახმარებლად მოსულ უმბარელ მეკობრეთა ფლოტს. მეფე თეოდენი ამასობაში მიემართება საბრძოლო ველზე და არც იცის, რომ მასთან ერთად ასევე არიან გადაცმული ეოვინი და მერი.

გონდორის ალყის დროს ორკებს წინ მიუძღვებიან ანგმარის გრძნეული მეფე (მთავარი ნაზგული) და გოთმოგი. განდალფი გონდორელებს ხელმძღვანელობს. კატაპულტების დახმარებით ორკები ანგრევენ ქალაქის კედლებს. მიმდინარეობს ბრძოლა. ქალაქის კარი დანგრეულია და მასში ორკები შედიან. ამასობაში სასოწარკვეთილი დენეთორი აპირებს დაჭრილი ფარამირის (რომელიც მას მოკლული ჰგონია) და საკუთარი თავის აკლდამაში დაწვას. განდალფი ასწრებს გონს მოსული ფარამირის გადარჩენას, მაგრამ დენეთორი იღუპება.

საურონის ჯარებს უერთდებიან მუმაკებზე ამხედრებული ჰარადრიმებიც. ეომერი მათ მეთაურს კლავს. გრძნეული მეფე ამასობაში სასიკვდილოდ დაჭრის თეოდენს. ეოვინი, მერის დახმარებით, ანადგურებს ნაზგულს. ამის შემდეგ საბრძოლო ველზე ჩნდებიან არაგორნი და მისი მეგობრები, მკვდართა ურიცხვ ჯართან ერთად, რომელიც ანადგურებს საურონის ძალებს. ასე სრულდება ბრძოლა პელენორის მინდვრებზე.

განდალფი ხვდება, რომ კირით უნგოლთან და ბედისწერის მთასთან 10.000 ორკიანი ჯარი ფროდოს მოგზაურობაში ხელს შეუშლის. ბრძოლაში გადარჩენილი ყველა ადამიანი არაგორნის მეთაურობით გადაყვანილია მორდორის კარიბჭესთან. იწყება გადამწყვეტი ბრძოლა, თუმცა ბეჭდის განადგურება მოვლენებს კიდევ უფრო აჩქარებს.

ფროდო და სემი, გოლუმის მეგზურობით, მიემართებიან მინას მორგულისკენ. სემი შემთხვევით მოისმენს გოლუმისგან (რომელიც საკუთარ თავს ესაუბრება), რომ იგი აპირებს ბეჭდის მითვისებას და ჰობიტების მოკვლას. ფროდო მას არ უჯერებს. გოლუმი იყენებს ამ ფაქტს, რათა ფროდო და სემი ერთმანეთს დაუპირისპიროს.

კირით უნგოლზე გადასვლა იწყება გიგანტური კიბით. ამ დროს მორგულს ტოვებენ საურონის ჯარები ნაზგულთა მეთაურობით. სანამ ჰობიტებს სძინავთ, გოლუმი იპარავს ლემბასის უკანასკნელ ნარჩენებს და გადაყრის მათ, ხოლო რამდენიმე ნამცეცს დააყრის სემს. შემდეგ იგი დაარწმუნებს ფროდოს, რომ სემმა შეჭამა უკანასკნელი ნამცეცები. დაღლილ და გონებადაბნელებულ ფროდოს ეჩვენება, რომ სემი ბეჭდის მითვისებას აპირებს და მეგობარს მოსთხოვს, უკან დაბრუნდეს და გზას გოლუმთან ერთად განაგრძობს. თუმცა კიბის ძირამდე ჩასული გულგატეხილი სემი ამჩნევს ლემბასის ნამცეცებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება გოლუმის მზაკვრობაში.

გოლუმი ფროდოს შეიყვანს შილობის, გიგანტური ობობის ბუნაგში, სადაც ტოვებს მას, იმ იმედით, რომ შემდეგ ბეჭედს წაართმევს. ობობა ფროდოს ნესტარით აბრუებს, მაგრამ უეცრად ჩნდება სემი, რომელიც გალადრიელის ფიალით და ფროდოს ხმლით ობობას ებრძვის. იგი მას ღრმა ჭრილობით გაისტუმრებს, შემდეგ კი, ესმის რა მოახლოებულ ორკთა ხმები, თავის ბატონს ხსნის ბეჭედს. ფროდო მიჰყავთ იქვე მდებარე კოშკში.

სემი გონს მოსულ ფროდოს გადაარჩენს და ჰობიტები განაგრძობენ მოგზაურობას ბნელ ქვეყანაში. საბოლოოდ დაღლილ მოგზაურებს ბედისწერის მთასთან თავს ესხმის გოლუმი, მაგრამ ისინი მას თავს დააღწევენ. ფროდო პირველი შერბის მთის გამოქვაბულში, სადაც ბეჭედი უნდა გადააგდოს. მაგრამ მოულოდნელად იგი გადაწყვიტავს, დაიტოვოს იგი. გოლუმი, რომელიც ადვილად არ ნებდება, მივარდება მასთან და მოაჭამს ბეჭდიან თითს. ფროდო ებრძვის გოლუმს და არსება, ბეჭედთან ერთად, ვულკანის გულში ეშვება. საურონი და მისი სამეფო ნადგურდება. ფროდოსა და სემს ნანგრევებიდან გადაარჩენენ განდალფი და არწივები.

ფროდო გონს მოდის. იგი მინას ტირითშია, სადაც მოგვიანებით არაგორნის მეფობის ხანა იწყება. არაგორნი და არუენი ქორწინდებიან. ყველა ქედს იხრის ჰობიტების წინაშე, ვინაიდან სწორედ მათ ითამაშეს გადამწყვეტი როლი ბეჭდის ომში. ჰობიტები შინ ბრუნდებიან. სემი თავის შეყვარებულ როზი კოტონზე ქორწინდება. მაგრამ ფროდო, რომელიც ძველ ცხოვრებას ვერ ეგუება, ტოვებს შუახმელეთს განდალფის, ბილბოს, ელრონდის, კელებორნისა და გალადრიელის თანხლებით. სემი შაირში, ოჯახს უბრუნდება. ფილმის უკანასკნელ კადრში იგი წარმოთქვამს: „დავბრუნდი“.

როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმმა მიიღო „ოსკარის“ 11 ჯილდო. მან გაიმარჯვა ყველა კატეგორიაში, რომელშიც წარდგენილი იქნა. ფენტეზის ჟანრის ფილმების ისტორიაში ეს არის პირველი ჯილდო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. THE LORD OF THE RINGS - THE RETURN OF THE KING. British Board of Film Classification. წაკითხვის თარიღი: 6 December 2014.
  2. 2.0 2.1 The Lord of the Rings: The Return of the King (2003). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 3 February 2009.