მეტრი (ლექსთწყობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეტრი.

მეტრი ლექსთწყობაში (ბერძნ. metron - საზომი), ლექსის საზომი, ლექსის სქემა ტერფაბად მისი დაშლის თვალსაზრისით.

მეტრს სხვადასხვა გაგება აქვს: 1. მეტრულ ლექსში რიტმული სიმწყობრე, რომელსაც საფუძვლად უდევს სუსტი და ძლიერი ადგილების ნორმირებული მონაცვლეობა. 2. ლექსის საზომი, ანუ თანაზომადი ბგერითი ელემენტების ნორმირებული თანაფარდობა, როგორც სალექსო რიტმის ეტალონი. მეტრი ლექსში ნორმაა, რომელიც პირველივე სტრიქონში რიტმის ეტალონად იქცევა შემდგომში სტრიქონების რიტმისთვის, მთელი ლექსის რიტმული ბადისთვის და რომლის დაცვა ლექსითი მეტყველების აუცილებელი პირობაა; ამით განსხვავდება ლექსითი მეტყველება ჩვეულებრივი მეტყველების რიტმული ტენდენციებისაგან, რომლებიც განპირობებულია რესპირაციით, წარმოთქმის პირობებით და სხვ.

ლექსის ცნება ანტიკურ მეტრიკაში წარმოიშვა, მაგრამ ის ყველა სახის ლექსთწყობაში იხმარება, რადგან გულისხმობს საზომის ძირითად თვისებებს, რაც უცვლელია, და მეორეხარისხოვან თვისებებს (რომლებიც იცვლება), რითაც ხელს უწყობს რიტმულ სახესხვაობას. მაგ . ანტიკურ ლექსთწყობაში მეტრი აგებულია გრძელ და მოკლე მარცვალთა მონაცვლეობაზე, სილაბურ ლექსთწყობაში - მარცვალთა რაოდენობის მონაცვლეობაზე, ტონურ ლექსთწყობაში - მახვილთა მონაცვლეობაზე და ა.შ.